Разное

საიდან იღებს სათავეს “ლურჯი სხივის” კონსპირაცია?

7 April, 2021

პირველ აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმა რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში საუბარია პროექტზე Blue Beam (ლურჯი სხივი). ვიდეოს მიხედვით, “ლურჯი სხივი” ნასასა და გაეროს  ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც უძლიერესი ტექნელოგიების გამოყენებით დედამიწაზე ახალ რელიგიას გაავრცელებენ და ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად სხვადასხვა სიმულაციურ გამოსახულებებს შექმნიან, რის შემდეგაც “ახალი მსოფლიო წესრიგი” საბოლოოდ დამყარდება. 

;

“ლურჯი სხივი” (Blue Beam) შეთქმულების თეორიაა, რომელიც 1994 წლიდან ვრცელდება და “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ კონსპირაციას ავითარებს. 

  • რას არის  “ლურჯი სხივი”?

“ლურჯი სხივი” (Blue Beam) შეთქმულების თეორიაა, რომელიც “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარების შესახებ კონსპირაციას ავითარებს. კონსპიროლოგების მიხედვით, “ლურჯი სხივის” თეორიაში აღწერილი პროცესები “ახალი მსოფლიო წესრიგის” დასამყარებლად საჭირო საწყისი ეტაპებია. 

“ლურჯი სხივის” თეორეტიკოსების მიხედვით, NASA-მ (აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მაღალგანვითარებული ტექნელოგიის შექმნა დაიწყეს. ამ ტექნელოგიის გამოყენებით დედამიწის გარშემო განლაგებული სატელიტების საშუალებით მთელი დედამიწა ერთდროულად ცაში გამოსახულ რაიმე სიმულაციას დაინახავს. კონსპირაციის თანახმად, სწორედ ამ მეთოდით, “ლურჯი სხივის” ფარგლებში, ანტიქრისტესთან თანამშრომლობით,  მეორედ მოსვლის სიმულაცია შეიქმნება და დედამიწის ყველა მოსახლე ერთი ახალი რელიგიის ეგიდით გაერთიანდება. შედეგად, ტოტალური კონტროლის დამყარება უფრო გამარტივდება და “ახალი მსოფლიო წესრიგის” განხორციელებისთვის საჭირო სხვა ეტაპების დაწყებაც არ დააყოვნებს. 

გოჩა ჩუმაშვილის გავრცელებულ ვიდეოში “ლურჯი სხივის” თეორიის ავტორიცაა ნახსენები. სერჟ მონასტი კონსპირაციის თეორიების გამომძიებელი კანადელი ჟურნალისტი იყო, რომელმაც 1994 წელს თავად გამოაქვეყნა წიგნი სახელად “პროექტი ლურჯი სხივი (ნასა)” (Project Blue Beam (NASA). სწორედ ამ წიგნში მონასტმა დეტალურად აღწერა საერთო რელიგიის დამყარების ეტაპები. მონასტი 1996 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ მის მიმდევრებში ეჭვები გააჩინა. ისინი დღემდე აღნიშნავენ, რომ რეალურად მონასტი “ფსიქოტროპული იარაღით” მოწამლეს.

საინტერესოა, რომ მონასტის ავტორობით გამოცემული “ლურჯი სხივის” თეორია ამერიკული ფრენჩაიზის, “ვარსკვლავური გზის” სცენარისტის, ჯინ როდენბერის უფრო ადრინდელი იდეის იდენტურია. როდენბერის სცენარში დედამიწის დაპყრობას უცხოპლანეტელები აპირებდნენ, ამისთვის კი დედამიწაზე ტექნოლოგიური სიმულაციით შექმნილ რელიგიურ ლიდერებს უშვებდნენ, რათა ჯერ ხალხის რწმენა შეერყიათ, შემდეგ კი თავიანთი რწმენა გაევრცელებინათ. კომპანია “პარამაუნტმა” როდენბერის იდეა “ვარკვლავური გზისთვის” დაიწუნა, შედეგად როდენბერიმ სხვა სცენარი შეიმუშავა და “ვარსკვლავური გზის” ერთ-ერთი საკულტო მონაკვეთი “The Motion Picture” 1979 წელს ეკრანებზე გამოვიდა,  თუმცა არც პირვანდელი ვარიანტი დაივიწყა და მონასტის წიგნამდე რამდენიმე წლით ადრე ნოველის სახით გამოაქვეყნა. 

;
ილუსტრაცია: ბობ პიკი

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსიის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის დროს “ლურჯი სხივის” თეორია ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, რადგან მონასტის მიერ აღწერილ სცენარში ადამიანებზე კონტროლის დამყარების მესამე, ფინალურ ფაზაში ანტიქრისტე ადამიანების დასამორჩილებლად ეპიდემიების გამოწვევის ხერხს მიმართავს. კონსპიროლოგები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო. 

  • ვიდეოს პირველწყაროს შესახებ

გოჩა ჩუმაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო ინტერნეტში პირველად 2018 წლის 29 სექტემბერს გამოჩნდა და მისი ავტორია რუსული Youtube არხი  “Крамола.”

;

ამ იუთუბ არხის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მისი დახმარებით უნიკალური წიგნების შეძენა შეგვიძლია. Крамола-ს იუთუბ არხსა და ვებ-საიტზე ხშირად შევხვდებით სხვა კონსპირაციული შინაარსის ვიდეოებსაც. 

;;

“ახალ მსოფლიო წესრიგთან” დაკავშირებული კონსპირაციის თეორიის წარმოშობის შესახებ დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.