რამდენიმე დღეა Facebook-ის ქართველი მომხმარებლები ვირუსულად ავცელებენ ინფორმაციას საშიში ვიდეოს შესახებ, რომელიც “მარტინელლის” სახელითაა ცნობილი. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო “Martineli” გავრცელდება აპლიკაცია WhatsApp-ში და მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ გახსნან ვიდეო, რადგან ის მათ ტელეფონებში „კიბერ შეტევის სახით“ შეაღწევს და მისი შეკეთება ვეღარ მოხერხდება. იქვეა გაფრთხილება, რომ თუ მივიღებთ შეტყობინებას WhatsApp-ის აპლიკაციის WhatsApp Gold-ით განახლებაზე, განახლებისაგან თავი უნდა შევიკავოთ.
რა არის „მარტინელლის“ ვიდეო?
სინამდვილეში არავინ იცის, რა ვიდეოზეა საუბარი. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვინმე WatsApp-ის მომხმარებლებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებას უგზავნის. ამის შესახებ არანირი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა BBC-ის ვებ-გვერდზე. გამოცემა The Independent იტყობინება, რომ ზუსტად იგივე ინფორმაცია ინტერნეტში 2016 წლიდან ვრცელდება, თუმცა დღემდე არავის მსგავსი ვიდეო არ მისვლია.
რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ტელეფონზე მსგავს შეტყობინებას მივიღებთ?
The Independent-ის მიხედვით, მართალია, გავრცელებული ინფორმაცია „მარტინელლის“ ვიდეოს შესახებ აზრს მოკლებულია, გაფრთხილება WhatsApp აპლიკაციის განახლების შესახებ – სრულიად სამართლიანია. თაღლითები დიდი ხანია WhatsApp-ის მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ აპლიკაცია ფასიანი, პრემიუმ ვერსია მათ ახალ ფუნქციებს გაუხსნის და ამის სანაცვლოდ თანხის გადახდას სთხოვენ. მაგრამ ეს სიცრუეა. WhatsApp უფასო აპლიკაციაა და ეს მოცემულობა უახლოეს მომავალში არ შეიცვლება.