Политика

“პატრიოტების” მხარდამჭრებად გარდაქმნილი “კლოუნები ქართულო მედიიდან” კრამერის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

6 September, 2021

2021 წლის 5 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დევიდ კრამერის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ნათქვამია, რომ დევიდ კრამერი, რომელიც ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობისკენ მოუწოდებდა, საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსთან ურთიერთობის გაწყვეტას სთხოვს, რაც საქართველოს სუვერენიტეტის პირდაპირი შელახვა და ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა.

"  

“პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების” მტკიცება, თითქოს დევიდ კრამერი საქართველოს ხელისუფლებისგან ბელარუსთან ურთიერთობის გაწყვეტას მოითხოვს, დაზინფორმაციაა. რეალურად, დევიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ერთობლივი განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის КГБ-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაავრცელეს და საქართველოს ხელისუფლებას ძალადობრივ რეჟიმთან დადებული შეთანხმების გამო გააკრიტიკეს. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცებაც, თითქოს დევიდ კრამერი ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა.

  1. დევიდ კრამერისა და იან კელის განცხადება არა ბელარუსთან ურთიერთობების გაწყვეტას, არამედ რუსეთის ФСБ-სთან მჭიდროდ დაკავშირებული ბელარუსის КГБ-სა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობას ეხებოდა.

2021 წლის პირველი აგვისტოდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა (სუს) და ბელარუსის КГБ-ს შორის 2016 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა. შეთანხმება ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და სუს-ს შორის თანამშრომლობის ფორმებს განსაზღვრავს, მათ შორისაა ინფორმაციის გაცვლა, პერონალური მონაცემების გაცემა, ერთობლივი ღონისძიებების გამართვა და ა.შ. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ბელარუსის КГБ-სთან თანამშრომლობის გამო ოპოზიციამ, უფლებადამცველებმა და დასავლელმა პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს, რადგან ბელაურის КГБ ლუკაშენკოს ოპონენტებისა და აქტივისტების პოლიტიკური ნიშნით დევნას ახორციელებს და ხელშეკრულება პოტენციურად საქართველოში პოლიტიკურ დევნლობაში მყოფ ბელაურსებს საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, როგორც თავად ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ). 

"

სწორედ ამ საკითხზე, 2021 წლის 20 აგვისტოს ამერიკელმა ექსპერტმა დევიდ კრამერმა და საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ გამოცემა Foreign Policy-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც “ქართული ოცნების” მთავრობას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსისათვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღების გამო, განსაკუთრებით კი ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით დადებული 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის და ბელარუსის КГБ-სთან თანამშრომლობის დაწყებისთვის აკრიტიკებენ და ვაშინგტონს საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წევრების მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. კრამერისა და კელის წერილში ბელარუსისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების შესახებ ვკითხულობთ:

“ევროკავშირთან შეთანხმების გაწყვეტა, როდესაც ძალაში შეგყავს შეთანხმება მინსკის დიქტატორულ რეჟიმთან, საქართველოს ცუდად წარმოაჩენს, როგორც მინიმუმ, და ამძაფრებს შფოთვას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მონდომების გამო დასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებებისკენ მისწრაფებაში… თუკი ქართული ოცნება არ დაუბრუნდება შეთანხმებას, ან უარს იტყვის ბელარუსის რეჟიმთან დადებული შეთანხმების გაუქმებაზე, ან თუ არჩევნებზე ჩაერთვება არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ ქართული ოცნების ლიდერებზე ტარგეტირებული სასჯელები უნდა დააწესოს.”

არც აღნიშნულ წერილში და არც დევიდ კრამერის სხვა საჯარო განცხადებებში ნათქვამი არ არის, რომ საქართველოს მთავრობამ ბელარუსთან ყველა სახის ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. 

ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობასა და დასავლურ სამყაროს შორის ურთიერთობები 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად დაიძაბა. არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, აქტივისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამო გასული ერთი წლის განმავლობაში ამერიკამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბელარუსს, ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები რამდენჯერმე დაუწესეს.

  1. დევიდ კრამერი საქართველოს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმისკენ არ მოუწოდებდა.

დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა მოუწევს, კრემლისტური მედიები და აქტორები უკვე წლებია ავრცელებენ, თუმცა მსგავსი იდეა საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებს, მათ შორის დევიდ კრამერს არ გაუჟღერებიათ. რეალურად აღნიშნული მანიპულაციები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიის ერთ-ერთ მოდელს უკავშირდება, რაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლას ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობის პირობით გულისხმობს. ნატო-ში საქართველოს ამ მოდელით ინტეგრაციასთან დაკავშირებული განცხადებები დევიდ კრამერს მართლაც აქვს გაკეთებული, თუმცა ეს არი ნიშნავს იმას, რომ იგი საქართველოს ნატო-ს წევრობის სანაცვლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობისკენ მოუწოდებს. 

ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას მოიაზრებს, რაც გულისხმობს, რომ თავდასხმა ნატო-ს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის შეფასებით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სწრაფი ინტეგრაციის მიზნით შესაძლებელია, რომ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი პირველ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გავრცელდეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ ამოქმედდეს. 

ნატო-ს წესდების მე-5 მუხლთან დაკავშირებული მანიპულაციების შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ: 

  •  მტკიცება, თითქოს ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მოხდება, მცდარია
  •  მანიპულაციები, თითქოს დასავლეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე სთავაზობს
  •  მანიპულაციები რასმუსენის განცხადებაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

“პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების” შესახებ

ფეისბუქ გვერდი “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” 2021 წლის 5 სექტემბერს შეიქმნა. გვერდს თავდაპირველად “კლოუნები ქართულო მედიიდან” ერქვა, თუმცა მან სახელი შექმნის დღესვე შეიცვალა. 

"
შექმნიდან ორი დღის განმავლობაში გვერდმა ირმა ინაშვილისა და პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ათი პოსტი გამოაქვენა. გვერდი ძირითადად ირმა ინაშვილის განცხადებებს აზიარებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენას ეხება. 

"

დევიდ კრამერთან ირმა ინაშვილის დაპირისპირების შესახებ

პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს პირველად 2019 წლის სექტემბერში “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე დაუპირისპირდა. 2019 წლის 10 სექტემბერს ირმა ინაშვილი კონფერენციაზე ტელეკომპანია “ობიექტივის” გადამღებ ჯგუფთან ერთად რეგისტრაციის გარეშე მივიდა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. კონფერენციის მოდერატორმა დევიდ კრამერმა ინაშვილს შენობის დატოვება მოსთხოვა, რის შემდეგაც კრამერსა და პატრიოტთა ალიანსის ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისიპირება მოხდა. 

2019 წლის 11 სექტმბერს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” საქართველოს პარლამენტში წარსადგენად “კრამერის სიას” ამზადებდა, რომელში შესულ პირებსაც მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიასთან კავშირის გამო საქართველოში შემოსვლა აეკრძალებოდათ. 13 სექტემბერს კი “პატრიოტთა ალიანსმა” დევიდ კრამერსა და ამერიკელ დიპლომატს მეთიუ ბრაიზას პროკურატურაში “პატივისა და ღირსების შელახვის” გამო უჩივლა. 15 სექტემბერს “პატრიოტთა ალიანსმა” ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს, რომელზეც პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე კრამერისა და ბრაიზას ქმედებები დაგმეს.  


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.