Мигранты

დიმიტრი ლორთქიფანიძის ტყუილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ

8 October, 2018

4 ოქტომბერს, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ონლაინ პორტალ “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში განაცხადა, თითქოს საქართველოდან  მოსახლეობის გადინების დღევანდელი ტემპი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "ქვეყანა რომ თავზე გემხობა და განსაკუთრებით ამ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ხალხი გაქცევაზეა, რომელ სიკეთეზე ვსაუბრობთ?! საერთოდ, ეს ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის, უკვე დიდი ხანია, ერთგვარი თავსატეხი გახდა იმ კუთხით, რომ მოსახლეობის გადინების ასეთი მაღალი ტემპი, როგორიც დღესაა, არასოდეს ყოფილა.” .

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან, ტურისტულ  ვიზიტებს ითვალისწინებს და არ გულისხმობს სამუშაოდ ან გრძელვადიანი ვიზიტებით გამგზავრებას. შესაბამისად, ის ვერ წაახალისებს მოქალაქის სურვილს, საცხოვრებლად დარჩეს შენგენის ზონის ქვეყანაში.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეეხება შემდეგ კატეგორიას:

  1. ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა;
  2. უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები, ნებისმიერი  ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
  3. ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამებისას, შინგან და საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით,  აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში წასული ყოველი 16 ადამიანიდან საქართველოში მხოლოდ 1 არ დაბრუნდა უკან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ რიცხვში შედიან ისინიც, ვისაც:

  1. ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების უფლება (ე.წ. residence permit) ან ორმაგი მოქალაქეობა აქვთ;
  2. ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლის შემდეგ მოიპოვეს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ხნით დარჩენის უფლება (მაგ. სტუდენტები, თავშესაფრის მაძიებლები);
  3. ევროკავშირის ქვეყნებიდან გადავიდნენ მესამე ქვეყანაში და საქართველოში არ დაბრუნებულან ამ ქვეყნებიდან.

საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის შესაბამისად, საქართველოში ემიგრაციის მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზარდია. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდეც აქტუალური იყო.

შესაბამისად, ლორთქიფანიძის მიერ მიგრაციის ბუნებრივი პროცესის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირება ხელოვნური და მანიპულაციურია და ემსახურება იმ მითის დამკვიდრებას, თითქოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ქვეყანას დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნიდეს.


მოამზადა გვანცა დევიძემ