NGO

დეზინფორმაცია, თითქოს ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლევების ჩატარება ეკრძალებათ

24 სექტემბერი, 2019

18 სექტემბერს unipress-მა NDI- ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშრებით ტვ “მაესტროსა” და პოს ტვ-ის ყოფილ  წამყვანთან ვალერიან გორგილაძესთან ინტერვიუ, სახელწოდებთ “NDI - როგორც სოციოლოგიური მანიპულაციის ლაბორატორია” გამოაქვეყნა. ინტერვიუ იმავე დღეს  უცვლელი სახით საინფორმაციო სააგენტო პირველმა,  “კვირამ” და for.ge-მა   გაავრცელეს, ინტერვიუდან ფრაგმენტები კი Prime Time-მაც გამოაქვეყნა.  19 სექტემბერს  Prime Time-მა ვალერიან გორგილაძესთან ამავე თემაზე კიდევ ერთი ინტერვიუ გაავრცელა. გორგილაძის მიერ NDI-ის მიმართ უნდობლობის გაღვივების შემცველი კომენტარი რეზონანსის 17 სექტემბრის სტატიაშიც აისახა.

Unipress-ის მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუ ჟურნალისტის საავტორო ტექსტით NDI-ის მიმართ მკითხველს სკეპტიკურად თავშივე განაწყობს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ კამათი და უნდობლობა არ წყდება. ეს მოსაზრება რესპონდენტის ინტერვიუთია გამყარებული.

ინტერვიუში ვალეირან გორგილაძე NDI- ის  კვლევებს უნდობლობას უცხადებს და ავითარებს აზრს, რომ უცხოურ ფონდებს საქართველოში ეროვნული კვლევების ჩატარების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. მისი თქმით, საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნულ სოციოლოგიურ კვლევებს, და შესაბამისად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს უცხოური ფონდები ადგენენ. მისი თქმით, აღნიშნული კვლევები “სოციალურ  სინამდვილეს” ამახინჯებს და დეზინფორმაციას ავრცელებს. იდენტურ მოსაზრებებს ვალერიან გიორგაძე 19 სექტემბრის Prime Time-ის ინტერვიუშივ ავრცელებს.  ვალერიან გორგილაძე უცხოური ორგანიზაციებისთვის კვლევების ჩატარების უფლების აკრძალვას 2018 წელსაც ითხოვდა

ვალერიან გორგილაძე, მაესტროსა და პოს ტვ-ის ყოფილი წამყვანი: “საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს უცხოური ფონდების მიერ ეროვნული კვლევების ჩატარება და ამ კვლევების შედეგების პრეზენტირება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის ეგიდითაც არ უნდა ტარდებოდეს, საქართველო რჩება ევროპაში ერთადერთ ქვეყნად, სადაც ეროვნულ სოციოლოგიურ კვლევებს და შესაბამისად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს უცხოური ფონდები ადგენენ.”

ვალერიან გორგილაძე, მაესტროსა და პოს ტვ-ის ყოფილი წამყვანი: “ ...უცხოური ფონდები, რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს, საქართველოში პოლიტიკურ კვლევებს არ უნდა ატარებდნენ, რადგან ეს გარკვეული განწყობებისა და სოციალური ქცევის ჩამოყალიბების მცდელობაა, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია, რაც დაუშვებელია. როგორც პარტიების დაფინანსებაა დაუშვებელი უცხოური ფონდების მიერ, ასევე უნდა იყოს ეს შეზღუდული და აკრძალული.”

მტკიცება, თითქოს საქართველოს გარდა ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლევების ჩატარება ეკრძალებათ, დეზინფორმაციაა. ევროპის ქვეყნებში Gallup, Pew Research Center, NDI,  IRI და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა თემატურ კვლევებს ატარებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობა შეზღუდული მხოლოდ ავტორიტარული  და დიქტატორული რეჟიმებშია, მათ შორის რუსეთში, სადაც მათი მოქმედება საფრთხედ არის გამოცხადები და კანონმდებლობით არის შეზღუდული. 

ფაქტი N1.ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებს საზოგადოებრივი კვლევების ჩატარება არ ეკრძალებათ

რეგულაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებას უკრძალავს, არ არსებობს. კვლევებთან დაკავშირებული რეგულაციების შინაარსი მხოლოდ არჩევნების პერიოდში კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, ასევე კვლევაში მონაწილე პირების პერსონალური მონაცემების დაცულობას ეხება. ევროკავშირის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ, როგორიცაა მაგალითად, Gallup, Pew Research Center.

ფაქტი N2. საერთაშორისო ორგანიზაციები NDI და IRI ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობენ

NDI. NDI ევროპის 12 ქვეყანაში საქმიანობს. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, კოსოვო,  მაკედონია, მონტენგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი და სლოვაკეთი. თითოეულ ქვეყანაში NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევებს სხვადასხვა თემატიკაზე ატარებს და ეს საქმიანობა ამ ქვეყნებში კანონით აკრძალული არ არის. მაგალითისთვის, 2018 წლის აპრილში NDI-მ გამოაქვეყნა უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ჩატარებული გამოკთხვის შედეგები, რომელიც დემოკრატიისა და პოლიტიკის მიმართ ახალგაზრდების განწყობებს ეხებოდა.

 

"

IRI. ამჟამად, IRI პროგრამებს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ალბანეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში ახორციელებს. ევროპაში ორგანიზაციის საქმიანობა გულისხმობს გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნების მხარდაჭერას და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემების ხელშეწყობას მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით. 

ფაქტი N3. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობა შეზღუდული მხოლოდ ავტორიტარული  და დიქტატორული რეჟიმებშია.

რუსეთის გამოცდილება

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის გამოცდილება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ნაცვლად, დახურული ტიპის საზოგადოებაზეა ორიენტირებული, სახეზეა რუსეთში.

ა) რუსეთში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედება კანონმდებლობით არის შეზღუდული

2012 წლის ნოემბერში, რუსეთში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან, "უცხოური აგენტის" (Foreign agent) სპეციალური სტატუსი მიენიჭათ. ამგვარი სტატუსის მქონე ორგანიზაცია ვალდებულია, მოამზადოს პერიოდული ანგარიში იუსტიციის სამინისტროსა და ფედერალურ საგადასახადო სამსახურში წარსადგენად.იმ შემთხვევაში, თუ "უცხოურ აგენტად" კლასიფიცირებული რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შეიძლება დახურვას დაექვემდებაროს.

2015 წლის მაისში მიღებული ახალი კანონის თანახმად, რუსეთში მოღვაწე "არასასრურველ" ორგანიზაციებს ეკრძალებათ საქმიანობის განხორციელება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, რუსეთის პროკურატურას უფლება ეძლევა მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეაჩეროს. 

ბ) რუსეთში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები საფრთხედ არის გამოცხადებული

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთის 2016 წლის უსაფრთხოების კონცეფციაში საფრთხედ არიან მიჩნეულნი. დოკუმენტის მიხედვით, მათი ქმედება მიმართულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ქვეყნის შიდაპოლიტიკური და სოციალური დესტაბილიზაციისკენ, რაც გულისხმობს ასევე "ფერადი რევოლუციების" ინსპირაციას და რუსეთის ტრადიციული სულიერი ღირებულებების წინააღმდეგ ქმედებას”.

წყაროს შესახებ

2012 წელს საქართველოს მთავრობამ ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი შექმნა და მის ხელმძღვანელად ვალერიან გორგილაძე დაინიშნა, რომელიც 2013 წლის მარტში კოკა ყანდიაშვილმა ჩაანაცვლა.

ტაბულას თანახმად, ვალერიან გორგილაძე 2004 წლიდან რუსულ პოლიტტქენოლოგიურ კომპანია ნიკოლო მ-ში მუშაობდა.  პარალელურად ის ანალიტიკურ ჯგუფ Terra Media-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ძირითადად ქართულ ბაზარზე მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს უწევდა კონსულტაციას.

ვალერიან გორგილაძე იყო მაესტოს ანალიტიკოსი. 2018 წელს ის პოს ტვ-ის გადაცემების მომზადებაში მონაწილეობდა პოს ტვ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ინტერნეტ ტელევიზიაა.

იხილეთ საერთაშორიო ორგანიზაციების მიერ კვლევების ჩატარების შესახებ  მითების დექექტორის მიერ ადრე გამოქვეყნებული მასალები:

  •  დეზინფორმაცია, თითქოს ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლევების ჩატარება ეკრძალებათ
  •  ინფორმაცია, თითქოს პოლონეთში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსება აკრძალულია, მცდარია
  •  დეზინფორმაცია პოლონეთსა და ისრაელში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვის შესახებ
  •  ელიზბარ ჯაველიძე პუტინის ავტორიტარულ მეთოდებს განადიდებს