6 ნოემბერს ონლაინ გამოცემა mega-news.us-მა, ხოლო 9 ნოემბერს tbilisipress.com-მა გაავრცელეს იდენტური შინაარსის ინფორმაცია, იდენტური სათაურით “ჩინეთში ქართველი გოგონა მოკლეს?” ორივე გამოცემის მასალას თან ახლავს იდენტური ფოტო, რომელზეც ავტორთა მტკიცებით, დაზარალებული ქართველი ქალია გამოსახული. აღნიშნული მასალა ფეისბუკის სპამ ჯგუფებშიც ფართოდ ვრცელდება.
სტატიაზე თანდართული ფოტო 2014 წელს ჩინეთის მოქალაქის მიერ მისი ჩინელი პარტნიორის მკვლელობის მცდელობას ასახავს და არა საქართველოს მოქალაქის.
რეალური ფაქტები
1. ფოტოზე ჩინეთის მოქალაქე გამოსახული
საძიებო სისტემებში ფოტოს გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ ფოტოზე ჩინეთის მოქალაქეა გამოსახული, რომლის მკვლელობაც მისმა პარტნიორმა არასასურველი ორსულობის გამო სცადა. Central European News (CEN)-ზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია იდენტური ფოტოთი ისეთმა გამოცემებმა გაავრცელეს, როგორიცაა Mirror, Dailymail, Huffington.
2. ბრიტანულ გამოცემებში სტატიები 2014 წლის 27 აპრილით თარიღდება
ჩინეთში პარტნიორის მიერ ორსული ქალის მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში 2014 წლის 27 აპრილს გაშუქდა. ქართულმა ვებ-გვერდებმა კი ამბავი სამი წლის დაგვიანებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, ამბავთან შეუსაბამო სათაურით გაავრცელეს, თითქოს ფოტოზე ჩინეთში მოკლული ქართველი გოგონა იყო ასახული.
3. არცერთი უცხოური მედია ქართველი გოგონას შესახებ არ საუბრობს
ინფორმაციის პირველწყარო, ანუ Central European News ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ვებ-გვერდებით ოპერირებს, რომელთა საძიებო სისტემებში აღნიშნული ინფორმაცია არ იძებნება. CEN-ი ხშირად წერს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი უცნაური ამბების შესახებ, რომელთა პირველწყაროსთან გადამოწმება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ პორტალმა Buzfeed, CEN-ი მყვირალა და გადაუმოწმებელი მოვლენების გაშუქებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ CEN-ის გავლით, დასავლურ მედიაში გადაუმოწმებელი ინფორმაციები ვირუსულად ვრცელდება.
ყალბი ამბავის გავრცელების სქემა:
- თავდაპირველად ამბავი შეცდომაში შემყვანი სათაურითა და ფოტომანიპულაციით ვებ-გვერდებმა tbilisipress.com და mega-news.us გამოაქვეყნეს;
- ამის შემდგომ, ინფორმაცია ფეისბუკის სპამ ჯგუფებში გავრცელდა, რომლებშიც ათასობით მომხმარებელია გაწევრიანებული;
- ამ ჯგუფებში აღნიშნულ ინფორმაციას ქსენოფობიური კომენტარები და შეფასებები მოჰყვა.
მანიპულაციის ქართულენოვანი წყაროები
მანიპულაციური სათაურით ამბავი ქართულ-ენოვანმა ვებ-გვერდებმა tbilisipress.com და mega-news.usგამოაქვეყნეს. მათ ვებ-გვერდებზე გადასვლისას ირთვება რეკლამები, რომლებზეც დაკლიკვის გარეშე ინფორმაციასთან წვდომა ვერ გექნებათ.
აღნიშნული პორტალები ისეთ ვებ-გვერდებს მიეკუთვნება, რომელთა შემოსავალი განთავსებული ინფორმაციის ნახვების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ანუ ისინი clickbait საიტებია. ასეთი ტიპის ონლაინ მედიისთვის დაკლიკვის რაოდენობიდან გამომუშავებული თანხა მთავარი შემოსავალია. სწორედ ამიტომ, მნახველთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ისინი მომხარებლებზე ემოციური ზეგავლენის მოხდენის გზით, საშიშ, პოპულისტურ ან გულდასაწყვეტ ინფორმაციებს მყვირალა სათაურებით აქვეყნებენ.