სპუტნიკის ავტორის 3 მანიპულაცია ლარზე, საწვავის ფასებზე და ტურიზმზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ქვეყნები
295
VIEWS

2019 წლის 22 ივლისს Sputnik-Georgia-მ გამოაქვეყნა საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის საავტორო სტატია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე დინამიკას ეხება. ავტორის მოსაზრებით, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს და შემდგომ მოსკოვის მუქარას საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა და ავტორი სწორად ამას უკავშირებს საწვავის ფასების ზრდას და ეროვნული ვალუტის უპრეცედენტო დევალვაციას. ხიდირბეგიშვილი აგრეთვე ამტკიცებს, რომ თბილისის ბოლოდროინდელი მოვლენების გამო საქართველოში ტურიზმი ნადგურდება.

არნო ხიდირბეგიშვილი: „დღეს „უცებ“ აღმოჩნდა, რომ საქართველო მთლიანად არის დამოკიდებული არა „№1 სტრატეგიულ პარტნიორ“ ამერიკაზე და არა საკუთარ “ისტორიულ ოჯახზე” – ევროპაზე, არამედ “ოკუპანტ” რუსეთზე! მოსკოვიდან მხოლოდ ერთმა მუქარამ ქართულ ექსპორტზე უარის თქმის შესახებ უპრეცედენტოდ გააუფასურა ლარი და რეკორდულად გააძვირა საწვავის ფასები!” …. იცით თუ არა, რომ თქვენ მიერ ზემოჩამოთვლილი მოვლენების შემდეგ ნადგურდება ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან დარგთაგან, რომელიც საქართველოში მომგებიანად მუშაობდა – ტურიზმი?”

სპუტნიკ-საქართველოს საავტორო შეფასებები, თითქოს თბილისი-მოსკოვის ურთიერთობების ბოლოდროინდელი დაძაბულობა დამანგრეველ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, მანიპულაციურია და მიმართულია მოსახლეობაში შიშების დათესვისა და რუსეთის უალტერნატივობის მტკიცებაზე. რეალურად, ლარის დევალვაციაც და საწვავის ფასების ზრდაც არა რუსეთის “მუქარით”, არამედ კომპლექსური გარემოებებით არის განპირობებული, ხოლო ტურიზმის მხრივ ქართული ბაზარი მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული არ არის.

  • საქართველოში საწვავის ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირებითაა განპირობებული

ონლაინ გამოცემა BPN-თან კომენტარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე ვანო მთვარელაშვილი საწვავის ფასის ზრდის მიზეზებად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდას და ლარის გაუფასურებას ასახელებს. ენერგოპროდუქტების ფასების განმსაზღვრელი პლატფორმა S&P Global Platts-ის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში ერთი ტონა ბენზინის ფასმა 38.4%-ით, ხოლო დიზელის ფასმა კი 25.4%-ით მოიმატა.

CNBC-ს მიმომხილველის მტკიცებით კი, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების მოსალოდნელზე მეტად ზრდა ძირითადად განპირობებულია OPEC-ის ქვეყნების მიერ ნავთობმოპოვების შემცირებით, აგრეთვე აშშ-ის მიერ ვენესუელასთვის და ირანისთვის დაწესებული სანქციებით. შესაბამისად, საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი ზემოაღნიშნული მიზეზების გამო უფრო ძვირი უჯდება, რაც თავისთავად აისახება ქვეყანაში საწვავის ფასებზე.

  • რუსი ტურისტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში – 1.8%, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი – 0.5%-ია.

TBC Research-ის მიერ 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ივლისის მეორე კვირაში, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემოღებისთანავე რუსი ვიზიტორების რიცხვმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 21.4%-ით იკლო, თუმცა მომდევნო კვირას ეს კლება 13.5%-მდე დავიდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ივლისის პირველ ორ კვირაში საქართველოში ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2%-ით არის გაზრდილი.

"

ამასთანავე, ე.წ. „გავრილოვის ეფექტზე“ 24 ივნისს ISET-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც მაკრო-სურათს ასახავს და რომლის მიხედვითაც ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში არის 7.6%, რუსი ტურისტების მიერ შეტანილი წვლილი ეკონომიკაში კი – 1.8%, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი – 0.5%.

"

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოაქალაქეები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან. ხარჯვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ესპანეთს (3 541 ლარი), რომელსაც მოსდევს აერთიანებული სამეფო – 3 189, აშშ – 3 047, ყატარი – 2 868; არაბთა გაერთიანებული საემიროები – 2 719 ლარი; იტალია – 2 504;  საუდის არაბეთი – 2 500 ლარი; საფრანგეთი – 2 459 ლარი, ისრაელი – 2 407 და სხვა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების დანახარჯი საშუალოდ 1 326 ლარს შეადგენს.

"

"

მართალია, ქვეყნების ჯგუფის მიხედვით რუსი ტურისტების ერთიანი დანახარჯი 2018 წელს 1.9 მილიარდი ლარი იყო, მაგრამ  სხვა ქვეყნის ტურისტების ჯამური მაჩვენებელი 5.3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველო მხოლოდ რუს ტურისტებზე არ არის დამოკიდებული და ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების შემთხვევაში, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს, რაც ქართულ ეკონომიკას კრემლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ნაკლებად მოწყვლადს გახდის.

"

  • ლარის დევალვაცია წლების მანძილზე დაგროვილი ეკონომიკური პრობლემების გამოვლინებაა

ლარის გაუფასურებაზე მოქმედ მიზეზებთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ეს პროცესი თავის მხრივ არის ძალიან კომპლექსური, მზარდად მიმდინარეობს 2014 წლიდან და დაკავშირებულია მთელ რიგ შიდა-სტრუქტურულ და საგარეო პრობლემებთან, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ფულადი გზავნილების კლების ტენდენციებთან, საქართველოს საგარეო ვაჭრობის არასახარბიელო დინამიკასთან, წამყვან პარტნიორ ქვეყნებში შექმნილ არასტაბილურობასთან და ა.შ. ამასთან, გავრილოვის ვიზიტამდე ერთი თვით ადრე ეროვნული ვალუტის მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო; საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მაისის ბოლოს ლარის კურსი 2.78-2.79-ს შორის მერყეობდა და 31 მაისს 2.8-ს მიაღწია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist