Разное

ულტრანაციონალისტური და კრემლისტური ჯგუფების გზავნილები დმანისის მოვლენებზე 

20 May, 2021

16 მაისს ქვემო ქართლში, ქალაქ დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ დაპირისპირებას მეორე დღეს სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. 17 მაისს ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეცდანიშნულების რაზმის და მთავრობის წარმომადგენლების ჩართვა გახდა საჭირო.

დმანისში ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის დაპირისპირებისას, როგორც სოციალურ ქსელში, ისე ადგილზე სიძულვილის ენის გამავრცელებელი ჯგუფები გააქტიურდნენ. ულტრანაციონალისტური და კრემლისტური ჯგუფები “ლიბერალური მედიის” უნდობლობის მიზეზით კონფლიქტის გასაშუქებლად დმანისში ჩავიდნენ და დაპირისპირება  შუღლის გაღვივების მცდელობად და ეთნიკური აზერბაიჯანელების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად შეაფასეს.
“მითების დეტექტორმა” 14 ფეისბუკ გვერდი, 3 ჯგუფი (ერთობა, რაობა, იმედი - მხარდამჭერები, დიდება ერს სიკვდილი მტერს, ✅🇬🇪ერთობა🇬🇪✅) და 1 ფეისბუკ ანგარიში გამოავლინა, რომლებიც,  ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების, ხოლო მეორე მხრივ, ჟურნალისტების დისკრედიტაციას ეწეოდნენ.

ულტრა-ნაციონალისტური და კრემლისტური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან შემდეგი სახის იდენტური გზავნილები ვრცელდებოდა:

  • ეს იყო ეთნიკური აზერბაიჯანელების პროვოკაცია;
  • საქართველო ქართველებისაა, დანარჩენები კი სტუმრები არიან;
  • შუღლის გაღვივებას ხელი “ლიბერალურმა ტელევიზიებმა” შეუწყვეს;
  • საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ლოიალურად ეპყრობიან;
  • დმანისელ აზერბაიჯანელებს მარნეულელი აზერბაიჯანელები დაეხმარებიან;
  • ქვემო ქართლში კონფლიქტის გამწვავებისას აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთი გახდება, ჩვენ კი მარტო აღმოვჩნდებით.

შუღლის გაღვივების მცდელობაში ჟურნალისტები პროსახელისუფლებო ექსპერტებმაც დაადანაშაულეს. სახელისუფლებო ექსპერტებმა და ანტიოპოზიციურმა გვერდმა (ტერენტი გლდანელი) პროვოკაციასა და კონფლიქტის გამწვავებაში ჟურნალისტებს დასდეს ბრალი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წარმომადგენელმა (ვახტანგ გომელაური) და მმართველი პარტიის დეპუტატმა (ელისო ბოლქვაძე) დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას ორი სახელმწიფოს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობა და მეგობრობა ახსენეს, რითაც საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები მეზობელ სახელმწიფოსთან გააგივეს. 

პროვოკაცია აზერბაიჯანელების  მხრიდან
“საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი გაბედავამ დმანისში მოქალაქეებს შორის დაპირისპირება “აზერბაიჯანელების მხრიდან პროვოკაციად” შეაფასა, ხოლო ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების (Fაქტები, კარდჰუ, პატროტული გვერდი) პოსტებში ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელები უროებით, ქვებით იყვნენ შეიარაღებული, ერთ-ერთმა მათგანმა კი მანქანით ქართველი მოსახლეობის გაჭყლეტა სცადა. გიორგი გაბედავას პოსტი გაზიარდა ჯგუფში “დიდება ერს სიკვდილი მტერს”, ხოლო ხალხში აზერბაიჯანელის მანქანით შევარდნის ვიდეო ფეისბუკ გვერდებთან (კარდჰუ, პატროტული გვერდი) პირად გვერდზე პატრიოტი ტვ-ის დამფუძნებელმა და პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტმა გიორგი ირემაძემაც გააზიარა.
 

 


საქართველო მხოლოდ ქართველებისაა
17 მაისს ნაციონალისტური და პრორუსული ჯგუფების მხარდამჭერმა ფეისბუკ ჯგუფებმა და გვერდებმა  (✅🇬🇪ერთობა🇬🇪✅Fაქტები) და ანგარიშმა (Georgian Page) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლის მიხედვითაც საქართველო პირველ რიგში ეთნიკურად ქართველებს ეკუთვნის, სხვა დანარჩენები კი სტუმრები არიან. იდენტური პოსტი ლევან ვასაძის მიერ ახლადშექმნილი პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის” მხარდამჭერების ჯგუფშიც (ერთობა, რაობა, იმედი - მხარდამჭერები) გამოქვეყნდა.
;

;

