Здравоохранение/биобезопасность

შექმნეს თუ არა ჯანმომ და ბილდერბერგების კლუბმა უშვილობის ვაქცინა?

10 September, 2021

2021 წლის 4 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Dare Aleksandria გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც 2010 წელსაა ჩაწერილი. პოსტის აღწერის მიხედვით, ალექს ჯონსი ადამიანებს კორონავირუსის პანდემიის შესახებ აფრთხილებს. ვიდეოში ამერიკელი წამყვანი ჯესი ვენტურა ცნობილ ამერიკელ კონსპიროლოგს ალექს ჯონსს და ექიმ რიმა ლაიბოუს ბილდერბერგების კლუბისა და მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე ესაუბრება. ალექს ჯონსი ამტკიცებს, რომ ბილდერბერგების კლუბს დეპოპულაციის გეგმა აქვს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვაქცინაციის საშუალებით ახორციელებს. ჯონსის ამ მტკიცებას ამერიკელი ექიმი რიმა ლაიბოუ განავრცობს, რომლის თქმითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეალური მიზანი პლანეტის მოსახლეობის 90%-ით შეამცირებაა, რისთვისაც ის 1970-იანი წლებიდან მუშაობს ისეთი ვაქცინებზე, რომლებიც ადამიანებში უნაყოფობას მასობრივად გამოიწვევს. 

ლაიბოუ იმასაც აღნიშნავს, რომ FDA-ის მიერ დამტკიცებული ვაქცინები შეიცავს საშიშ ქიმიურ ნივთიერება სკუალენს, რომლის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგაც ავტოიმუნური დაავადებები ვითარდება და ადამიანები მტანჯველი სიკვდილით იღუპებიან. გარდა ამისა ვიდეოში, რომელიც ღორის გრიპის პანდემიის დროსაა ჩაწერილი, რიმა ლაიბოუ ამტკიცებს, რომ სულ მალე ამერიკაში ღორის გრიპის ვაქცინა ყველასთვის სავალდებულო გახდება, ხოლო ნამდვილი ვაქცინის ნაცვლად ასაცრელ პუნქტებში პაციენტებს ცოცხალი ვირუსების შემცველ ვაქცინასა და ნივთიერება სკუალენს გაუკეთებენ. ლაიბოუს მტკიცებით, ეს გეგმა მას 2003 წელს ერთ-ერთი ქვეყნის პირველმა პირმა გაუმხილა.

2021 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, ვიდეო 4100-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

"
ვიდეო დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს შეიცავს. FDA-ის მიერ ლიცენზირებულ ვაქცინებში შემავალი ნივთიერება სკუალენი უსაფრთხოა და მტკიცება, თითქოს იგი ავტოიმუნურ დააბადებებსა და სიკვდილიანობას იწვევს, დეზინფორმაციაა. მცდარია მტკიცებაც, თითქოს ღორის გრიპის პანდემიის დროს ამერიკაში ვაქცინაცია სავალდებულო იყო და ვაქცინით ადამიანებში ცოცხალი ვირუსები შეჰყავდათ, ხოლო ზოგ შემთხვევაში ვაქცინის ნაცვლად ადამიანებს ნივთიერება სკუალენს უკეთებდნენ.  მტკიცება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლანეტის მოსახლეობის 90%-ით შესამცირებლად უნაყოფობის გამომწვევ ვაქცინებს ამზადებს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ჯანმო ინექციის ფორმით კონტრაცეფტივის შექმნაზე მუშაობდა, ხოლო მტკიცება, რომ ჯანმო მოსახლეობის რაოდენობის შემცირება სურს, შეთქმულების თეორიაა. ბილდერბერგების კლუბის შესახებ გავრცელებული ცნობები კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ამერიკული გადაცემის “კონსპირაციის თეორიები ჯესი ვენტურასთან ერთად” 2009 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდის ნაწყვეტს წარმოადგენს, რომელიც ამერიკული არხის TruTV-ის ეთერში გავიდა. აღნიშნული ეპიზოდი ფარული გავლენების ჯგუფების, დეპოპულაციის საიდუმლო გეგმისა და ვაქცინების შესახებ სხვადასხვა შეთქმულების თეორიას ავრცელებდა. ჯესი ვენტურას გადაცემის აღნიშნული ნაწყვეტი 2020 და 2021 წელს განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა ვიდეოპორტალითა და სოციალური ქსელით, როგორც კორონავირუსის პანდემიისა და იძულებითი ვაქცინაციის წინასწარმეტყველება, თუმცა რეალურად, ვიდეო 2008-2009 წლების ღორის გრიპის პანდემიის კონტექსტშია გადაღებული და მასში კორონავირუსის პანდემიაზე საუბარი არ არის. 

