Здравоохранение/биобезопасность

შესაძლებელია თუ არა საქართველოში სისხლის დონაცია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის?

22 June, 2021

19 ივნისს ტვ “ობიექტივის” ღამის სტუდიის ეთერში წამყვანმა ნინო რატიშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინირებული დედის სისხლი შვილს არ გადაუსხეს. რატიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დირექტივა წითელი ჯვრიდან მოვიდა და მათი თქმით, უმჯობესია, სისხლი არავაქცინირებული ადამიანის იყოს.

17 ივნისს მსგავსი ინფორმაცია ასევე გაავრცელა ფეისბუქ მომხმარებელმა მანო ბერიძემ. გამოქვეყნებულ პოსტში ის ამტკიცებს, რომ დედამ საოპერაციოდ გამზადებულ შვილს სისხლი ვერ გადაუსხა, რადგან აცრილი იყო, თუმცა არ აკონკრეტებს თუ რომელ ვაქცინაზეა საუბარი. “აცრილების სისხლი თუ გამოუსადეგარია, აუცრელების იმედად რჩებით პატივცემულებოო?” - წერს მანო ბერიძე.

მსგავსი შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში ასევე ფეისბუქ მომხმარებლების Natela Kiria და ნანა ნინ გაგუას ფეისბუქ ანგარიშებზეც იძებნება. 

;

გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. “მითების დეტექტორი” იმუნოლოგ თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის წითელი ჯვრის რეგულაციებით ხელმძღვანელობს, რაც გულისხმობს შემდეგს: რნმ და ვექტორული ვაქცინებით აცრაზე არავითარი შეზღუდვა არ მოქმედებს, ხოლო ინაქტივირებული ვაქცინების შემთხვევაში, სისხლის გადასხმა ვაქცინაციიდან 2 კვირაშია შესაძლებელი.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა. მან სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, რომ საქართველოში არავითარი დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, ამიტომაც საქართველო საერთაშორისო დოკუმენტებით, ამერიკის წითელი ჯვრის რეგულაციებით ხელმძღვანელობს. ცერცვაძე განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც კოვიდგადატანილ პირს სისხლის ჩაბარების უფლება აქვს დაავადების გადატანიდან 28 დღის შემდეგ, ვაქცინაციის შემთხვევაში, ვადები განსხვავებულია, რაც ასევე ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. იმუნოლოგის თქმით, თუ ადამიანი ინაქტივირებული ვაქცინით, საქართველოს შემთხვევაში სინოფარმით ან სინოვაკით არის აცრილი, ამ დროს უნდა მოხდეს სხვა პიროვნებისთვის სისხლის გადასხმის 14 დღიანი გადავადება, ხოლო თუ ვაქცინა ახალი ტექნოლოგიითაა დამზადებული, საუბარია რნმ ან ვექტორულ ვაქცინებზე (ფაიზერი, ასტრაზენეკა, ჯონსონი და ჯონსონი), ასეთ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს და ადამიანს სისხლის ჩაბარება ნებისმიერ დროს შეუძლია.

სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით ასევე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს წითელი ჯვარი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი ადამიანების სისხლის დონაციას კრძალავს. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:


მოამზადა ანა ფუტკარაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.