2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი – რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

325
VIEWS

2024 წლის 14 ივნისს გერმანიაში დაიწყო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ეს შეჯიბრი ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოახერხა მსგავსი დონის ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასვლა, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზა და პორტუგალიის ნაკრების ისტორიული დამარცხების შემდეგ მერვედფინალშიც გავიდა.  

საფეხბურთო სამყაროში ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებული ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. მრავალი გულშემატკივარი, მათ შორის, საქართველოშიც, სოციალურ ქსელში ეცნობა ახალ ამბებს შეჯიბრის შესახებ, გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს, ფეხბურთელების კომენტარებსა და სხვა ამბებს. ასეთ დროს, როდესაც საზოგადოების ინტერესი მაღალია, ხოლო ინფორმაციის მეტად ფართო აუდიტორიებამდე მიტანა მარტივდება, დეზინფორმაციის გავრცელება და შეცდომაში შემყვანი მტკიცებები ხშირდება. გამონაკლისი არც ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი აღმოჩნდა – “მითების დეტექტორმა” არაერთი შეცდომაში შემყვანი და დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გადაამოწმა. მათი უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ეხება.    

გთავაზობთ 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მოკლე შეჯამებას:

სკანდირებდნენ თუ არა პუტინის გვარს რუმინელები და გადმოფინეს თუ არა ოკუპირებული დონეცკის დროშა EURO 2024-ის მატჩზე?

17 ივნისს ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანი მომხმარებლები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იმავე დღეს უკრაინასა და რუმინეთს შორის გამართული მატჩის დროს, რუმინელმა გულშემატკივრებმა სტადიონზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა გამოფინეს და ვლადიმირ პუტინის გვარს სკანდირებდნენ. როგორც გადამოწმებისას დადგინდა, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა ყალბია და პროგრამულადაა დამუშავებული. ზემოაღნიშნული დროშა ფოტოზე ასახულ დროსა და ადგილას მოედანზე საერთოდ არ ფიქსირდება, გულშემატკივრის ვიდეოზე კი “პუტინის” სკანდირების ხმა ხელოვნურადაა დადებული, რაც ადგილზე მყოფმა ქომაგმა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Open-ს დაუდასტურა. 

Screenshot 2024 06 27 at 1.32.08 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

რას ნიშნავს ჟესტი, რომლითაც მიქაუტაძე გოლს აღნიშნავს?

18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ გოლის გატანა მოახერხა და ეს ტრაციულად აღნიშნა – ცერა და საჩვენებელი თითებით წრე გააკეთა და თვალებთან მიიდო. მომდევნო დღეებში არაერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა აღნიშნული ფოტო გამოაქვეყნა და ფეხბურთელი “სატანის თაყვანისცემაში” დაადანაშაულა. კონკრეტულად, მათი მტკიცებით, ეს ნიშანი გამოხატავს რიცხვ 666-ს და მასონური სიმბოლიკის ნაწილია. სინამდვილეში, ამ აღნიშვნას საერთო არაფერი აქვს ანტიქრისტესთან, ის არაერთი სპორტსმენის მიერ გამოიყენება და მოიხსენიება, როგორც “სათვალის აღნიშვნა” (Goggles celebration), რადგან ეს სწორედ სათვალის ფორმას ჰგავს. სხვადასხვა სპორტსმენი ამ აღნიშვნას განსხვავებული მიზეზით იყენებს – მაგალითად, ბევრი მათგანი გოლს უძღვნის ოჯახის წევრს, რომლებიც სათვალეს ატარებენ. ამასთანავე, “მითების დეტექტორს” სპორტული გვერდის, Geo-team-ის ადმინისტრატორმა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებთან ხშირად წერს ხოლმე ინტერვიუებს, განუმარტა, რომ მიქაუტაძის აღნიშნვა კავშირში არ არის მასონურ ან სატანისტურ სიმბოლიკასთან და ის “მე შენ გიყურებ/თვალს გადევნებ” (I’m watching you) დატვირთვას ატარებს.

Screenshot 2024 06 27 at 1.33.45 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

თქვა თუ არა გიორგი მამარდაშვილმა, რომ ნაკრებმა ქართველი გულშემატკივარი შეარცხვინა?