  1. დეზინფორმაციაა, რომ FDA-ის მიერ ლიცენზირებული ვაქცინები, რომლებიც ქიმიურ ნივთიერება სკუალენს შეიცავს, მძიმე ავტოიმუნურ დაავადებებსა და სიკვდილიანობას იწვევს.

სკუალენი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ორგანიზმში გვხვდება და სხვადასხვა ჰორმონის შემადგენელი ნაწილია. ვაქცინების წარმოებაში არა უშუალოდ სკუალენს, არამედ მის ემულსიას იყენებენ, რომელიც ძირითადად ზვიგენის ღვიძლიდან მიიღება და ის ვაქცინებში ადიუვანტად (ანტისხეულების იმუნოგენურობის გამაძლიერებლად) გამოიყენება. FDA-ის მიერ ლიცენზირებული ვაქცინებიდან სკუალინის ბაზაზე შექმნილ ადიუვანტებს  H5NA-ის (“ქათმის გრიპის”) და H1N1-ის (“ღორის გრიპის”) ვაქცინები შეიცავენ. სკუალენის ადიუვანტებს შეიცავს ჯანმოსა და მედიკამენტების ევროპული სააგენოტოს (EMA) მიერ ლიცენზირებული ღორის გრიპის რამდენიმე სხვა ვაქცინაც. ადიუვანტები ვაქცინების მიერ ძლიერი იმუნური პასუხის გამოსაწვევად გამოიყენება. როგორც ქათმის გრიპისა და ღორის გრიპის ვაქცინების მაგალითი აჩვენებს, სკუალენის ბაზაზე შექმნილი ადიუვანტით დამზადებული ვაქცინებს ჩვეულებრივ ვაქცინებთან შედარებით ავტოიმუნური დაავადებებისა და სხვა სერიოზული გვერდითი ეფექტების, მათ შორის სიკვდილიანობის, გაზრდილი რისკები არ ახასიათებთ. მართალია, სკულენის ადიუვანტის შემცველი ვაქცინები იწვევენ უფრო ძლიერ ლოკალურ გვერდით ეფექტებს (ინექციის ადგილის ტკივილი, დროებითი ცხელება, ქავილი და ა.შ.), თუმცა ისინი სახიფათო სისტემური გვერდითი ეფექტების რისკებს არ ზრდიან და სკუალენის ბაზაზე შექმნილი ადიუვანტების გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. 

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებულ ვაქცინებში სხვადასხვა ადიუვანტია გამოყენებული, თუმცა სკუალენის ბაზაზე შექმნილ ადიუვანტებს მარეგულირებელი ორგანოების მიერ გადაუდებელი საჭიროებისთვის ავტორიზებული და სრულად ავტორიზებული ვაქცინებიდან არცერთი არ შეიცავს.

  1. ამერიკაში ღორის გრიპის ვაქცინა სავალდებულო არ ყოფილა. მცდარია მტკიცება, თითქოს ვაქცინით ადამიანებში ცოცხალი ვირუსები შეჰყავდათ, ხოლო ზოგ შემთხვევაში ვაქცინის ნაცვლად ადამიანებს ნივთიერება სკუალენს უკეთებდნენ.

2009 წელს ჯესი ვენტურასთან ინტერვიუში ექიმი რიმა ლაიბოუ ამბობს, რომ მას ზუსტი ინფორმაცია აქვს ბილდერბერგების კლუბის გეგმების შესახებ, რომლებიც ახლო მომავალში ამერიკაში ღორის გრიპის ვაქცინას სავალდებულოდ გამოაცხადებენ. რეალურად კი ამერიკაში ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საყოველთაოდ სავალდებულო არ გამხდარა, თუმცა CDC და ჯანდაცვის ექსპერტები ვირუსისგან თავის დასაცავად ვაქცინაციის რეკომენდაციას თითქმის ყველა ასაკის პირისთვის გასცემენ. 2009 წლიდან დღემდე ღორის გრიპის ვაქცინა სავალდებულო ხასიათს მხოლოდ ზოგიერთი საავადმყოფოს მედპერსონალისთვის ატარებდა, რაც ისევ და ისევ საავადმყოფოების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული, თუმცა აშშ-ში ფართო საზოგადოებისათვის ვაქცინაცია სავალდებულოდ არ გამოცხადებულა.

