სხვადასხვა

ფეისბუქმა დეზინფორმაციის განმეორებით გამზიარებელთა წინააღმდეგ ახალი მექანიზმი აამოქმედა

27 მაისი, 2021

26 მაისს ფეისბუქმა დეზინფორმაციული შინაარსის შესახებ საკუთარი პლატფორმის მომხმარებლების ინფორმირებისთვის ახალი მექანიზმები აამოქმედა. იქნება ეს ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია COVID-19-ისა და ვაქცინების, კლიმატის ცვლილებების, არჩევნების თუ სხვა თემების შესახებ, ფეისბუქი ამიერიდან მეტად ეცდება, რომ მსგავსი დეზინფორმაცია მათ აპლიკაციაში შედარებით ნაკლებმა მომხმარებელმა ნახოს.

მეტი ინფორმაცია იმ გვერდების შესახებ, რომლებიც არაერთგზის აზიარებენ მცდარ ინფორმაციას

ფეისბუქს განზრახული აქვს, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს იმ გვერდების შესახებ, რომელთა მიერ გავრცელებული ცნობები არაერთხელ არის შეფასებული და მონიშნული ფაქტების გადამმოწმებლების მიერ. ამრიგად, თუ მომხმარებელი ასეთი ტიპის ფეისბუქ გვერდს ეწვევა, მის ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც გააფრთხილებს მას და მიაწვდის მეტ ინფორმაციას აღნიშნული გვერდის შესახებ. ასევე, მომხმარებელს საშუალება ექნება, გაეცნოს, თუ რა სახის ცრუ ინფორმაციას აზიარებდა ეს გვერდი და შეიტყოს მეტი ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ. ეს დაეხმარება ხალხს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, სურთ თუ არა გამოიწერონ აღნიშნული გვერდი.

1

გაფართოებული შეზღუდვები ინდივიდუალური მომხმარებლების მიმართ

მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა 2016 წელს საკუთარ პლატფორმაზე ფაქტების გადამოწმების პროგრამა აამოქმედა, აღნიშნული პროგრამის ფოკუსს მეტწილად ვირუსული დეზინფორმაციის შემცირება წარმოადგენდა, რის შედეგადაც ფეისბუქმა მკაცრი ზომები მიიღო გვერდების, ჯგუფების, ინსტაგრამ ანგარიშებისა და ცალკეული ვებ-გვერდების მიერ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, თუმცა ახლა ფეისბუქმა ზემოაღნიშნულს ინდივიდუალური ანგარიშებიც დაუმატა. ახალი მექანიზმის შედეგად, ფეისბუქი იმ ინდივიდუალური ანგარიშების ყველა პოსტის გავრცელებას შეასუსტებს საკუთარ პლატფორმაზე, რომლებიც არაერთხელ აზიარებენ ფაქტების გადამმოწმებლების მიერ შეფასებულ ცრუ ინფორმაციას. აქამდე ფეისბუქი ინდივიდუალური მომხმარებლების მხოლოდ იმ კონკრეტული პოსტების გავრცელებას ზღუდავდა, რომლებიც შეფასებული იყო, როგორც მცდარი ინფორმაცია.

განახლებული შეტყობინებები მცდარი შინაარსის გაზიარების დროს

ფეისბუქი ცრუ ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში მომხმარებლებს შეტყობინებებს უგზავნიდა, როცა აღნიშნული ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებლების მიერ პლატფორმაზე მცდარად ინიშნებოდა. ახალი მექანიზმის შედეგად, ფეისბუქის შეტყობინებაში გადამოწმებული სტატია და მცდარი მტკიცების უარყოფაც იქნება მოცემული და მომხმარებლებს მისი გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, შეტყობინება მომხმარებლებს გააფრთხილებს და აცნობებს, რომ იმ მომხმარებლების პოსტებს, ვინც ცრუ ინფორმაციას არაერთგზის აზიარებს, ფეისბუქზე გავრცელება შეუმცირდება.

2

2020 წლის სექტემბრიდან ფეისბუკის ფაქტების გადამოწმების პროგრამა საქართველოშიც ამოქმედდა და მისი ადგილობრივი პარტნიორები მედიის განვითარების ფონდის “მითების დეტექტორი” და საქართველოს რეფორმების ასოციაციის პლატფორმა Fact Check Georgia არიან.