პოლიტიკა

მარია ზახაროვა “რუსული იმპერიული მოძრაობის” ტერორისტთა სიაში შეყვანას აშშ-ს ორმაგ სტანდარტად აფასებს

16 აპრილი, 2020

Polygraph.info-ს მასალის მიხედვით

9 აპრილის ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას, დაუსვეს კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე “რუსული იმპერიული მოძრაობის” გლობალური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანასთან დაკავშირებით. ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ორმაგი სტანდარტების მაგალითია, რადგან გაურკვეველია, თუ რა ნიშნით აღრიცხავენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როდესაც ვაშინგტონი უკვე დიდი ხანია უარს ამბობს ISIS-ის შეყვანაზე ამ სიაში. ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გათვლებით ეს სტრუქტურა შესაძლოა სასარგებლო იყოს სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მსგავსი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

"

ზახაროვას განცხადება, თითქოს აშშ-ს ISIS ტერორისტულ ორგანიზაციად არ ჰყავს გამოცხადებული, ტყუილია. აშშ-მა ეს ისლამური დაჯგუფება ჯერ კიდევ 2004 წელს შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.

აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფება 1999 წელს აბუ მუსაბ ალ-ზარქავმა შექმნა. 2004 წლის 17 დეკემბერს კი აშშ-მა ახლანდელი ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, რომელიც ადრე ერაყის ალ-ქაიდას სახელით იყო ცნობილი, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

აშშ-ის შეიარაღებული ძალები 2004 წლამდეც ებრძოდა ISIS-ის წინამორბედს, ხოლო 2011 წელს, როდესაც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული ორგანიზაცია გაფართოვდა, ის უკვე აშშ-ის ტერორისტების სიაში იმყოფებოდა. ამასთან, ზახაროვას მტკიცება, თითქოს აშშ ისლამურ სახელმწიფოს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მეტოქედ ხედავდა, ეწინააღმდეგება ისტორიას. 2010 წლიდან აშშ ებრძვის ISIS-ს და მოკლული ჰყავს ტერორისტული ჯგუფის არაერთი ლიდერი, მათ შორის ალ-ზარქავი 2006 წელს, 2010 წელს აბუ ალ-მასრი და აბუ ომარ ალ-ბაღდადი, 2019 წელს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

2014 წელს, როდესაც ისლამური სახელმწიფო გაძლიერდა და ტერიტორიები მიიერთა ირაყსა და სირიაში, აშშ-მა მის დასამარცხებლად შექმნა ათეულობით ქვეყნისგან შემდგარი გლობალური კოალიცია. კოალიცია დღესაც მოქმედია და 82 წევრი ჰყავს.

“რუსული იმპერიული მოძრაობა”, რომლის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობა და სიაში შეყვანა აშშ-მა 2020 წლის 7 აპრილს გამოაცხადა, იბრძოდა დონბასის რეგიონში, რუსული შეიარაღებული ძალების რიგებში, უკრაინელების წინააღმდეგ. მართალია არ დასტურდება, რომ “რუსულ იმპერიულ მოძრაობას” შესაძლოა რუსეთის მთავრობა აფინანსებდეს, თუმცა კრემლი მათ საქმიანობას ხელს არ უშლის.