ამასთანავე, ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ ღორის გრიპის პანდემიის პერიოდში ამერიკელების ცოცხალი ვირუსებითა და სკუალენით აცრის შესახებ ექიმი რიმა ლაიბოუს წინასწარმეტყველება გამართლდა და ვაქცინის ნაცვლად ამერიკის ამცრელ პუნქტებში სკუალენის ინექციების ადმინისტრირება დაიწყეს. 

  1. ჯანმო 1970-იანი წლებიდან ინექციის ფორმით ხელმისაწვდომი კონტრაცეპტივის შექმნაზე მუშაობდა და არა - “მასობრივი სტერილიზაციის” გამომწვევ ვაქცინაზე.

1972 წელს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზავიამ ფერტილობის მარეგულირებელი ვაქცინების კვლევების მხარდასაჭერად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, თუმცა ამ კვლევების მიზანიც არა მასობრივი სტერილიზაციის საშუალების შექმნა, არამედ ინექციის სახით ხელმისაწვდომი ეფექტიანი კონტრაცეპტივის განვითარება იყო. აღსანიშნავია, რომ ადამიანის რეპროდუქციის მარეგულირებელ ვაქცინებზე კვლევებს წინ უსწრებდა 1960-იან წლებში ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული მოძრაობები, ასევე კონტრაცეფციის ფართოდ გავრცელებული სხვა საშუალებების (მაგალითად, ორალური მოხმარებისათვის განკუთვლინი კონტრაცეპტივული აბების) გამოგონება და დახვეწა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ თემაზე 1990-იან წლებში შექმნილი ანგარიშებში ვკითხულობთ, ფერტილობის მარეგულირებელი ვაქცინის შექმნა აქტუალური არა “მასობრივი სტერილიზაციის”, არამედ პირიქით ქალების რეპრედუქციულ ჯანმრთელობაზე კონტრაცეპტიული აბების გრძელვადიანი გვერდითი ეფექტების შესახებ არასაკმარისი ცოდნის არსებობისა და ფეხმძიმობის დაგეგმვის უფრო უსაფრთხო მეთოდების შემუშავების საჭიროების გამო გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული კონტრაცეპტივების ჩამონათვალში ვაქცინა არ გვხვდება, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ჯანმოს მიერ ლიცენზირებული რამდენიმე ინექციის ფორმის მქონე კონტრაცეპტივი არსებობს, რომლებსაც არასასურველი ფეხმძიმობის პრევენცია რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლიათ, თუმცა არცერთი მათგანი არ იწვევს პერმანენტულ სტერილურობას. ამასთანავე, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებული ის ვაქცინები, რომლებიც კონტრაცეპტივული არ არის და განკუთვნილია სხვადასხვა ვირუსული დაავადების, მათ შორის კორონავირუსის პრევენციისთვის, ადამიანებში უნაყოფობას იწვევს. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების რეპროდუქციაზე გავლენასთან დაკავშრებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 

შეთქმულების თეორიები იმის თაობაზე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის შემცირება სურს და ამისათვის გეგმა აქვს შემუშავებული შეთქმულების თეორიაა და სოციალურ ქსელში წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ამ თემაზე ვრცლად გაეცანით “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებს:

  1. ბილდერბერგების კლუბის მიერ მსოფლიოს მართვისა და პლანეტის დეპოპულაციის შესახებ შეთქმულების თეორიები წლებია ვრცელდება. 

“ბილდერბერგის კლუბი” 1954 წელს დაარსებული ყოველწლიური კონფერენციაა, რომლის მიზანიც თავდაპირველად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დიალოგის ხელშეწყობა და მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება იყო. დღესდღეობით კი კონფერენციის დღის წესრიგში მთავარი ადგილი ვაჭრობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, მონეტარულ პოლიტიკას, ინვესტიციებს, საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებსა თუ ეკოლოგიურ პრობლემებს უჭირავს. ბილდერბერგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია შეხვედრების დღის წესრიგი და მონაწილეთა სია. “ბილდერბერგების კლუბის” შეთქმულების თეორიის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: რა არის ბილდერბერგის კლუბი და ვინ გააყალბა როკფელერის ციტატა?

