Здравоохранение/биобезопасность

“იბერია” ჯოგური იმუნიტეტის იმედად და დეზინფორმაცია ინგლისის ნაკრების ვაქცინაციაზე

16 July, 2021

14 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა გიორგი ფანჯავიძემ, რომელსაც მითითებული აქვს, რომ მოძრაობა “იბერიას” ხელმძღვანელია, ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვა გააზიარა, რომელშიც ვაქცინაციაზე საუბრობს. ფანჯავიძე აკრიტიკებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომლის გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან აუდიტორიებში მხოლოდ ვაქცინირებული სტუდენტები დაიშვებიან. ასევე საუბრობს საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე ჯანდაცვის მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ფანჯავიძის მტკიცებით ვაქცინები პანაცეა არაა და ამის დასტურად რამდენიმე მტკიცება მოჰყავს:

  • დიდი ბრიტანეთი პირველ ადგილზეა ევროპაში ინფიცირებით, როდესაც მოსახლეობის 90% აცრილია.
  • ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილე ინგლისის ნაკრები უარს აცხადებს ვაქცინაციაზე.
  • ვაქცინები დელტა შტამს ვერ შველის და სჯობს ჯოგური იმუნიტეტი გამოვიმუშაოთ

;
გიორგი ფანჯავიძე ვიდეოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით 1 მცდარ და 2 მანიპულაციურ განცხადებას ავრცელებს. რეალურად: 1) ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეს ინგლისის ნაკრებს ვაქცინაციაზე უარი არ განუცხადებია, 2) დიდ ბრიტანეთში ვაქცინები მუშაობს 3) ჯოგური იმუნიტეტი ვაქცინაციის ალტერნატივა არ არის.

მცდარი: ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილე ინგლისის ნაკრები უარს აცხადებს ვაქცინაციაზე

დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის ხელმძღვანელმა ენდი ენსონმა განაცხადა, რომ ბრიტანელი ათლეტების 90% ტოკიოს ოლიმპიადისთვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად იქნება აცრილი. მისი თქმით, არის ზოგიერთი ათლეტი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ასევე არიან ისეთებიც, ვინც ბევრს მოგზაურობს და ორჯერადად აცრას ვერ მოასწრებს, თუმცა, ენსონის თქმით, თითქმის ყველას 1 აცრა მაინც ექნება გაკეთებული. 

მანიპულაცია: დიდი ბრიტანეთი პირველ ადგილზეა ევროპაში ინფიცირებით, როდესაც მოსახლეობის 90% აცრილია

დღიური კოვიდ შემთხვევების რაოდენობით დიდი ბრიტანეთი ევროპაში მართლაც პირველ ადგილზეა, თუმცა 15 ივლისის მონაცემებით, მოსახლეობის 87.5% ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო სრულად ვაქცინირებული 67.1%-ია. ფანჯავიძე რიცხვებით მანიპულირებს, რეალურად კი ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოთვლებით, ვაქცინებმა დაახლოებით 30 300 ლეტალური შემთხვევა, 46 300 ჰოსპიტალიზაცია და 8 151 000 ადამიანის ინფიცირება ააცილა ქვეყანას თავიდან.

მანიპულაცია: ვაქცინები დელტა შტამს ვერ შველის და სჯობს გამოვიმუშაოთ ჯოგური იმუნიტეტი

დელტა ვარიანტი კოვიდ19-ის სხვა ვარიანტებთად შედარებით უფრო მაღალი გადადებით ხასიათდება, შესაბამისად მას შემდეგ, რაც ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე დომინანტური ვარიანტი გახდა, ინფიცირების რიცხვმაც იმატა. ჯერ-ჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება დასკვნის გამოსატანად, იწვევს თუ არა დელტა ვარიანტი დაავადების უფრო რთულ ფორმას და მეტ სიკვდილიანობას, თუმცა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, დელტა ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალ რისკთან ასოცირდება.

რაც შეეხება ვაქცინებს, სხვადასხვა კვლევებმა AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებზე აჩვენა, რომ ისინი დელტა ვარიანტის მიმართაც ეფექტიანები არიან. სიმპტომური კოვიდზე ეფექტიანობა სხვა შტამებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევა აჩვენებს, რომ დაავადების გართულებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას Pfizer 96%-ით, ხოლო AstraZeneca 92%-ით უზრუნველყოფს.

ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მიხედვით, აგვისტოს ბოლოს ევროპაში შემთხვევების 90% დელტა ვარიანტით იქნება გამოწვეული. ამასთანავე, ევროპის წამლების სააგენტოს განცხადებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინამ დელტა ვარიანტისგან დაგვიცვას.

გავრცელებულ ვიდეოში ფანჯავიძე ვაქცინაციის ალტერნატივად ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას გვთავაზობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტები განმარტავენ, რომ უცნობია, როდის მოხდება ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება ან მოხდება თუ არა საერთოდ. ვაქცინაციის გარეშე ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა აშშ-ის მაგალითზე გამოთვლებით, ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 70%-მა ანუ 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა კოვიდ19 უნდა გადაიტანოს, რაც სერიოზულ გართულებებთან და მილიონობით სიკვდილთან არის დაკავშირებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გვაქვს რეინფიცირების შემთხვევები და ვირუსის ახალი ვარიანტები, რაც კვლავ აგრძელებს ცირკულირებას, ხოლო იმუნური რეაქცია ვირუსის გადატანის შემდეგ არ არის ისეთივე ძლიერი, როგორც ვაქცინაციის შემდგომ.


მოამზადა მაიკო რატიანმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.