История

იყო თუ არა სსრკ დაცული ეპიდემიებისგან?  

16 July, 2021

28 ივნისს კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა მასალა,  სათაურით “ახლა მაინც, ხვდებით, რატომ ჰქონდა ჩაკეტილი სტალინს დიდ ბოქლომზე საბჭოეთის საზღვრები? – ბაკურ ივრისპირელი”, რომელიც ბაკურ ივრისპირელის ფეისბუქ პოსტს ეფუძნება. ივრისპირელი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირი ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. მისი თქმით, დაავადებების გავრცელებისგან ადამიანთა განსაკუთრებულ დაცულობას ქვეყნის ჩაკეტილი საზღვრები და უფასო სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფდა.

;

მტკიცება იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი დაავადებების პრევენციისა და სამედიცინო სფეროს განვითარების მხრივ მსოფლიოში მოწინავე პოზიციას იკავებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, სსრკ–ს ჯანდაცვის სისტემა დასავლურს ბევრად ჩამორჩებოდა და ქვეყანაში ინფექციური დაავადებების გავრცელების შედეგად გაცილებით მეტი ადამიანი იხოცებოდა. ამასთანავე, მითია ისიც, თითქოს ჩაკეტილი საზღვრების გამო საბჭოთა კავშირში ეპიდემიები არ არსებობდა. სსრკ-ში არაერთი ინფექციური დაავადება გაავრცელდა, კრემლი კი ცდილობდა ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები დაემალა.

News Front Georgia-ში გამოქვეყნებული მტკიცება, თითქოს საბჭოთა კავშირი დაკეტილი საზღვრების გამო მშვიდად ცხოვრობდა, იმ გზავნილის დამკვიდრებას ისახავს მიზნად, რომ დასავლეთისგან განსხვავებით სსრკ-ში ადამიანები ეპიდემიებისგან დაცულები იყვნენ. 

საბჭოთა კავშირში 1920–იან წლებში “ჭირის საწინააღმდეგო სისტემის” ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც ქვეყანაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციას ისახავდა მიზნად. სისტემის ფარგლებში ცენტრალურ აზიაში ათიათასობით ადამიანი დაასაქმეს, რათა შავი ჭირის მთავარი გადამტანი ცოცხალი ორგანიზმების, მღრღნელებისა და რწყილების, ადგილობრივი პოპულაციები სრულად გაენადგურებინათ. კრემლი აცხადებდა, რომ აღნიშნული პროგრამა უნაკლოდ მუშაობდა. 1960 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიულეტინში სსრკ იმასაც კი აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში 1928 წლის შემდეგ შავი ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჭირის საწინააღმდეგო სისტემაში მომუშავე ექიმების მემუარებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარება იყო. ინფექციური დაავადებები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში საკმაოდ ხშირად ვრცელდებოდა. არსებულ მდგომარეობას განსაკუთრებით ის ამძიმებდა, რომ ხელისუფლება სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკებში მომუშავე ექიმებს გაჩენილი ეპიდემიების შესახებ ინფორმაციის გაცვლასაც კი უკრძალავდა, რათა ქვეყნის იმიჯი არ შელახულიყო.

;

იმ ფაქტს, რომ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ინფორმირებულობა მეორეხარისხოვანი იყო, განსაკუთებით ნათლად წარმოაჩენს სვერდლოვსკის გახმაურებული შემთხვევა ასევე ცნობილი, როგორც „ბიოლოგიური ჩერნობილი.“ 1979 წელს აღნიშნულ ქალაქში არსებული ლაბორატორიიდან პერსონალის დაუდევრობის გამო ჯილეხის, იგივე ციმბირის წყლულის, ბაქტერიამ გაჟონა. პათოგენი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და სულ მცირე 66 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. კრემლი ცდილობდა მომხდარი მაქსიმალურად მიეჩქმალა. ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია თითქოს, სვერდლოვსკში ადამიანთა დასნეულება დაავადებული საქონლის ხორცის მოხმარებამ გამოიწვია და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო

იხილეთ ამონარიდები ურალის 1979 წლის გაზეთებიდან:

;;
ამრიგად, მითი იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირში ინფექციური დაავადებები არ ვრცელდებოდა  თავად სსრკ–ში გამოიგონეს, თუმცა ამ ტიპის დეზინფორმაციას რუსულ მედიაში დღესაც ვაწყდებით. მაგალითად, 14 აპრილს სპუტნიკმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სისტემის უპირატესობაზე დღევანდელ ესტონურ სისტემასთან შედარებით. სტატიაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს სსრკ–ში იმდენად მაღალი სანიტარული სტანდარტები იყო, რომ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეპიდემია არ მომხდარა.

