Политика

რა სურს პუტინს და რა უკრაინელ ხალხს?

15 June, 2021

 

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია, Россия-1-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლდიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინელების სულ მცირე 50%-ს NATO-ში შესვლა არ სურს .

 

 

ვლადიმირ პუტინი, რფ პრეზიდენტი: უკრაინის მოქალაქეების მინიმუმ 50%-ს არ სურს ქვეყნის ნატოში შესვლა. ეს ჭკვიანი ხალხია. ამას ირონიის გარეშე ვამბობ. არა იმიტომ, რომ სხვები სულელები არიან. არამედ იმიტომ, რომ მათ, ვისაც არ სურთ [ნატოში შესვლა] ესმით, რომ მათ არ სურთ ცეცხლის ხაზზე ყოფნა. არ სურთ იყონ საზარბაზნე ხორცი.

ვლადიმირ პუტინის განცხადება მანიპულაციურია. რეალურად, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 48% მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, წინააღმდეგი კი მხოლოდ 28%-ია.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ უკრაინის მოქალაქეთა მინიმუმ 50%-ს ნატოში გაწევრიანება არ სურს, მანიპულაციურია. ერთ-ერთი ბოლო კვლევა ამ საკითხზე 2021 წლის მარტში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა. კითხვაზე, “ხვალ რომ რეფერენდუმი ჩატარდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, რას მისცემდით ხმას?” პასუხები კი ასე გადანაწილდა:

  • 48% - ხმას მისცემდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას
  • 28% - ხმას მისცემდა ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ
  • 13% - პასუხის გაცემა უჭირს/პასუხი არ აქვს
  • 11% - რეფერენდუმში მონაწილეობას  არ მიიღებდა.

მანიპულაციურია მტკიცება, რომ ბოლო ორი კატეგორიის წარმომადგენლებს, გამოკითხულთა 23%-ს ნატოში გაწევრიანება არ სურთ.

ამაზე მიუთითებს კიდევ ერთ გამოკითხვა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში უკრაინულმა ინსტიტუტმა მომავლისათვის (UIF) New Image Marketing Group-თან ერთად ჩაატარა. გამოკითხვის შედეგები ასეთია:

  • 43% - სრულად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას
  • 21% - ნაწილობრივ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას
  • 7% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას
  • 12% - სრულად ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამდე და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერამდე, სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ გამოითხვებში ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი 50%-ს მართლაც აღემატებოდა. მაგალითისათვის 2009 წელს, Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 51% ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, მომხრე კი - 28%.

თუმცა, 2014 წლის შემდეგ ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა. IRI-ს კვლევაში მოცემულია გასულ წლებში ამავე კითხვაზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებლები, საიდანაც ჩანს, რომ ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა მაქსიმალური რაოდენობა 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ 43% იყო, მას შემდეგ კი 40%-ს არ აღემატება.

1


ქეთი ხუციშვილი