Здравоохранение/биобезопасность

დააპატენტა თუ არა რიჩარდ როტშილდმა COVID-19-ის ტესტირების მეთოდი 2015 წელს?

13 October, 2021

12 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილმა მარჯი საქართველომ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ COVID-19-ის ტესტირების მეთოდი 2015 წელს რიჩარდ როტშილდმა შემდგომში  ვირუსის შექმნის მიზნით დააპატენტა.

1

მარჯი საქართველოს პოსტი დეზინფორმაციაა, რადგან რეალურად, COVID-19-ის ტესტირების მეთოდის პატენტი 2020 წლის 17 მაისამდე არ გამოყენებულა. 2015 წელი კი მსგავსი პატენტების ოჯახიდან როტშილდის მიერ პირველი განაცხადის შევსების თარიღს ასახავს.

მარჯი საქართველოს პოსტს ნიდერლანდური ვებ-გვერდის სქრინშოთი ახლავს, რომელზეც ნაჩვენებია პატენტი, სახელწოდებით “COVID-19-ის ტესტირების სისტემა და მეთოდი”. პატენტის ნომერია US20200279585A1, თარიღის წინ კი მითითებულია “Prioriteitsdatum”, რაც ინგლისურად “priority date”, ქართულად კი პატენტის პრიორიტეტის თარიღია. სწორედ პრიორიტეტის თარიღია 2015 წლის 13 ოქტომბერი.

აღნიშნული ინფორმაცია Reuters-მა გადაამოწმა, მათ სტატიაში ახსნილია, რომ პრიორიტეტის თარიღი ასახავს როგორც მსგავსი პატენტების ოჯახიდან პირველი განაცხადის შევსების თარიღს, ასევე რაიმე გამოგონების კონკრეტული ნაწილის პატენტის პირველად განაცხადს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერი ის თარიღია, როცა როტშილდმა პატენტების ამ ოჯახში განცხადება პირველად შეიტანა. იმ სისტემის პატენტი, რომელიც ბიომეტრიულ მონაცემებს აანალიზებს, რათა დაადგინოს აქვს თუ არა პაციენტს COVID-19, 2020 წლის 17 მაისამდე არ გამოყენებულა.

2

ადრინდელი პატენტები US20200279585A1-ს წინამორბედებია და მსგავს მახასიათებლებს იზიარებენ, მაგალითად როგორიცაა ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება. ერთ-ერთი ძველი პატენტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ მისი მიზანი  მომხმარებლის სპორტული აქტივობის გაუმჯობესებაა.

3

2020 წლამდე განთავსებულ არცერთ განაცხადში COVID-19 ნახსენები არ არის.

4

რიჩარდ და მაიკლ როტშილდებს უკავშირებდნენ COVID-19-ის პატენტსაც, რომელიც საერთოდ არ არსებობს და აღმოჩნდა, რომ პატენტი სხვა ტიპის კორონავირუსისთვის იყო დარეგისტრირებული. კერძოდ კი, ფრინველის ინფექციური ბრონქიტის ვირუსის (Infectious Bronchitis Virus) დასუსტებული ფორმულის ვაქცინად ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

3 ტყუილი და 2 მანიპულაცია covid-19-ზე, რომელიც ჯგუფში “შევაჩეროთ 5G საქართველოში” ვრცელდება

როტშილდების წარმოშობით ებრაულმა ოჯახმა მე-18 საუკუნეში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული საბანკო-საფინანსო ქსელი შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ როტშილდების საბანკო დინასტია მათი სწრაფი გამდიდრების, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მოპოვების და პირველ რიგში, მათი ებრალურ წარმოშობის გამო ანტი-სემიტური კონსპირაციების სამიზნე ევროპაშიც ხდებოდა. 

როტშილდების შესახებ გავრცელებული კონსპირაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:

როკფელერებისა და როტშილდების კონსპირაციების ანატომია


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.