იხილეთ ინფორმაცია საბჭოთა კავშირში მომხდარი ეპიდემიების შესახებ:

ჯანდაცვის სისტემა საბჭოთა კავშირში

საბჭოთა კავშირმა ცენტრალიზებული და სრულიად სახელმწიფოს მიერ მართული ჯანდაცვის მოდელის შექმნა ჯერ კიდევ 1920–იან წლებში დაიწყო და მიზნად  მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სამედიცინო სისტემის ჩამოყალიბება დაისახა. სამედიცინო პერსონალს არსებულ პრობლემებზე საუბარი ეკრძალებოდა და კრემლი ათწლეულების განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდა, რომ დასავლეთი საბჭოთა ჯანდაცვის უპირატესობაში დაერწმუნებინა. თუმცა, 80–იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყნის შედარებით ლიბერალიზაციასთან ერთად ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სსრკ–ში ამ მხრივ არცთუ სახარბიელო ვითარება იყო.

1991 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელზეც საბჭოთა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ერთობლივად მუშაობდნენ, სწორედ ორი სუპერსახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემების შედარებას ისახავდა მიზნად. ერთი შეხედვით სსრკ–ს უპირატესობა არაერთ მაჩვენებელში შეიმჩნეოდა. ქვეყანაში აშშ–სთან შედარებით ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით ორჯერ მეტი ექიმი  და სამჯერ მეტი საავადმყოფოს საწოლი იყო. თუმცა, საბჭოთა კავშირი შეერთებულ შტატებს ყველა ხარისხობრივ ინდიკატორში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. მაგალითად, 1979 წლისთვის აშშ ჯანდაცვაზე 212 მილიარდ ამერიკულ დოლარს ხარჯავდა, რაც საბჭოთა კავშირის სამედიცინო სფეროს ბიუჯეტს,  27.9 მილიარდ დოლარს თითქმის 8-ჯერ აღემატებოდა.

;

;
წყარო: Soviet Health Care from Two Perspectives, Healthaffairs.org

ქვეყანაში 1988–1989 წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, პოლიკლინიკების 19%-ისა და საავადმყოფოების 23%–ის მდგომარეობა „კატასტროფულად“ შეფასდა. ყოველ მეშვიდე სამედიცინო დაწესებულებას რეკონსტრუქცია ესაჭიროებოდა. საავადმყოფოების 20%–ს ცხელი წყალი არ მიეწოდებოდა, ხოლო 3%–ს კი ცივ წყალთანაც არ ჰქონდა წვდომა. სამედიცინო დაწესებულებების 17%–ში სათანადო სანიტარული პირობები არ იყო დაცული.

აღნიშნული პრობლემები პირდაპირ აისახა არაერთ დემოგრაფიულ მაჩვენებელზე. 1980–იან წლებში შეერთებულ შტატებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74.8 წელს უდრიდა, მაშინ როცა საბჭოთა კავშირში ეს მონაცემი 69.8 წელს შეადგენდა. გარდა ამისა, სსრკ–ში ბევრად მაღალი იყო დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ინფექციური დაავადებების გამო ქვეყანაში აშშ–სთან შედარებით ორჯერ მეტი ადამიანი იხოცებოდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ქვეყანაში ბოლო რამდენიმე ათწლეულში არსებული ტენდენცია გახლდათ. მაშინ, როცა დასავლეთში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მთელი ცივი ომის პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად იზრდებოდა, სსრკ–ში 1958 წლიდან 1978 წლამდე არსებულ პერიოდში მამაკაცთა სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 64.4–დან 62.5–მდე შემცირდა.


მოამზადა ლუკა ქილიფთარმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.