არავალიდური პასპორტები და ორჯერ მიცემული ხმები - რა გაარკვია Meduza-მ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე?

10 ივლისი, 2020

25-30 ივნისის პერიოდში რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს პოსტი 2036 წლამდე შეინარჩუნოს, ონლაინ გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვაზე მოსკოვიდან და ნიჟნი ნოვგოროდიდან ერთ მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

როგორც Meduza-ს გამოძიებიდან ირკვევა, იმ პიროვნებების პასპორტის მონაცემები, ვინც ონლაინ გამოკითხვაში ხმა მისცა, საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი სისტემაში ორჯერ იყო დაფისქირებული, ხოლო ამომრჩეველთა ნაწილის პასპორტები არავალიდური იყო. Meduza-მ გამოაქვეყნა არავალიდური პასპორტების სია და ასევე მარტივი ინსტრუქციები თუ როგორ უნდა გადაამოწმოს მკითხველმა აღნიშნული ინფორმაცია თავად.

Meduza აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირადი მონაცემების გაპარვის პირველი შემთხვევა. 2019 წლის შემოდგომაზე, მოსკოვის დუმას არჩევნების დასრულების შემდგომ, ინტერნეტ ამომრჩეველთა მონაცემები ანტიკორუფციული ფონდისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

მონაცემთა ბაზა ჯამში 1 107 594 ელექტრონულ ბიულეტენს მოიცავდა. Meduza-მ აღმოაჩინა 97 პასპორტი, რაც ბაზაში ორჯერ იყო აღრიცხული. ხოლო ათასობით პასპორტი გადამოწმების შედეგად არავალიდური აღმოჩნდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-საიტზე ხელმისაწვდომია სერვისი, რომლითაც პასპორტების ვალიდურობა მოწმდება. გარდა კონკრეტული პასპორტის მონაცემების გადამოწმებისა, ასევე შესაძლებელია, რომ ჩამოიტვირთოს არავალიდური პასპორტების მთლიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც პერიოდულად ახლდება. 

Meduza-მ მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან 2020 წლის 22 მაისს და შემდეგ განახლებული ვერსია 3 ივლისს გადმოწერა. სწორედ ამ ბაზების მეშვეობით შემოწმდა ამომრჩეველთა პასპორტები. ორივე შემთხვევაში, ათასობით პასპორტი არავალიდურია: 22 მაისის ბაზით ასეთი 2 347 პასპორტი აღმოჩნდა, ხოლო 3 ივლისის მონაცემებით კი 4 720. გარდა ამისა, ამომრჩეველთა 209 პასპორტი, რომლებიც 22 მაისის ბაზის მიხედვით, არავალიდურად იყო გამოცხადებული, 3 ივლისის ბაზიდან საერთოდ გაქრა. 

როგორც დადგინდა არავალიდური პასპორტების მფლობების უმეტესობამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ გამოკითხვაში: 22 მაისის ბაზის 2 347 არავალიდური პასპორტიდან 2 060-მა მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო 3 ივლისის ბაზის 4 720-დან კი 4 233-მა.