სხვადასხვა

18+: Foxnews.ge-ს ვიდეომანიპულაცია სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ

18 მაისი, 2017

2017 წლის 14 მაისს Foxnews.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ თურქეთი სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობდა. სტატიაში წარმოდგენილი იყო ფოტოები, რომლებიც "მითების დეტექტორმა” გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თურქეთის ნაცვლად დამასკოს, ინდონეზიას და აფხაზეთის კადრებს ასახავდა. 14 მაისს გამოქვეყნებულ მასალას თან ერთვოდა ვიდეო მასალა, რომელიც Youtube-მა დაბლოკა. ძველი ვიდეოს ნაცვლად, 15 მაისს foxnews.ge-მ მასალას ახალი ვიდეო დაურთო სათაურით "ორგანოების ვაჭრობის მიზნით ბავშვებს კლავენ”. 

ვიდეოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მასში 5 მანიპულაციური ფოტოა გამოყენებული, რომელიც თურქეთის ნაცვლად მალაიზიაში მომხდარ ინციდენტს, დამასკოს გარეუბანში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას, კორეაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას და სხვა არარელევანტურ კადრებს ასახავს.

ფოტო N1

ვიდეოში გამოყენებული პირველი ფოტო ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში 2016 წლის ნოემბერში გავრცელდა. ისტორია უკავშირდებოდა ტაილანდელ მამაკაცს, რომელიც ორგანოების გადანერგვის მიზნით, მანქანით ორი გარდაცვლილი ბავშვის გვამის მალაიზიაში გადატანას ცდილობდა. მალაიზიის პოლიციამ ოფიციალურად უარყო ეს ისტორია და მოსახლეობას ყალბი ფოტოების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ფოტო N2 

ვიდეოკოლაჟის მეორე ფოტოზე არა თურქეთი და ორგანოებით ვაჭრობა, არამედ 2013 წელს დამასკოს გარეუბანში მომხდარი ქიმიური თავდასხმის მსხვერპლია ასახული. 

"

ფოტო N3 

მესამე ფოტო, რომელიც ვიდეოშია გამოყენებული პირველად ონლაინ სივრცეში 2008 წლის აპრილში გავრცელდა, შესაბამისად მას სირიაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი ვერ ექნება, რადგან სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წელს დაიწყო. სხვადასხვა უცხოური მედია ამ ფოტოს ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების ან ე.წ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიის მოქალაქეების წამების აღსაწერად იყენებს.

ფოტო N4 

მეოთხე ფოტო სამხრეთ კორეაში, სამსუნგის სამედიცინო ცენტრშია გადაღებული და ქირურგების მიერ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ასახავს. ფოტო ლიცენზირებული ფოტოების ონლაინ პლატფორმაზე Getty Images არის ხელმისაწვდომი. 

ფოტო N5

მეხუთე ფოტოზე, სავარაუდოდ, ოპერაციის ჩატარების შემდეგ ექიმის ხელებია გამოსახული. ეს კადრი კონკრეტულს არაფერს ამბობს სირიელი ბავშვების ორგანოების ვაჭრობის შესახებ, რადგან კონკრეტულ ფაქტებს არ ასახავს და ნებისმიერ მოვლენას შეიძლება უკავშირდებოდეს. 

წყაროს შესახებ:

მანიპულაციური ფოტოების ვიდეოკოლაჟი იუთუბზე 2017 წლის 3 იანვარს მომხმარებლის Trendy updates -ის მიერ არის ატვირთული. Trendy updates-ის იუთუბ გვერდზე სულ 4 ჩანაწერი იძებნება, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის თემატიკას უკავშირდება.

 

სოფო გელავა, მითების დეტექტორის მკვლევარი
რაფიელ
 კაკაბაძე, მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტი