სხვადასხვა

ევროპის სასამართლომ დმიტრი კისილიოვის “შავი სიიდან” ამოღებას მხარი არ დაუჭირა

20 ივნისი, 2017

2017 წლის 15 ივნისს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ Russia Today-ს ხელმძღვანელის დმიტრი კისილიოვის სარჩელი ევროპის საბჭოს შავი სიიდან მისი გვარის ამოღების მოთხოვნაზე არ დააკმაყოფილა და მომჩივანს ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

დმიტრი კისილიოვი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში 2014 წლის 17 მარტს ევროპის საბჭოს მიღებულ  გადაწყვეტილებას  (2014/145/CFSP) ასაჩივრებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს შემაკავებელ ზომებს  ისეთი ქმედებების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.  ევროპის საბჭოს  გადაწყვეტილების მეორე მუხლი ითვალისწინიბს ყველა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების გაყინვას, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან.  ხოლო გადაწყვეტილების პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნულ პირებს ევროსაბჭოს  წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის უფლება არ აქვთ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ Russia Today”-ს ხელმძღვანელი დმიტრი კისილიოვი იმ ადამიანთა სიაში მოხვდა, რომელთაც ევროსაბჭოს   გადაწყვეტილება შეეხოთ.
კისილიოვმა სასამართლოში ევროპის საბჭოს შავი სიიდან მისი გვარის ამოღება ითხოვა ვინაიდან, მისი თქმით,  ევროპის საბჭომ არასაკმარისად მყარი არგუმენტი წარმოადგინა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი შემთხვევა სიაში შეყვანის კრიტერიუმებს შეესაბამებოდა.
სასამათლომ კისილიოვის მოთხოვნა სიიდან ამოღების შესახებ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან კისილიოვი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა,

რომელიც თავად პუტინმა დანიშნა  რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელად, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის სასარგებლოდ აშუქებს და უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების განთავსებას უჭერს მხარს.