20 ივნისს ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა: “მე ის კი არ მწყინს რომ წავაგეთ, მწყინს რომ, ხალხს ფეხბურთი რომ ეყურებინათ, მთლიანი ხელფასი და პურის ფული დახარჯეს, ჩვენ კი შევარცხვინეთ”.  სინამდვილეში, ფეხბურთელს მსგავსი რამ არ უთქვამს და არც სოციალურ მედიაში დაუწერია. ციტატა არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. ინფორმაციის სიყალბე “მითების დეტექტორს” ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესსამსახურმაც დაუდასტურა.  

Screenshot 2024 06 27 at 1.35.47 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ნაკრებთან დაპირისპირების შემდეგ ქართველი მეკარის რეალური განცხადება ბევრად უფრო პოზიტიური იყო: “სადებიუტო თამაში  @euro2024-ზე რომელიც ყველას გვემახსოვრება. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით! თამაში სადაც ყველამ დაინახა რომ არასდროს დავნებდებით! მადლობა გვერდში დგომისთვის”. 

Screenshot 2024 06 27 at 1.36.08 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
Მამარდაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში, თურქეთთან გამართული მატჩის შემდგომ

თქვა თუ არა თემურ ქეცბაიამ, რომ ბუდუ ზივზივაძე “დაბლოკეს”

 23 ივნისს ფეისბუქის ქართულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელისა და ამჟამად კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ციტატა, რომელშიც იგი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეზე საუბრობს: “გულდასაწყვეტია, რომ ბუდუ არცერთ თამაშზე არ გამოსულა, ბუდუ პატრიოტი ბიჭია და ყველამ იცის ეს რატომ ხდება. რუსეთი რომ აგრესორი ქვეყანაა ამიტომ დაბლოკეს ბუდუ”. რეალურად, მსგავსი განცხადება ქეცბაიას არ გაუკეთებია და ღია წყაროებში არ იძებნება. მან საკუთარ სოციალურ ქსელებში 19 და 21 ივნისს 2 პოსტი მიუღვნა საქართველოს ნაკრებს, რომლებშიც ხაზი გაუსვა ნაკრების ფეხბურთელების კარგ თამაშს და ასევე შეაქო თამაშზე დამსწრე ქართველი გულშემატკივარიც. თუმცა, მას არც ზივზივაძე და არც რომელიმე სხვა ფეხბურთელი არ უხსენებია. ამასთანავე, ეს განცხადება შინაარსობრივადაც მცდარი იქნებოდა, რადგან ფორვარდი თურქეთთან გამართულ მატჩში შეხვედრის მიწურულს ჩაერთო და დაახლოებით 12 წუთი ითამაშა. 

Screenshot 2024 06 27 at 1.37.46 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

კრიშტიანუ რონალდუს გაყალბებული ციტატა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ 

 მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გავიდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა კრიშტიანუ რონალდუს ციტატა: “რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონი”.  სინამდვილეში, სპორტსმენს აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია და ის ღია წყაროებში არ იძებნება. მატჩის შემდგომ, გავრცელდა არაერთი პორტუგალიელი მოთამაშის კომენტარი თამაშის შესახებ, თუმცა ლეგენდარული თავდამსხმელის შეფასება არ ჩანს. მანჩესტერ სიტისა და პორტუგალიის ნაკრების შემტევმა ბერნარდო სილვამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რონალდუს წაგება არ უყვარს და ამიტომ ის განაწყენებულია, ყველა მათგანი კი წაგებით მიღებულ ემოციებს სხვადასხვა გზით უმკლავდება.

Screenshot 2024 06 27 at 1.38.54 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

რა სიმბოლიკაა დატანილი მოთამაშეების ფორმაზე?

19 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა “ფანტინა ფანტინა” გამოაქვეყნა 2 ფოტო – ერთი საქართველო-თურქეთის დაპირისპირებიდან გიორგი ქოჩორაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეს ასახავს, მეორეში კი ვხედავთ ევრო 2024-ის ოფიციალურ ლოგოს. სოციალური ქსელის მომხმარებელი აღნიშნულ ლოგოს ადარებს LGBTQ+ დროშის ფერებს და მას უწოდებს “გეიევროკავშირის” ლოგოს. თუმცა, ამ სიმბოლოს არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან ან LGBTQ+ თემატიკასთან. უეფას განმარტებით, ის შექმნილია ევროპის საფეხბურთო ასოციაციის წევრი 55 სახელმწიფოს დროშების ფერების კომბინაციისგან, რომელიც ქმნის ბერლინის ოლიმპიური სტადიონის სახურავის ფორმას. შუაში გამოსახულია ჩემპიონატის გამარჯვებულისათვის გადასაცემი თასი, 24 ფერადი ზოლი კი ტურნირის 24 მონაწილეს აღნიშნავს. 

