ევროკავშირი

3 ტყუილი უვიზო მიმოსვლის შესახებ

14 ნოემბერი, 2017

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ სპეკულაციები კვლავ გრძელდება. თუ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე სხვადასხვა ჯგუფები ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმს თესავდნენ და ამბობდნენ, რომ სავიზო რეჟიმი არ გაუქმდებოდა, ამჯერად ეს ძალები სპეკულაციებს უვიზო რეჟიმის შესახებ ავრცელებენ.

მაგალითად, 2017 წლის 24 ოქტომბერს რუსულმა გამოცემა “კომერსანტმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ევროპა განიხილავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის აღდგენას: ევროკავშირში შემსვლელებმა წინასწარი ავტორიზაცია უნდა გაიარონ.” სტატიაში აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა, საქართველოდან ემიგრანტთა ნაკადით არის გამოწვეული. აქვე მოცემულია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ინტერვიუ, რომელიც აღნიშნავს, რომ ელექტორნული ავტორიზაცია სწორედ ვიზების აღდგენას გულისხმობს.

რუსულ კომერსანტთან სოსო ცინცაძის ინტერვიუ ქართულმა მედია გამოცემამ“ნიუსპრესი” გამოაქვეყნა. კომენრსანტის მსგავსად, ნიუსპრესის 25 ოქტომბრის სტატიაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი ცვლილებების შემოტანას მხოლოდ საქართველოს მიმართ აპირებს. 2017 წლის 2 ნოემბერს კი სოსო ცინცაძემ ინტერვიუ გაზეთ “რეზონანსს” მისცა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ შენგენის ზონაში ყოველი 10 წასულიდან, 7-8 ადამიანს დარჩენა სურდა.


სოსო ცინცაძე: " ბრიუსელი თვლის, რომ საქართველოსთვის ზედმეტად ფართოდ გააღო კარი და დამატებითი ბარიერით, ცოტა უნდა მიხუროს ...ვიზალიბერალიზაციას არავინ შეგვიჩერებს და მით უმეტეს, არ გაგვიუქმებს, მაგრამ სხვადასხვა საბაბით, ხელოვნური არგუმენტებით შესაძლოა, დამატებითი ბარიერები ისევ აღიმართოს. შესაძლოა, ბრიუსელი გარკვეული ეჭვით ხელმძღვანელობდა, რომ საქართველო არც ერაყია და არც ებრაელები არიან, შესაბამისად, იქიდან სამსახურს საშოვნელად და საცხოვრებლად ბევრი არ დარჩებოდა. თუმცა, ჩვენ ხო ვიცოდით, რომ ყოველი 10 წასულიდან 7-8 იმედოვნებდა, რომ ჩუმად დარჩებოდა. ეს ასეც მოხდა, ამასთან, აღნიშნული ციფრები არის ის, რაც გამოვლინდა, ხოლო რაც ჯერ არ გამოჩენილა, ეს კიდევ სხვა მონაცემი იქნება".

რუსული და ქართული მედიების მიერ გამოქვეყნებული სტატიები, ასევე სოსო ცინცაძის მიერ მოყვანილი სტატისტიკები ევროკავშირში დარჩენილი ქართველების შესახებ მანიპულაციურია და ოფიციალურ მონაცემებს არ ასახავს.

ტყუილი N1: უვიზო   მიმოსვლის შედეგად დარღვევათა სტატისტიკა საგანგაშოა
რეალუფირ ფაქტი: ევროკავშირის ქვეყნებში წასული ყოველი 16 ადამიანიდან საქართველოში მხოლოდ 1 არ დაბრუნდა უკან

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს 160 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგლება. შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 400-მდე მოქალაქეს ეთქვა. 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდა 10 000–მდე მოქალაქე. ამ რიცხვში შედიან ისინიც, ვისაც:

  1. ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების უფლება (ე.წ. residence permit) ან ორმაგი მოქალაქეობა აქვთ;
  2. ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლის შემდეგ მოიპოვეს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ხნით დარჩენის უფლება (მაგ. სტუდენტები, თავშესაფრის მაძიებლები);
  3. ევროკავშირის ქვეყნებიდან გადავიდნენ მესამე ქვეყანაში (მაგ. უკრაინაში, ბელორუსში) და საქართველოში არ დაბრუნებულან ამ ქვეყნებიდან.

სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ყოველი 16 წასულიდან მხოლოდ 1 მოქალაქე არ დაბრუნებულა, რაც ასევე სამთავრობო უწყებების შეფასებით, სტაბილური მაჩვენებელია და შფოთვის საბაბს არ იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ ემუქრება.

ტყუილი N2:  ელექტრონული     ავტორიზაცია  ვიზების აღდგენას გულისხმობს
რეალური ფაქტი:  ელექტრონული ავტორიზაცია ვიზა არ არის და მისი მიზანი მგზავრობის გაგრძელებაზე უარის თქმის რაოდენობის შემცირებაა.

ცვლილება, რომელზეც პირველად საუბარი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო,  უვიზო რეჟიმის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიერ ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ETIAS) სამგზავრო ნებართვის წინასწარ მიღებას გულისხმობს.

ევროკომისია განმარტავს, რომ ETIAS-ის ავტორიზაცია არ არის ვიზა და მისი მიზანი როგორც არარეგულირებადი მიგრაციის რისკების შემცირება, ასევე სასაზღვრო კონტროლთან ბიუროკრატიის თავიდან აცილება და მესაზღვრეების მიერ შენგენის ზონაში მგზავრობის გაგრძელებაზე უარის თქმის რაოდენობის შემცირებაა. ევროკომისიის განმარტებით, ავტორიზაციის მოთხოვნათა 95% დადებითად გადაწყდება, პროცედურა კი მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ამასთან, ავტორიზაციის მოქმედების ვადა 5 წელი იქნება.

ტყუილი N3: ავტორიზაცია მხოლოდ საქართველოს ეხება.
რეალური ფაქტი: ავტორიზაცია 2020 წლიდან ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახდება სავალდებულო, ვინც უვიზო რეჟიმით სარგებლობს.

ელექტრონულ სისტემით (ETIAS) ისარგებლებს ყველა ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება აქვთ. ასეთი ქვეყნების რიცხვი 60-ია და მათ შორის შედის: აშშ, კანადა, ვატიკანი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ავსტრალია, ისრაელი.
"

შესაბამისად, განცხადებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმს უუქმებს, მანიპულაციურია.
 


მოამზადა გვანცა დევიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია