სხვადასხვა

ინფორმაცია, თითქოს “სიმპსონებმა” ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი იწინასწარმეტყველეს, ტყუილია

5 ივნისი, 2020

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მულტიპლიკაციური სერიალის “სიმპსონების” ანიმაციური ფოტო, რომელიც 25 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლულ აფრო-ამერიკელ ჯორჯ ფლოიდს და ამ მიზეზით გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ფოტოზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, “სიმპსონებმა” აღნიშნული მოვლენები 1990-იან წლებში იწინასწარმეტყველეს.

ანიმაციური ფოტო ქართულმა ანტილიბერალურმა გვერდმა “კარდჰუმაც” გაავრცელა აღწერით “ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის "წინასწარმეტყველება" მულტფილმში "სიმპსონები" ვითომ წინასწარ დადგმული სცენარია?” თუმცა მოგვიანებით გვერდმა პოსტი წაშალა.

'

ტვიტერზე და ინსტაგრამზე უცხოური ანგარიშების მიერ გავრცელებული ფოტო snopes-მა გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მსგავსი კადრები ანიმაციურ სერიალ “სიმპსონებში” არ გასულა.

ფოტოზე პოლიციის ოფიცერი შავკანიან მამაკაცს კისერზე მუხლს აჭერს, ხოლო სერიალის პერსონაჟი ლიზა სიმპსონი აღნიშნულ ინციდენტს აპროტესტებს პლაკატით, რომელზეც აწერია “სამართლიანობა ჯორჯისთვის”. ფოტო ინსტაგრამის მომხმარებელმა Yuri Pomo-მ შექმნა და 30 მაისს თავის გვერდზე განათავსა, თუმცა მისი მიზანი დეზინფორმაციის გავრცელება არ ყოფილა. იგი ფოტოს აღწერაში უთითებს, რომ ნახატი მისი შექმნილია.

აღნიშნული ფოტო “სიმპსონებიდან” ამოჭრილ სხვა კადრებთან ერთად კოლაჟის სახით სოციალურ ქსელებში ყალბი კონტექსტით გავრცელდა. ცეცხლმოკიდებული პოლიციის შენობა, რომელიც სურათზე ჩანს, ნამდვილად “სიმპსონებს” ეკუთვნის, თუმცა ის არანაირ კავშირში არაა საპროტესტო აქციებთან, ჯორჯ ფლოიდთან ან პოლიციის ძალადობასთან. აღნიშნული სცენა სერიალში ნაჩვენებია პოლიციის არაკომპეტენტურობაზე ხუმრობის კონტექსტში.

Alright smart guy where's the fire? from r/TheSimpsons