კიდევ ერთი პოპულარული შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ელიტები პლანეტის მოსახლეობის შემცირებას ცდილობენ, კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც ხშირად ვრცელდებოდა. დეპოპულაციასთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიების შესახებ ვრცლად იხილეთ სტატიები: 

ჯესი ვენტურასა შესახებ

ჯესი ვენტურა მინესოტას შტატის ყოფილი გუბერნატორი და ამერიკელი ტელეწამყვანია. ვენტურა 2009-2012 წლებში ამერიკული მაწუყებლის TruTV-სთვის გადაცემას ამზადებდა, რომელიც სხვადასხვა პოპულარული შეთქმულების თეორიის “მტკიცებულებებს” აგროვებდა. ვენტურას გადაცემის 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდი “პოლიციური სახელმწიფო” განსაკუთრებით კონტროვერსიული აღმოჩნდა. გადაცემაში ვენტურა ამტკიცებდა, რომ ამერიკის მასშტაბით აშშ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს მიერ კონტროლირებადი შენობების კომპლექსი, რომლებიც ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებულთა დროებითი თავშესაფრებია, სინამდვილეში აშშ-ში სამხედრო მმართველობის შემოღებისთვის მოსამზადებელი ბანაკები იყო. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ სენატორებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ვენტურა და მაუწყებელი ყალბი ამბებისა და აუდიტორიის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს. მწვავე კრიტიკის ფონზე შოუ მალევე შეწყდა. 

რიმა ლაიბოუს შესახებ

ექიმი რიმა ლაიბოუ, რომელიც ჯესი ვენტურას 2009 წლის გადაცემაში ვაქცინებისა და სკუალენის შესახებ საუბრობს, ასევე შეთქმულების თეორიების მიმდევარი ექიმია, რომლის ორგანიზაციაც The Natural Solutions Foundation ამერიკაში სხვადასხვა დროს არალიცენზირებულ მედიკამენტებს ყიდდა. 2014 წელს ლაიბოუ მის მიერ შექმნილ წამალს “Nano-silver” თაღლითური სქემით ავრცელებდა და ამტკიცებდა, რომ პრეპარატს ებოლას ვირუსის განკურნება შეეძლო. არალიცენზირებული წამლის რეკლამირებისთვის ლაიბოუს ორგანიზაციას 2014 წელს FDA-მ რამდენიმე გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა. 2020 წლის დასაწყისში კი ლაიბოუმ კორონავირუსის “წამლის” გაყიდვა დაიწყო. ლაიბოუ ამტკიცებდა, რომ იგივე წამალი რომელსაც ებოლას ვირუსისგან განკურნების საშუალებად ასაღებდა, ამჯერად კორონავირუსს კურნავდა. 2020 წლის 2 ივნისს FDA-მ ლაიბოუს ორგანიზაციისთვის გაგზავნილი კიდევ ერთი გამაფრთხილებელი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია კორონავირუსის ყალბი მკურნალობის მეთოდს უწევდა პოპულარიზაციას.

ალექს ჯონსის შესახებ

რაც შეეხება ალექს ჯონსს, რომელიც გავრცელებული ვიდეოს დასაწყისში ვენტურას ბილდერბერგების კლუბზე ესაუბრება, იგი ამერიკელი ულტრა-მემარჯვენე რადიოწამყვანი და ვებგვერდის infowars.com-ის მფლობელია. ვებ-გვერდ InfoWars-ს Twitter-მა, Facebook-მა, Youtube-მა და სხვა სოციალურმა მედიებმა დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების ტირაჟირების გამო გავრცელება რამდენჯერმე შეუზღუდეს. ამის შემდეგ ჯონსმა პორტალი banned.videos შექმნა, რომელზეც კორონავირუსის და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ არაერთი დეზინფორმაციული ვიდეო გამოქვეყნდა.

ალექს ჯონსი სხვადასხვა დროს შეთქმულების თეორიებს ვაქცინების, ილუმინატების, 11 სექტემბრის ტერაქტის და სხვა გახმაურებული მოვლენების შესახებ ავრცელებდა. რამდენიმე წლის წინ ალექს ჯონსის თავისი შოუთი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიენტის ბარაკ ობამას ცოლი მიშელ ობამა ტრანსსექსუალი ქალია. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია: როგორ გახდა მიშელ ობამას კაბა კონსპირაციების წყარო?


მოამზადა მედეა სულამანიძემ