შუღლის გაღვივებას ხელი “ლიბერალურმა მედიებმა” შეუწყვეს
ამავე ულტრანაციონალისტური და კრემლისტური ჯგუფების (Fაქტები, Georgian Page, დადუმებული ქართველობა, ქართული გვერდი / Georgian Page, კონსერვატიული პლატფორმა, ალილო მარნეულში)  მიხედვით, 17 მაისს ეთნიკური შუღლის გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი ლიბერალურმა ტელევიზიებმა შეასრულეს. “მთავარის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ კონფლიქტის აღწერისას ”ადგილობრივი აზერბაიჯანული თემისა” და “სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების” ხსენება, ულტრანაციონალისტური და ანტიოპოზიციური (ტერენტი გლდანელი)  ჯგუფების აზრით, ქართველ მოსახლეობაზე მიზანმიმართული შეტევა იყო.  ფეისბუკ ჯგუფში “✅🇬🇪ერთობა🇬🇪✅Georgian Page-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ფეისბბუკის პირად გვერდზე გააზიარა პატრიოტი ტვ-ის დამფუძნებელმა და პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტმა გიორგი ირემაძემ.

 

ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ჟურნალისტები  ალტ-ინფოს ეთერში, 17 მაისს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც დაადანაშაულა:

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ეს არის სამთავიანი მედიაჰიდრა [ტვ პირველი, ტვ ფორმულა, მთავარი არხი], რომელშიც გეგმაზომიერად მეთოდურად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკური შუღლის გაღვივება პირდაპირ ეთერში [...] ეს რაც მე „ტვ პირველში“ მოვისმინე, სხვა არაფერია, ეს რაც უშუალოდ [გიორგი] გაბუნიას ბაგეთაგან მოვისმინეთ, როდესაც მან სიტყვასიტყვით შემიძლია გითხრათ კიდეც რაც თქვა, რომ „აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის“ გესმით თქვენ რამხელა სეგრეგაციას აქვს ადგილი?! რას აკეთებენ?! რომ საქართველოს მოქალაქეების დაყოფა ხდება ზუსტად იმ მეთოდური საშუალებებით, რამაც კიდევ უნდა დაძაბოს, კიდევ უნდა ესე ვთქვათ შექმნას დაძაბულობის კერა რაიონში“. 

სახელისუფლებო ექსპერტები

სახელისუფლებო ექსპერტებმა დმანისში მომხდარ კონფლიქტში არა ხელისუფლების, არამედ ჟურნალისტების და ოპოზიციის როლი გამოკვეთეს და კონფლიქტის გამწვავებაში ბრალი მედიას დასდეს. სახელისუფლებო ექსპერტის, გია აბაშიძის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობა მედიასთან კოორდინაციაში ყოველთვის ცდილობს, მოვლენები გააბუქოს, შფოთი, არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს:

გია აბაშიძე: დმანისში არსებულ დაძაბულობაზე: - როგორ აღმოჩნდა ასე ოპერატიულად მაღაზიის სათვალთვალო კამერის ვიდეომასალა წუხანდელი "გლავკანალის" ეთერში? - რატომ ხდება მყისიერად ზოგიერთი მავნებელი "ჟურნალისტის" მიერ ამ დაპირისპირების "ეთნიკურ შუღლად, კონფლიქტად" უაპელაციოდ შერაცხვა? ყველას კარგად გვახსოვს პრემიერ ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტამდე გარეჯში ივერი მელაშვილისა და ნაცტელევიზიის პროვოკაციული სტუმრობა. მე უნებლიე დამთხვევების არ მჯერა! მით უმეტეს, როცა საქართველოში ჯერ კიდევ პარპაშობს სააკაშვილის სექტა საკუთარი განშტოებებით და ყოველ საბაბს, მიზეზს ეძებს იმისათვის, რომ მოვლენები ტრაგიკულად გააბუქოს, გამოიწვიოს შფოთი, არეულობა და დესტაბილიზაცია ნებისმიერი მიმართულებით. სამართალდამცველები გაგვცემენ პასუხებს დმანისის დაპირისპირების მიზეზებზე და დამნაშავენიც საკადრისად დაისჯებიან. აი, მავნებელთა გაუჩერებელ ქმედებებს როდის ამოედება ლაგამი?”

სახელისუფლებო ექსპერტის, ლევან ნიკოლეიშვილის აზრითაც, ვითარების ესკალაციაში დიდი როლი ჟურნალისტებმა ითამაშეს და იმის გამო, რომ მათ ხელისუფლება არ მოსწონთ, დმანისში მომხდარი კონფლიქტი არასწორად გააშუქეს:

ლევან ნიკოლეიშვილი: “ასევე იყვნენ სხვა აქტორებიც, ისევ და ისევ გარკვეული მედია საშუალებები, რომლებიც ყიჟინას სცემდნენ და ხელებს იფშვნეტდნენ იმის მოლოდინში, რომ იქნებ და მომხდარიყო უფრო სერიოზული დაძაბულობა და ამას უყურებდნენ არა შეშფოტებით, არამედ ერთგვარი აღტკინებითაც.”

პროვოკაციულ ნაბიჯად და შუღლის გაღვივების მცდელობად შეაფასა სახელისუფლებო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ “ფორმულას” ჟურნალისტის, ვახო სანაიას იუმორისტული ფეისბუკ პოსტები, რომლებიც ჟურნალისტს პირად გვერდზე სხვადასხვა დროს ჰქონდა გამოქვეყნებული, სალუქვაძემ კი ძველი პოსტები დმანისის კონტექსტს დაუკავშირა. 

;
ქართული მედიები ქვეყნის საფრთხედ წარმოაჩინა თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, სოსო მანჯავიძემაც:

სოსო მანჯავიძე, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი: “დმანისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რომ უკონტროლო, ქვეყნის გარედან დაფინანსებული მედიები ქვეყნისათვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ. საბოლოო ჯამში ქვეყნის მტრების სამსახურში მდგარი ასოების, მედიების და პარტიების ტრიო საქართველოს სრული დეზინტეგრაციისკენ მიაქანებს, რის საფრთხესაც ბრმა თუ ვერ დაინახავს.”

საქართველოს თუ აზერბაიჯანის მოქალაქეები? 

აღსანიშნავია, რომ დმანისში მომხდარ კონფლიქტზე საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შორის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ახსენა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეთნიკურ დაპირისპირებას არ დაუშვებდა:

ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი: "ამ თემას [ეთნიკურ დაპირისპირებას] არ დავუშვებთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარია და ეს არ უნდა დავუშვათ. ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, არის ქვეყნის მტრობა.”

იდენტური გზავნილი საქართველოს პარლამენტის წევრმა, ელისო ბოლქვაძემაც გაახმოვანა, რომელმაც  ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტზე საუბრისას  აღნიშნა, რომ საკითხი ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ ატმოსფეროში გადაწყდებოდა”

ელისო ბოლქვაძე, პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან: "საქართველოსთვის ყველა თავისი მოქალაქე არის ძალიან ძვირფასი. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი იქნება დარეგულირებული, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სამართლიანად გადაწყვეტილი კონფლიქტი. გამოიძიებენ იმ ადამიანებს, ვინც ამ კონფლიქტს ან აღვივებდა, ან დაიგეგმა წინასწარ, ან არ დაიგეგმა წინასწარ და ამას ყველაფერს აუცილებლად მიხედავს სახელმწიფო და გადაწყდება ყველაზე საუკეთესო, მეგობრულ ატმოსფეროში, დარწმუნებული ვარ, ორ სახელმწიფოს შორის"

სხვა წყაროები

ალტერნატიული ინფორმაციისა და კონსერვატიული პლატფორმის მიხედვით კი, დეზინფორმაციის გამავრცელებელი “ლიბერალი ჟურნალისტები” დმანისიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ გააძევა:
;
“ალტერნატიული ინფორმაციის” პოსტი გააზიარა ფეისბუკ გვერდმა “ალილო მარნეულში”, რომელიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ქადაგებების გარდა, ლევან ვასაძის მხარდამჭერ პოსტებსაც ავრცელებს.
;
;
ფეისბუკ გვერდმა Fაქტები ჟურნალისტებს კიდევ ორი პოსტი მიუძღვნა და ისინი ინფორმაციის არაობიექტურად გავრცელებაში დაადანაშაულა:

;
დმანისელ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მარნეული დაეხმარება
ნაციონალისტურმა გვერდებმა (ქართული ძალა, ყბადაღებული საზოგადოება) გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს დმანისელი აზერბაიჯანელების მხარდასაჭერად მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები მიდიოდნენ, რის გამოც მოსახლეობას სვანების მხარდასაჭერად წასვლას მოუწოდებდნენ:

;
;

მთავრობა ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ ლოიალურია
გვერდები ყბადაღებული საზოგადოება და ქართული ძალა მთავრობას ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში სდებდნენ ბრალს და წერდნენ რომ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს ისევე უნდა ეპყრობოდნენ, როგორც აზერბაიჯანში - ინგილოებს.
;
მედიაში გაჟღერებულ ფრაზას, რომელშიც სვანები “ეკომიგრანტებად”, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელები - ადგილობრივებად იყვნენ მოხსენიებული, უკმაყოფილება მოჰყვა და დმანისში მცხოვრებ სვანებს სოლიდარობა ნაციონალისტურმა გვერდებმა (ქართული ძალა, კარდჰუ, ყბადაღებული საზოგადოება, ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze's blog, Fაქტები, დედოფალი, ალილო მარნეულში, სვანეთი და სვანები) გამოუცხადეს:

 


აზერბაიჯანი ისტორიული მტერია, რომელსაც ქვემო ქართლის მიტაცება სურს

ისტორიული ტრამვების გაღვივივება “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ სცადა, აზერბაიჯანს ისტორიული მტერი უწოდა და ჰერეთისა და გარეჯის წართევაში დაადანაშაულა, რომელსაც  თვალი ქვემო ქართლის მიტაცებაზეც უჭირავს:

;
17 მაისს, “ალტ-ინფოს” ეთერში კი წამყვანმა შოთა მარტინენკომ გამოთქვა შიში, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, აზერბაიჯანს თურქეთი დაეხმარებოდა,  საქართველო კი სრულიად მარტო იქნებოდა ამ ბრძოლაში:

შოთა მარტინენკო, “ალტ-ანალიტიკის” წამყვანი: აზერბაიჯანელებთან რომ კონფლიქტი გაღვივდეს, იმ გეოპოლიტიკური ვექტორის პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ რა გვიცავს? ცხადია, მისი მოკავშირე იქნება თურქეთი და შეიარაღების რაოდენობა და ხარისხი, ფინანსების რაოდენობა, ადამიანური რაოდენობა, [ირაკლი მარტინენკო: არავინ არ გვიცავს] ეგენი ყველაფერი მაგის მხარეზე არის. შეიარაღება ვიღაცამ უნდა მოგაწოდოს, ვინ მოგვავწვის ჩვენ და რა დაგვიცავს?

“ალტ-ანალიტიკის” წამყვანის, გიორგი ქარდავას თქმით, აზერბაიჯანულ სოფლებში ახალგაზრდების მობილიზაცია მიდის და შესაძლოა ყარაბახის სცენარი გამეორდეს:

გიორგი ქარდავა, “ალტ-ანალიტიკის” წამყვანი: “დაახლოებით 3-4 თვეა აზერბაიჯანული სოფლების ცენტრებში ახალგაზრდების მობილიზაცია ხდება, ყოველ ღამე შეკრებებია, დაძაბულობის ელფერი ჩანს, 4 თვის წინ ხო ვიცით რაც მოხდა, ყარაბაღში ომი იყო, რაც დასრულდა აზერბაიჯანის გამარჯვებით.”

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა, გიორგი გიგაურმა დმანისში განვითარებული მოვლენები ისრაელში განვიარებულ ტერორისტულ შეტევას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ დმანისში გაჟღერებულ მოწოდებებში ქართველების აყრა და გადასახლება მოითხოვებოდა:

გიორგი გიგაური, “ასავალ-დასავალის ჟურნალისტი”: “რატომ მოხდა ერთდროულად ისრაელისა და საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული შეტევები…  დმანისში იყო მოწოდებები, რომ ქართველები უნდა აყარონ და გადაასახლონ [... ] ქართული მედია არ აშუქებდა ეთნიკური აზერბაიჯანელების ძალადობას.”

ტროლები
ულტრანაციონალისტური გვერდების პარალელურად სოციალურ ქსელში გამოჩდნენ ყალბი ანგარიშებიც, რომლებიც სხვადასხვა პოსტზე ერთი მხრივ ჟურნალისტების, ხოლო მეორე მხრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელების მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებდნენ.

1.Geo Geo
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 15 მეგობარი. დაწერა გიორგი გაბუნიას მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარი.

2. Gaugmda Gaugmda
;

არ აზიარებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, დაწერა გიორგი გაბუნიას მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარი.

3. Gi Ga
;

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითებული აქვს სახელი quji.lipariti. დაწერა ეთნიკურად აზერბაიჯანელების შეურაცხმყოფელი კომენტარი.

4. Jeka Jeka
;

მალავს იდენტობას, არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს. ჰყავს 21 მეგობარი. დაწერა ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი კომენტარი.

5,T'amara T'amo
;

მალავს იდენტობას, დაწერა ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი კომენტარი.

6. Ika Ika
;

მალავს იდენტობას, არ აქტიურობს პირად პროფილზე. დაწერა ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი კომენტარი.

7. Ачи Ачи
;

მალავს იდენტობას, დაწერა ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი კომენტარი.

8. ლია ლია
;

მალავს იდენტობას. დაწერა ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი კომენტარი.

9. Gauqmda Gauqmda
;

მალავს იდენტობას. დაწერა შეურაცხმყოფელი კომენტარი აზერბაიჯანელების მისამართით.

10. მგლების ქვეყანა
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული მარშის გვერდი. დაწერა შეურაცხმყოფელი კომეტარი ჟურნალისტების წინააღმდეგ.


 

მოამზადა ანი ქისტაურმა