Здравоохранение/биобезопасность

რას ასახავს რეალურად 3 ფოტო, რომელზეც გვამებია ასახული?

31 March, 2021

25 მარტს ფეისბუქ გვერდმა “ახალგაზრდული” გამოაქვეყნა 3 ფოტოსურათი აღწერით: „ვინც დაამუღამა და არ დაგოიმდა გენაცვალეთ 🖤 კორონა აფიორა ბოლივუდის სპეცეფექტებით 😃“. ფოტოებზე შეფუთული გვამების გადატანის პროცესია გამოსახული და აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ უჭირავს სამედიცინო პერსონალს სავარაუდო გვამები, რისთვისაც ფოტოებზე მათი ხელები შემოხახულია. პოსტის აღწერაში მითითებული არ არის, თუმცა ავტორი სავარაუდოდ ფოტოებზე გამოსახული გვამების სიმსუბუქეზე აპელირებს.

 ; 

„ახალგაზრდულის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მანიპულაციური შინაარსი აქვს, ის კორონავირუსის არსებობის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს, საილუსტრაციოდ კი მოჰყავს ფოტოები, რომლებსაც დამატებითი კონტექსტის გარეშე მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. რეალურად 3 ფოტოდან ორი ნამდვილ გვამებს არ ასახავს - ერთი სიმბოლური ე.წ. stock ფოტოა, მეორე კი საპროტესტო აქცია-პერფორმანსი. რაც შეეხება მესამე ფოტოს, ის მანიპულაციურად არის მოჭრილი.

ფოტოები, რომელიც გვერდმა „ახალგაზრდული“ გამოაქვეყნა, ფეისბუქზე ჯერ კიდევ 2020 წლის 30 ნოემბერს გამოჩნდა. ფოტოების უკუძიების ინსტრუმენტის (Reverse Image Search) გამოყენებით ვიგებთ, რომ სამივე ფოტო სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურ ქსელებში მანიპულაციური შინაარსით აქტიურად ვრცელდებოდა, რაც პანდემიასთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევებისა და რეალური სტატისტიკის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავდა მიზნად. ფოტოები გერმანულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა გამოცემა correctiv.org-მა და AFP-ს ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამაც გადაამოწმეს. 

პირველ ფოტოზე ნაჩვენებია სამედიცინო პერსონალისთვის დამახასიათებელი დამცავი უნიფორმით აღჭურვილი ორი ადამიანი, რომელსაც გვამი მსუბუქად, მხოლოდ თითებით უჭირავთ.

 ;

ფოტო იძებნება საჯარო ბაზაში (ე.წ. stock photo) და წარმოადგენს სააგენტო EyeEm-ის საკუთრებას. ორიგინალი ფოტო ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდზე. Tineye-ს საძიებო სისტემის მეშვეობით ჩანს, რომ აღნიშნული ფოტო Stock adobe და shutterstock-ზეა განთავსებული.

;

ამასთან, გამოცემა Correctiv სააგენტოს წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად იყო დადგმული ფოტო, რომელიც ხელმისაწვდომია საჯარო ბაზაში და კორონავირუსით გარდაცვლილებთან კავშირი არ აქვს. მსგავსი სიმბოლური ფოტოები კომპანიების, გამოცემებისა და სხვა ორგანიზაციებისა თუ პირების მიერ სტატიების, ვებ-გვერდების ან სხვა მასალის ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება. 

მეორე ფოტო მანიპულაციურად არის მოჭრილი და რეალურად კუბო ერთის ნაცვლად სამ ადამიანს უჭირავს. ორიგინალი ფოტო ბრაზილიური Folhapress-ის მიერ 2020 წლის 19 ნოემბერს არის გამოქვეყნებული.

 ;

 ;

გარდა ამისა, AFP-ის ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია დაუკავშირდა ფოტოს ავტორს, რომელმაც განაცხადა, რომ კუბო ნამდვილად არ იყო ცარიელი და ის 2020 წლის აპრილში კოვიდ19-ით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვას ასახავდა. აღნიშნული ფოტოს მოჭრილი ვერსია ბრაზილიაშიც გავრცელდა და ის ბრაზილიურმა გამოცემებმა Lupa-მ და Extra-მაც გადაამოწმეს.

;
ფოტოს სქრინშოტის წყარო: Extra

როგორც reverse image search ინსტრუმენტი იანდექსის საძიებო სისტემაში გვიჩვენებს, აღნიშნული ფოტო მანიპულაციური შინაარსით ტვიტერზე სხვადასხვა ანგარიშების მიერაც ვრცელდებოდა.

;

რაც შეეხება მესამე ფოტოს, მითების დეტექტორმა ის 2020 წლის 23 სექტემბერს გადაამოწმა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ფოტო რეალურად სულ სხვა მოვლენას ასახავს და 2020 წლის 27 მაისს, მაიამიში, ფლორიდის შტატშია გადაღებული.

 ;

ფოტო საპროტესტო აქცია-პერფორმანსს ასახავს, რომლითაც აქციის მონაწილეები კორონავირუსით გარდაცვლილებს პატივს მიაგებდნენ და პანდემიით გამოწვეულ უმუშევრობას აპროტესტებდნენ, რაზეც მთავრობის არასაკმარისი რეაგირებისთვის აკრიტიკებდნენ. ამისთვის მონაწილეებმა დაკრძალვის სიმბოლური სცენა გამართეს და ქუჩაში ასფალტზე შავ პარკში გახვეული გვამის ფორმები განათავსეს. 

 ;


მოამზადა შალვა დეკანოზიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.