ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ავრცელებენ თუ არა კატები კორონავირუსს?

8 აპრილი, 2020

4 აპრილს, Newposts-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „კატებში კორონავირუსი გამოვლინდა – მეცნიერების დასკვნით, ცხოველებს Covid-19-ის გავრცელების უნარი გააჩნიათ“. სტატიის დასაწყისშივე ნათქვამია, რომ COVID-19 შეიძლება კატებიდან გავრცელდეს და რომ ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, უჰანში მცხოვრები უსახლკარო კატების 15%–ს  კორონავირუსი დაუდგინა. კორონავირუსის მიმართ კატების მგრძნობელობაზე ინფორმაციის წყაროდ The Guardian–ია დასახელებული.

"

ყალბია ინფორმაცია, თითქოს ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, უჰანში მცხოვრები უსახლკარო კატების 15%–ს კორონავირუსი დაუდგინა. 1. ახალი კვლევის მიზნებისათვის 18 მოშინაურებული კატა გამოიკვლიეს. 2. მაღალი რისკის პირობებში მხოლოდ ერთი კატა დაინფიცირდა. 3. ახალი კვლევის სანდოობას ექსპერტები უკვე ეჭქვეშ აყენებენ. 4. სტატიის მანიპულაციური სათაური მკითხველს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ კატებთან და ზოგადად, ცხოველებთან კონტაქტმა შეიძლება კორონავირუსით დაგვაინფიციროს.  მსგავსი ტიპის მასალების გარცელება მოსახლეობაში პანიკისა და შიშის დათესვას ემსახურება. 

1. კვლევაში არა 102, არამედ 18 შინაური კატა გამოიყენეს

30 მარტს ვებ-გვერდზე biorxiv.org გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანი ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ შინაური ცხოველების მგრძნობელობის დადგენა იყო. დოკუმენტის მე-18 გვერდზე მითითებულია, რომ კვლევის მიზნებისათვის გამოყენებულია ეროვნული ვეტერინარული ბიოლოგიის ეროვნული საინჟინრო კვლევითი ცენტრიდან მოპოვებული 18 კატა. შესაბამისად, კვლევისათვის გამოიყენეს 18 და არა 102 კატა და არც არც ერთი მათგანი არ იყო უსახლკარო, როგორც ეს Newposts-ის სტატიაშია მითითებული.

2. კორონავირუსი მხოლოდ 1 კატას გამოუვლინდა

მკვლევარებმა ვირუსი ხელოვნურად შეუყვანეს 5 მოზრდილ კატას, რომელთაგან 2  სხვა კატებისაგან იზოლირებულად გამოიკვლიეს, ხოლო 3 ინფიცირებული კატა გალიებში 3 ჯანმრთელი კატის გვერდით იმისათვის მოათავსეს, რომ დაედგინათ, დაავადებოდნენ თუ არა ჯანმრთელი კატები. შედეგად, 3 ჯანმრთელი კატიდან ვირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა და არა 15-ს, როგორც ამას Newposts ამტკიცებს. 

3. კვლევა ჯერ გადამოწმებული არ არის და უკვე ეჭვებს იწვევს

კვლევის ვალიდურობას ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ. ნეშვილის ვანდერბილდტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი უილიამ შაფნერი კვლევის სცენარს არარეალისტურს უწოდებს, რადგან კატებს ვირუსის ზედმეტად დიდი დოზა შეუყვანეს და წარმოუდგენელია, იგივე სცენარი რეალურ ცხოვრებაში განვითარდეს. ამასთან, მკვლევარებმა 3-დან მხოლოდ 1 დაინფიცირებული კატის საფუძველზე დაასკვნეს, რომ მათ ერთმანეთისათვის ვირუსის გადაცემა შეუძლიათ. 

4. არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადადის

'

Newposts–ის მიერ წყაროდ მოყვანილი The Guardian-ის  სტატიის სათაური ნათლად გვეუბნება, რომ „ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, კატებს შეუძლიათ დააინფიცირონ ერთმანეთი კორონავირუსით.“ სტატიის თანახმად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კატებისგან შეიძლება კორონავირუსი ადამიანებზე ან სხვა ცხოველებზე გავრცელდეს. ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (The World Organisation for Animal Health (OIE)) და აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) პასუხები, კითხვაზე: 

შეუძლიათ თუ არა ცხოველებს კორონავირუსის გავრცელება?

"

COVID-19– ის გადაცემის უმთავრესი გზა არის ადამიანიდან ადამიანზე. ვარაუდობენ, რომ COVID-19 ვირუსი წარმოიშვა ცხოველური წყაროდან. მიმდინარეობს გამოძიება, რომ დადგინდეს ეს წყარო (მათ შორის სახეობებიც). თუმცა, დღემდე არ არსებობს საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება წყაროების იდენტიფიცირებისა და ცხოველური წყაროდან ადამიანზე გადაცემის გზის ასახსნელად.

|

COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება სასუნთქი წვეთებით, ხველებისას, დაცემინებისა და საუბრისას. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაინფიცირებული ადამიანებს შეიძლება არ ჰქონდეთ სიმპტომები და დიდი როლი ითამაშონ COVID-19– ის გავრცელებაში. ამ დროისთვის, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ცხოველებს, მათ შორის შინაურ ცხოველებსაც, შეუძლიათ COVID-19 გავრცელება ადამიანებზე, ან რომ ისინი შესაძლოა ინფიცირების წყარო აღმოჩნდნენ შეერთებულ შტატებში.

მითების დეტექტორთან საუბარში საქართველოს ვეტერინართა ასოციაციის დირექტორმა მარიამ ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს COVID–19 ცხოველებიდან შეიძლება გავრცელდეს, დიდი სიცრუეა და ამის არანაირი მტკიცებულება დღეს არ არსებობს. საქართველოს ვეტერინართა ასოციაციის დირექტორი მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციას, დაიცვან ჰიგიენის ნორმები: შინაური ცხოველის გასეირნებისას დისტანცია სხვა ადამიანებთან, ხოლო, სახლში დაბრუნებისას კიდურები და ტანი შეიძლება დამუშავდეს ქლორჰექსიდინიანი ნაჭრით. 


მოამზადა ნათია მახარაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია