სხვადასხვა

“ოკუპირებულები”: ნორვეგიული სერიალი, რომელმაც კრემლი განარისხა

2 თებერვალი, 2018

2015 წელს ნორვეგიაში გადაღებული ყველაზე ძვირადღირებული სატელევიზიო სერიალი „ოკუპირებულები“ გამოვიდა, რომელმაც ოსლოში მდებარე რუსეთის საელჩოს უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება უახლოეს მომავალში ვითარდება, როდესაც ნორვეგიის ხელისუფლების სათავეში მწვანეთა პარტია მოდის და ქიმიურ ელემენტ „თორიუმის“ გამოყენებით ბირთვული ენერგიის წარმოებას აანონსებს, რასაც ქვეყნის მიერ გაზისა და ნავთობის მოპოვების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს შედეგად. საპასუხოდ, ევროკავშირთან შეთანხმებით რუსეთი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იესპერ ბერგს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით ემუქრება, თუ ნორვეგია მოსკოვის ზედამხედველობის ქვეშ წიაღისეულის მოპოვებას არ დათანხმდება. პრემიერ-მინისტრი იძულებულია ულტიმატუმზე დათანხმდეს და მოსახლეობას არწმუნებს, რომ ენერგოინდუსტრიაში რუსეთის ზედამხედველობა მხოლოდ დროებითია. ჟურნალისტი თომას ერიკსენი ამ საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას ეწირება.

“ოკუპირებულები” ნორვეგიელი ნოველისტის ჯო ნესბოს 2012 წელს გამოცემული ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული. ნოველა განსაკუთრებით რელევანტური 2 წლის შემდგომ, რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ოკუპაციის ფონზე გახდა, როდესაც გაიზარდა დაძაბულობა მოსკოვსა და დასავლეთს შორის, ხოლო რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებისა და სკანდინავიის საჰაერო სივრცის დარღვევა გახშირდა. ფილმში აქცენტი კეთდება პროცესზე, რომელიც დროთა განმავლობაში დემოკრატიულ საზოგადოებას შეუმჩნევლად, მაგრამ მიზანმიმართულად ანგრევს.

„ოკუპირებულები“ ეთერში 2015 წელს გავიდა და რუსეთის მთავრობის მხრიდან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. ოსლოში რუსეთის საელჩომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ მიუხედავად სერიალის შემქმნელებისაგან არაერთხელ დაფიქსირებული პოზიციისა, რომ სიუჟეტი გამოგონილია და რეალობასთან არავითარი შეხება არ აქვს, რუსეთს სამწუხაროდ აგრესორის როლი შეხვდა. საელჩომ გამოთქვა სინანული, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავზე სერიალის შემქმნელებმა ნორვეგიელების შეშინება არარსებული საფრთხით გადაწყვიტეს. „ოკუპირებულები“ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებულმა  საინფორმაციო სააგენტო „Sputnik News“-მაც გააკრიტიკა.