EFCSN-ის სტანდარტების კოდექსი

“მითების დეტექტორი” “ევროპული ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელის” (EFCSN) წევრი 2023 წლის ივნისიდან გახდა და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს EFCSN-ის სტანდარტების კოდექსით.

შესავალი

ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციების ევროპული სტანდარტების კოდექსი წარმოადგენს კრიტერიუმების კრებულს, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გადამმოწმებელი ორგანიზაციების მხრიდან მეთოდოლოგიის, ეთიკის და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტების დაცულობას. აღნიშნულ კოდექსში წარმოდგენილ პროფესიულ
სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეუძლიათ გახდნენ ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელის წევრები.

ევროპული სტანდარტების კოდექსი და ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელი ღიაა ფაქტების შემოწმების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საკუთარ საქმიანობას წარმართავენ მტკიცებულებაზე დაფუძნებელი მეთოდოლოგიით და ამ გზით ახორციელებენ საჯარო სივრცეში გაჟღერებული მტკიცებების სიზუსტის შემოწმებას. განაცხადის შესატანად, ორგანიზაციის საქმიანობის უმთავრეს და მკაფიოდ გამოხატულ დაინტერესების მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, კოსოვო ან ბელარუსი.

ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელის წევრობა ხაზს უსვამს ორგანიზაციის მხრიდან ეთიკურობის და გამჭვირვალობის ნორმების დაცვით, სუბიექტურობისა და მიკერძოების გარეშე, ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მტკიცე ვალდებულებას. ქსელის წევრი ორგანიზაციები ყურადღებას უთმობენ საჯარო ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებს და გააჩნიათ მაღალპროფესიონალური საქმიანობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების დადასტურებული გამოცდილება.

კოდექსის საფუძვლები

ევროპული სტანდარტების კოდექსი შემუშავდა რეგიონში ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს შორის ძირითად სტანდარტებთან და საუკეთესო გამოცდილებასთან დაკავშირებით გამართულ დიალოგზე დაყრდნობით. აღნიშნულ პროცესს სათავეში ედგა 40-ზე მეტი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციისგან შემდგარი გაფართოებული ჯგუფი (იხ. დანართი 1). ჯგუფის წევრების შეხედულებების და მოსაზრებების შეკრება კოდექსის შინაარსის შესახებ განხორციელდა ღია კონსულტაციების მეშვეობით, რომლის საფუძველზეც გაფართოვებული ჯგუფის მიერ პროცესის ორგანიზების უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბებული სამუშაო კომიტეტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა კოდექსის თავდაპირველი პროექტი (იხ. დანართი 2). კოდექსის პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ, გაფართოვებული ჯგუფის წევრებმა 2022 წლის ზაფხულში კენჭი უყარეს და კვალიფიციური უმრავლესობით (3/4) დაამტკიცეს ევროპული სტანდარტების კოდექსი.

კოდექსის შემუშავების პროცესში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მკვლევარებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა, მედია ასოციაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, სოციალური მედიის პლატფორმებმა და ღია კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულმა სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

კოდექსი სრულად ხელმისაწვდომია აქ

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist