პოლიტიკა

მოითხოვს თუ არა იტალია ბილ გეიტსის დაკავებას?

1 ივნისი, 2020

www.stopfake.org -ის და polygraph.info-ს მასალების მიხედვით

21 მაისს რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა  e-news.su გამოქვეყნა სტატია, სათაურით “იტალიის პარლამენტმა ბილ გეიტსის დაკავება მოითხოვა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო” (В парламенте Италии потребовали арестовать Билла Гейтса за преступления против человечества). მასალის თანახმად, ბილ გეიტსმა ნიგერიის ხელისუფლების წარმომადგენელს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამის დაწყების მიზნით 10 მილიონი დოლარი შესთავაზა, რის შემდეგაც იტალიელმა დეპუტატმა სარა კუნიალმა პარლამენტში ბილ გეიტსის დაკავების საკითხი დააყენა. e-news.su -ს ცნობით, მან იტალიის პრეზიდენტს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ბილ გეიტსის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა მოსთხოვა. 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იტალიის პარლამენტი ბილ გეიტსის დაკავებას ითხოვს ტყუილია. იტალიის პარლამენტს ბილ გეიტსის დაკავება არასოდეს მოუთხოვია და არც პრეზიდენტისათვის მიუმართავთ ამ თხოვნით. თუმცა, იტალიის პარლამენტში დეპუტატმა სარა კუნიალმა ბილ გეიტსის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებები და შეთქმულების თეორიები გაახმოვანა,  La Repubblica- ს ცნობით, ამ ფაქტმა სხვა დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია.

იტალიელი დეპუტატი და შეთქმულების თეორიები 

იტალიის პარლმენტში სიტყვით გამოსვლისას სარა კუნიალმა ბილ გეიტსის შესახებ რამდენიმე ცნობილი შეთქმულების თეორია გაახმოვანა. მათ შორის ის, თითქოს ბილ გეიტსს პლანეტაზე კონტროლის დამყარება სურს და ამას მასმედიისა და ციფრული პროგრამების მეშვეობით აპირებს. შეთქმულებების მოყვარულმა დეპუტატმა ასევე ბილ გეიტსის ყალბი ციტატა გაავრცელა, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს ბილ გეიტსი მსოფლიოს გადარჩენის გზას მხოლოდ გენოციდში ხედავდა. კუნიალმა 5G მობილური ინტერნეტის შესახებ კონსპირაციებიც გაახმოვანა. 

სარა კუნიალი პოპულისტური პარტიის “5 ვარსკვალავის მოძრაობის” წევრია, რომელსაც  ქვეყანაში წითელას დაავადების შემთხვებების  მატებაში  ადანაშაულებდნენ, რადგან ანტივაქსერულ კამპანიას აქტიურად უჭერდა მხარს. ის 2018 წელს პარტიიდან დროებით გარიცხეს მას შემდეგ, რაც ფეისბუკ პოსტში ვაქცინებს გენოციდი უწოდა. 

ვინ შეუწყო ხელი ბილ გეიტსის წინააღმდეგ იტალიის დეპუტატის გამოსვლის გავრცელებას?

polygraph.info-ს მიხედვით, იტალიის პარლამენტარის ბილ გეიტსის წინააღმდეგ გამოსვლის ვიდეოს გავრცელებას კრემლისტურმა მედიამ (Russia Today) შეუწყო ხელი და ამ ინფორმაციის  ტვიტერზე და სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელებაც საეჭვო ანგარიშების მიერ  ხელოვნურად იყო მხარდაჭერილი.

ბილ გეიტსის წინააღმდეგ შეთქმულების თეორია  რუსეთში განსაკუთრებით  პოპულარულია და მის გავრცელებაში საჯარო ფიგურებიც იღებენ მონაწილეობას. რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა რასია-24-ის ეთერში საკუთარი გადაცემა ბილ გეიტსის შესახებ შეთქმულების თეორიებს მიუძღვნა და ამკიცებდა, თითქოს მას ადამიანების დაჩიპვა მსოფლიოზე კონტროლის დასამყარებლად სურდა. გადაცემა ტელევიზიამ წაშალა, მაგრამ მიხალკოვის პირად გვერდზე 5.5 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს. 

E-news.su-ს შესახებ

საიტს, რომელმაც ბილ გეიტსის შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, ოფიციალური ჰეშთეგი #SaveDonbassPeopleFromKievArmy (გადავარჩინოთ დონბასელი ხალხი კიევის ნაცისტური არმიისგან). საიტი 2014 წელს შეიქმნა და საიტის კონტენტიც და ჰეშთეგიც მაიდნის მოვლენების პარალელურად სოციალურ ქსელებში უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად. 2015 წლისთვის პრორუსულ ტროლებს ამ ჰეშთეგით ინტერნეტ სივრცეში 2500-ზე მეტი ფოტო ჰქონდათ გაზიარებული. ისინი ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ აზრი, თითქოს უკრაინის არმია არაჰუმანურია, კლავს ბავშვებს, ხოლო რუსეთის ჩარევა ასეთ დროს გარდაუვალი აუცილებლობაა. 

'

ეს ფოტოები ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად ვრცელდებოდა. რეალურად კი მარჯვენა ფოტოზე გამოსახული გოგონას სცენა კადრია 2010 წლის ფილმიდან The Brest Frotress.

E-news-მა 2018 წელს ასევე გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ევროპელი ქალები სოციალუქ სელებში ფლეშმობით #sorry მოძალადეებს ბოდიშს უხდიდნენ. რეალურად კი ფოტოზე გამოსახული გოგონა უკრაინელი იყო და ორიგანლ ფოტოზე ბანერზე აბსოლუტურად სხვა შინაარსის წარწერა ჰქონდა. 

'