სხვადასხვა

რეალური ფაქტები ევროპულ ვაქცინებზე და ქართულ კონსპირაციებზე

7 მაისი, 2018

ბოლო წლებში ქართულ ონლაინ სივრცეში ვაქცინაციის შესახებ შეთქმულების თეორიები აქტიურად ვრცელდება. კონსპირაციონისტული ჯგუფები ვაქცინებს აუტიზმის, უშვილობის, ბავშვთა სიკვდილიანობისა და სხვა დაავადებების გამომწვევ მიზეზებად ასახელებენ. მთავარი გზავნილი, კი რომელსაც სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმა ავრცელებს არის ის, თითქოს დასავლეთი საქართველოში შემოტანილი ვაქცინებით საქართველოს მოსახლეობაზე ცდებს ატარებს.

ის აცრები, რომლებიც საქართველოში ტარდება, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ნაწილია. ვაქცინების უმეტესობა საქართველოში ევროპული ქვეყნებიდან შემოდის და ევროკავშირის ქვეყნებში ავტორიზირებულია. შესაბამისად, ამ ვაქცინებს ისევე მოიხმარენ ევროკავშირის  ქვეყნებში, როგორც საქართველოში, რაც კონსპირაციას, თითქოს დასავლეთი საქართველოს მოსახლეობაზე ცდებს ატარებს, საფუძველს აცლის.

         1. ვაქცინებს, რომლებითაც საქართველოში ცრიან, მწარმოებელ ქვეყნებშიც იყენებენ

მითების დეტექტორმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან საქართველოში შემოტანილი ვაქცინების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახულია ინფორმაცია 2017 წელს საქართველოში შემოტანილი ვაქცინის მწარმოებლისა და მწარმოებელ ქვეყანაში გამოყენებული ვაქცინების შესახებ. ვაქცინებს, რომლებითაც საქართველოში ცრიან, მწარმოებელ ქვეყნებშიც იყენებენ. ასევე ავტორიზებულია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში შემოსული ვაქცინები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული, ასევე ევროპის ბაზარზე ავტორიზირებულია ევროპის მედიცინის ასოციაციის მიერ.

"

         2. აცრები, რომლებიც საქართველოში ტარდება, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ნაწილია

ზემოთჩამოთვლილ ინფექციურ დაავადებებზე ვაქცინაცია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ნაწილია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის მდგომარეობით ვაქცინაციის გლობალური დაფარვის მაჩვენებელი 86 %-ია.

  • პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ქართული პროპაგანდისტული ჯგუფები უშვილობის გამომწვევ მიზეზად ასახელებენ, მსოფლიოს 79 ქვეყანაში იმუნიზაციის პროგრამის ნაწილია.
  • პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა იმუნიზაციის პროგრამის ნაწილი 137 ქვეყანაშია;
  • ყველაზე დიდი დაფარვა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციას აქვს და იმუნიზაციის პროგრამის ნაწილი 160 ქვეყანაშია.

ქვეყნები, სადაც წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმუნიზაციის პროგრამის ნაწილია

"

წყარო: WHO (2018)

ქვეყნები, სადაც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმუნიზაციის პროგრამის ნაწილია

"

წყარო: WHO (2018)

          3. ყოველწლიურად იმუნიზაცია სიკვდილისგან 2-3 მილიონ ადამიანს იცავს

ვაქცინაცია ინფექციური დაავადებების მიმართ იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო მექანიზმია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დღეს ლიცენზირებული ვაქცინა 26 ინფექციის წინააღმდეგ არსებობს. ვაქცინაცია არის პრევენციულ ღონისძიება, რომელიც აძლიერებს ინფექციური დაავადებების მიმართ იმუნიტეტს და ამცირებს გარდაცვალების რისკს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად იმუნიზაცია 2-3 მილიონ ადამიანს იცავს ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისგან.

  • 2016 წლის მონაცემებით, 2010 წელთან შედარებით წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 84%-ით შემცირდა.
  • 2016 წელს კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკამ წითელას ინფექციური დაავადება სრულად აღმოფხვრა, რაც 22 წლიანი მასობრივი ვაქცინაციის შედეგია.
  • 2016 წლის მდგომარეობით საგრძნობლად შემცირდა  პოლიომიელიტის შემთხვევები. WHO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი პოლიომიელიტისგან თავისუფალ რეგიონად გამოცხადდა.
  • 2016 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში აღმოიფხვრა დედობრივი და ნეონატალური ტეტანუსი, ხოლო 2017 წელს - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინფექციური დაავადებები შემცირდა, იმუნიზაციის პროგრამის შეჩერება მათ გაცოცხლებას გამოიწვევს.

კონსპირაციული გზავნილები და წყაროები

გზავნილი წყარო

ვაქცინებით საქართველოს მოსახლეობაზე ექსპერიმენტს ატარებენ

თბილისი 24
23.10.2017

ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს

Mkurnali.ge
05.01.2016

Mshoblebi.ge
05.01.2016

Geodigest.ge
13.11.2017

Droni.ge
23.04.2014

თბილისი 24
23.10.2017

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უშვილობას იწვევს

Versia.ge

Intermedia.ge
09.03.2015

აცრები იწვევს ბავშვთა სიკვდილიანობას

თბილისი 24
23.10.2017

Droni.ge
23.04.2014

ვაქცინები მომწამლავი ნივთიერებებისგან მზადდება

Intermedia.ge
09.03.2015

რას ფიქრობენ მოქალაქეები ვაქცინაციის შესახებ


პროპაგანდის მეთოდები

Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

კონსპირაციას და ფსევდომეცნიერებას სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი გავლენა აქვს. ამ მეთოდების გამოყენებით მოსახლეობაში ეჭვისა და შიშის დათესვა ხდება. ასეთ დროს უგულვებელყოფია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი საბუთი.


მოამზადეს სოფო გელავამ და ქნარიკ კულიჯანიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია