Политика

მდინარე ჯაყისწყალის კალაპოტის აღდგენა თუ თურქეთისთვის 6 ჰექტარის გადაცემა?

3 February, 2021

28 იანვარს ივერი მელაშვილის გათავისუფლების შემდეგ სოციალურ ქსელსა და ტელევიზიაში სხვადასხვა ულტრანაციონალსტმა აქტორმა გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ 2016 წელს კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა თურქეთს საქართველოს კუთვნილი 6 ჰექტარი მიწა გადასცა. ეს ინფორმაცია ძირითადად მელაშვილის “მოღალატეობის” დასადასტურებელ არგუმენტად გამოიყენება.

ირმა ინაშვილი, პატიოტთა ალიანსი, 1-ლი თებერვალი: წლების წინ სწორედ ივერი მელაშვილი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც მაშინ მიდიოდა საუბარი 6 ჰექტარ ქართულ მიწაზე სხვათა შორის, რომელიც გადაეცა თურქეთის მოქალაქეს.

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება, 30 იანვარი: “ივერი მელაშვილის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ქმედება - თუ როგორ გადაცსა მან და მისმა კომისიამ თურქეთს 6 ჰექტარი ტერიტორია. ყოველივე 2016 წელს მოხდა როცა პრემიერი კვირიკაშვილი იყო.”

 ალტ-ინფო, ალტ-ინტერვიუ, 29 იანვარი, თათია გაბრიჭიძე, ჟურნალისტი: „ივერი მელაშვილმა, მაგალითად გაავლო ხაზი აზერბაიჯანთან და მისცა, და ანალოგიურად თურქთის შემთხვევაშიც, ივერი მელაშვილმა 6 ჰექტარი მიწა მისცა თურქებს, მიწა რომელიც იყო სადავო, მაგრამ მან გადაუფორმა. დეტალურად ვერ გეტყვით, რა დოკუმენტების საფუძველზე იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა პალიტრანიუსზე ამის ნახვა შესაძლებელია.“

ბექა ვარდოსანიძე, ფეისბუქ მომხმარებელი, 29 იანვარი: “დასტურ !!! იცანით ფოტოზე? ერის მოღალატე ქართული მიწების გამყიდველი!!! 2016, 27 აპრილი საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტი იყო.”

საქართველოს მიერ თურქეთისთვის 6 ჰექტარი მიწის გადაცემის შესახებ ცნობები დეზინფორმაციაა, რეალურად თურქეთთან სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის პერიოდულად კალაპოტს იცვლიდა, 2016 წელს კი მისი კალაპოტის აღდეგნა 1973 წელს შეთანხმებული საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით მოხდა. 

 ამ საკითხზე დეზინფორმაცია 2016 წლიდან სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ჯგუფის მიერ თურქოფობიის გაღვივების მიზნით ვრცელდებოდა, ამჯერად კი იმავე ჯგუფების მიერ ივერი მელაშვილის დისკრედიტაციის კამპანიის ფარგლებში გამოიყენება. 

  • 2016 წელს მოხდა არა მიწის გადაცემა, არამედ სასაზღვრო მდინარის ბუნებრივი კალაპოტის აღდგენა

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი 1973 წელს შეთანხმდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1992 წელს ორივე მხარემ 1973 წლის სასაზღვრო შეთანხმება აღიარა. 

ბუნებრივი პირობების შედეგად ერთ-ერთმა სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა კალაპოტი შეიცვალა, რის გამოც თურქეთის კუთვნილი ტერიტორია საქართველოს მხარეს მოექცა,  2016 წელს კი  ამ და კიდევ ერთი სასაზღვრო მდინარე ქარზამეთისწყალზე ბუნებრივი კალაპოტის აღსადგენი სამუშაოები ჩატარდა, რათა საზღვრის ხაზი კვლავ 1973 წლის შეთანხმების მიხედვით გასწორებულიყო, შესაბამისად, არც ერთ მხარეს ახალი ტერიტორია არც გაუცია და არც მიუღია. 

;;

2016 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად, იმ ფაქტსაც ესმებოდა ხაზი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვართან და მის ცვლილებასთან  დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებები და ახალი შეთანხმება გამორიცხული იყო, რადგან სახელმწიფო საზღვარი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს საბოლოოდ შეთანხმდა.

  • დეზინფორმაციის გავრცელების მიზნები დღეს და გუშინ: წინასაარჩევნო თურქოფობიიდან ივერი მელაშვილამდე

28 იანვარს პატიმრობიდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ სახელისუფლებო, ულტრანაციონალისტმა და პრორუსმა ჯგუფებმა დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყეს და სხვა ბრალდებებთან ერთად თურქეთისთვის 6 ჰექტარი ქართული მიწის “გადაცემის ფაქტზეც” საუბრობდნენ, რასაც მის პირად პასუხისმგებლობად და ღალატად აფასებდნენ. 

რეალურად თურქეთისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემა არ მომხდარა, რაც შეეხება ივერი მელაშვილის საქმიანობას მდინარეების კალაპოტის სასაზღვრო შეთანხმების შესაბამისად გასწორების პროცესში, მისი  ადვოკატი გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, ამ პერიოდში მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და საზღვრის დემილიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრი იყო. გადაწყვეტილება მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენის შესახებ შეთანხმებული იყო სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან და პროცესში სხვა უწყებებიც მონაწილეობდნენ, მაგალითად, სასაზღვრო პოლიცია, რეგიონალური განვითარების სამინისტრო და ა.შ.

ივერი მელაშვილის წინააღმდეგ წარმართული დისკრედიტაციის კამპანიამდე იგივე ინფორმაცია თურქოფობიის გასაღვივებალდ წლების განმავლობაში გამოიყენებოდა.

მაგალითად, 2019 წელს “პატიორტთა ალიანსის” წევრმა დავით თარხმან-მოურავმა თავის გამოსვლაში დავით-გარეჯზე საუბრისას თურქეთისთვის მიწის “ჩუქებასთან” პარალელი გაავლო:

დავით თარხან მოურავი, პატრიოტთა ალიანსი, 2019 წლის 15 ივნისი: “ამ ხელისუფლებამ ექვსი ჰექტარი მიწა თურქეთს აჩუქა და ამბობს, რომ არ უჩუქნია.”

2018 წელს ქართული მიწის გასხვისების შესახებ იდენტურმა დეზინფორმაციამ “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” საპრეიზდენტო კანდიდატ გელა ხუციშვილის განცხადებაშიც გაიჟღერა.  2017 წელს კი  დეზინფორმაციის ტალღა “ქართული მარშის” ანტი-საიმიგრაციო მსვლელობას, “დიდგორობის” აღნიშვნასა და გაზრდილ თურქოფობიურ განწყობებს დაუკავშირდა. 

თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიის თურქეთისთვის გადაცემის შესახებ გადაუმოწმებელი ცნობები თურქულმა გამოცემა Daily Sabah-მა 2016 წელს გაავრცელა. სწორედ ამ მედია საშუალებაზე დაყრდნობით დეზინფორმაცია ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც გავრცელდა.

წყაროების შესახებ

პატრიოტთა ალიანსი
ალტ-ინფო
ნიკოლოზ მჟავანაძე


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.