Screenshot 2024 06 27 at 1.39.50 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

იწინასწარმეტყველეს თუ არა “სიმპსონებმა” საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და თურქეთთან მატჩის ანგარიში?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის განაღდებიდან რამდენიმე დღეში ფოტოსთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცნობილ ანიმაციურ სერიალ “სიმპსონების” (The Simpsons) ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენები იყო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, სადაც სტადიონის თავზე ჩანს საქართველოს ეროვნული დროშა. იგივე ვიდეო გავრცელდა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მატჩის წინაც, თითქოს “სიმპსონებმა” თურქეთის ნაკრებთან ანგარიში იწინასწარმეტყველეს. აღნიშნული დროშა შორიდან მართლაც ჰგავს საქართველოსას, თუმცა სინამდვილეში ის ინგლისის ერთ-ერთი ფანკლუბის დროშაა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რეალურად, ანიმაციის სიუჟეტის მიხედვით, ამ ეპიზოდში ჩანს არა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, არამედ 1985 წელს  მანჩესტერ იუნაიტედსა და სასექსტონ-ჰემპტონშირს შორის გამართული მატჩი, რომელზეც გულშემატკივარს სხვადასხვა დროშები აქვს გამოფენილი და ეპიზოდს არანაირი კავშირი საქართველოსთან ან ევროტურნირთან არ აქვს

Screenshot 2024 06 27 at 1.41.07 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

რეალურად რისთვის იბრძვის ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილის განცხადებით – ფულისთვის თუ ქულისთვის?

20 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს თურქეთის საფეხბურთო ნაკრებთან გამართულ მატჩზე. მომხმარებლის მტკიცებით, ფეხბურთელი ერთ ნაწილში ამბობს შემდეგ ფრაზას: “ჩვენ ვიბრძვით ფულისთვის”. სინამდვილეში, ქართველმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ნაკრები იბრძვის ქულისთვის, ვიდეოში ნაჩვენები ნაწყვეტი კი სრულად ასე ჟღერს: “გამოყვანა კარიდან (მამარდაშვილის) იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის და არა იმისთვის, რომ რაიმე დავკარგოთ”. აღსანიშნია, რომ პოსტის ავტორმა მოგვიანებით ერთერთი კომენტარის პასუხად დაწერა, რომ ქოჩორაშვილს “ქულისთვის უთქვამს, ალბათ ქულისთვის ამბობს”.  

Screenshot 2024 06 27 at 1.42.19 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

რა გაყალბებული ციტატა ვრცელდება დიანა ჯოჯუას სახელით?

27 ივნისს ფეისბუქზე გავრცელდა მთავარი არხის ჟურნალისტის დიანა ჯოჯუას ფოტო წარწერით “ უდიდესი სირცხვილი! ”ქართულმა ოცნებამ” UEFA მოისყიდა, რომ საარჩევნოდ ქართველი ხალხი გაებედნიერებინა”. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჟურნალისტმა ეს განცხადება თავად გააკეთა, თუმცა სინამდვილეში ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ციტატა გაყალბებულია. 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საინფორმაციო გამოცემაში ჯოჯუამ საქართველოს ნაკრებზე მხოლოდ დადებითად ისაუბრა. მას ფეისბუქზე გავრცელებული ფრაზა არ გამოუყენებია და არც მსგავსი შინაარსის მატარებელი აზრი დაუფიქსირებია. 

Screenshot 2024 06 28 at 3.42.14 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

შეუშალა თუ არა ხელი ფაიზერით აცრამ საბა ლობჟანიძეს გოლის გატანაში?

22 ივნისს საქართველოსა და ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ბოლო წუთზე საბა ლობჟანიძეს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა კარში არაზუსტად დაარტყა. მომდევნო დღეს, ფეისბუქ-გვერდმა “ქრისტიანი დედები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ლობჟანიძე ფაიზერით არის აცრილი და სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა გოლის გატანა. ფეისბუქ-მომხმარებელთა ნაწილი პოსტს სერიოზულად აღიქვამდა, თუმცა, “ქრისტიანი დედები” სატირული გვერდია, რომელიც წლებია მსგავს პოსტებს აქვეყნებს, შესაბამისად, საბა ლობჟანიძეზე გამოქვეყნებული პოსტიც სატირული შინაარსის არის. 

Screenshot 2024 06 27 at 1.44.30 PM 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist