Разное

ზღუდავს თუ არა ევროსასამართლო ქვეყნის სუვერენიტეტს?

12 October, 2021

2021 წლის 7 ოქტომბერს, ალტ-ინფოს გადაცემა “ალტ-ანალიტიკის” წამყვანმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები კონსტიტუციაზე მაღლა დგას და რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გარეშე სახელმწიფო უძლურია კანონი ძალაში მოიყვანოს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის სუვერენიტეტს კვეცავს. შედარებისთვის შოთა მარტინენკომ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სომხეთს რუსეთისგან მეტი ავტონომიურობა აქვს. 

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: „საერთოდ საერთაშორისო შეთანხმებები, რომ კონსტიტუციაზე მაღლა დგას, ან შენი სასამართლო რომ რაღაცას გადაწყვეტს, თუ სტრასბურგში გაასაჩივრე, სანამ სტრასბურგი არ გადაგიწყვეტს, მერე ამ გადაწყვეტილებაზე, მანამდე მაგალითად რუსთავი 2-ს რომ ვერ ართმევ გვარამიას მხარეს, მიუხედავად იმის, რომ შენმა სასამართლომ გადაწყვიტა, ეგ ნიშნავს შეკვეცილ სუვერენიტეტს... და მაგ საკითხში განუზომლად უფრო მაღალი ავტონომიურობა გექნება. აი, სომხეთს მაგალითად, ეხლა აქვს განუზომლად მაღალი ავტონომიურობა რუსეთისაგან, ვიდრე ჩვენ გვაქვს დასავლეთისგან...“

შოთა მარტინენკოს კომენტარი მანიპულაციურია და რეალობას არ შეესაბამება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კონსტიტუცია იერარქიულად უპირატესი დოკუმენტია. შესაბამისად, ის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც საქართველო უერთდება (მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია) აუცილებელია კონსტიტუციასთან თანხვედრაში მოდიოდეს. მანიპულაციური მტკიცება, რომ დასავლეთი საქართველოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას ცდილობს.

  • საქართველოს კონსტიტუცია უზენაესი დოკუმენტია

საქართველოში საკანონმდებლო აქტების იერარქიულობას “ნორმატიული აქტების შესახებ” სპეციალური კანონი არეგულირებს. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იერარქიაში კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი პირველ ადგილს იკავებენ. ამას მოსდევს კონსტიტუციური შეთანხმება (საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის), შემდგომ კი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

"
წყარო: საქართველოს ორგანული კანონი ნორმატიული აქტების შესახებ

აღნიშნული კანონის მიხედვით ცხადია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს სურს შეუერთდეს კონკრეტულ საერთაშორისო შეთანხმებას, ამისთვის საჭიროა შეთანხმება კონსტიტუციური იყოს, არ ეწინააღდმეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, ან შესაძლებელია კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა, რაც შემდგომში სახელმწიფოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების  სავალდებულოდ აღიარების შესაძლებლობას მისცემს.

ამასთანავე, საქართველოში მოქმედებს კანონი, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საკითხს არეგულირებს. ეს კანონიც ასევე ადასტურებს, რომ კონსტიტუცია უზენაესი დოკუმენტია და რომ საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მაღლა დგას. შესაბამისად, თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, შესაძლებელია მისი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და შეჩერება. საქართველოს საერთასორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის 21-ე მუხლში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებამდე, საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს საერთაშორისო ხელშეკრულება კონსტიტუციური. შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, რაც კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევა.

ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებზე მაღლა დგას, კონსტიტუციის ტექსტითაც დასტურდება. საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო შეთანხმებას შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ უპირატესი იურიდიული ძალა აქვს, თუმცა გამონაკლისი იმ შემთხვევაშია, თუ ეს შეთანხმება კონსტიტუციას არ შეესაბამება.

კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი კი გასაჩივრებული ხელშეკრულების რატიფიცირებას იქამდე კრძალავს, სანამ სასამართლო საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს.

  • სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და საქართველოს კონსტიტუცია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანოა, რომელიც კონვენციას “ძლიერ ცოცხალ ორგანიზმად აქცევს”. კონვენციით დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, სიცოცხლის უფლება, აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და სხვა. კონვენცია ასევე კრძალავს სიკვდილის დასჯას, მონობას და იძულებით შრომას

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის კონვენცია იერარქიაში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს იკავებს. ამის გათვალისწინებით აქაც მასზე მაღლა კონსტიტუცია და კონსტიტუციური შეთანხმება დგას. იმავე პრინციპით რაც სხვა შეთანხმებებში, ამ შემთხვევაშიც საქართველო ვერ შეურთდებოდა კონვენციას, თუ მისი რომელიმე ნაწილი წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კონსტიტუციასთან.

"
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს იცავს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციითაც გარანტირებულია და ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთთან თანხვედრაშია. 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

საქართველოს კონსტიტუცია

“ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული.”

“ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.”

"ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება."

“ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.”

“ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.”

“დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება”

“ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.”

“აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.”

“ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად.”

“ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”

რაც შეეხება სომხეთის ავტონომიურობასთან შედარებას, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სხვადასხვა მეთოდით რუსეთი კვლავ ახერხებს, რომ არა მხოლოდ სომხეთი, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სხვა წევრები მასზე დამოკიდებული გახადოს. ამის საპირისპიროდ, საქართველო სრულიად თავისუფალია არჩევანში, ითანამშრომლებს თუ არა ევროპასთან. 

ევროპისგან განსხვავებით, რუსეთი სხვადასხვა გზებითა და პოლიტიკური მაქინაციებით დსთ-ს სხვადასხვა სახელმწიფოში (მათ შორის სომხეთში) გავლენების შენარჩუნებას აქტიურად ცდილობს. 

ამ მხრივ “კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისათვის” გავლენის შენარჩუნების სხვადასხვა მეთოდს გამოყოფს:

  • ტერიტორიული, ე. წ. გაყინული კონფლიქტები (მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი)
  • სამხედრო ბაზები სომხეთში;
  • სტიმული და მუქარა;
  • გაზის იმპორტი და სუბსიდირებული ენერგია;
  • ბილატერალური ვალი.

ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს რუსეთი ენერგიას პოლიტიკური მიზნებისთვის, გაეცანით “მითების დეტექტორის” სტატიას:

გზავნილს, თითქოს დასავლეთი საქართველოს სუვერენულ საქმეებში ერევა, ანტიდასავლური  და კრემლისტური აქტორები წლებია აღვივებენ.  სწორედ ამ ნარატივის გამეორებაა ალტ-ინფოს ეთერში გაჟღერებული მტკიცებაც, თითქოს საერთაშორისო შეთანხმებების წევრობა საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ზღუდავს. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.