რუსული და ქართული მედიის 3 ტყუილი დონბასზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

cover
392
VIEWS

26 ივნისს  რუსულ მედიაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ კი დონბასში განვითარებულ მოვლენებზე 3 ინფორმაცია გავრცელდა:

  1. 26 ივნისს Russia Today-მ გამოაქვეყნა  სტატია, რომლის მიხედვითაც უკრაინული სამხედრო ძალები დონბასში  ფრონტის ხაზს ტოვებენ, რადგან მათ საკმარისი სამხედრო რესურსი არ აქვთ.
  2. 26 ივნისს, რუსულმა საიტმა “News Front”-მა  დაწერა, რომ აშშ და ნატო მზად არიან დონბასში საკუთარი ოფიცრები სასიკვდილოდ გაწირონ და მათი დახოცვა რუსეთს დააბრალონ.
  3. 26 გამოცემა Московский комсомолец-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული უკრაინელი ჯარისკაცები დონბასის სასაზღვრო ხაზის დანაღმვის მომენტში შენიშნეს. მასალას ახლავს ფოტო, რომელსაც აწერია “კადრი ვიდეოდან”, რაც ქმნის აღქმას, თითქოს მოცემული კადრი უკრაინელების მიერ დონბასის ტერიტორიის დანაღმვის ამსახველი ვიდეოდანაა ამოჭრილი.  Московский комсомолец-ზე დაყრდნობით იდენტური ინფორმაცია ქართულმა საიტმა tvalsazrisi.ge-მაც  გაავრცელა.

Russia Today-ის, News Front-ის, Московский комсомолец-ის და Tvalsazrisi.ge-ს მიერ გავრცელებული სამივე ინფორმაცია ტყუილია. 1. უკრაინელი სამხედროები მინსკის შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებენ და დონბასს ამის გამო ტოვებენ. 2. აშშ-ის და ნატოს ოფიცრების მკვლელობა და მათი რუსეთზე დაბრალება, კონსპირაციის თეორიაა. რუსულ მხარეს არ გააჩნია მტკიცებულებები და კონტრბრალდების მეთოდს იყენებს.  3. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული უკრაინელი ჯარისკაცების მიერ დონბასის დანაღვმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ არ დასტურდება. მოცემული კადრი კი არის 2015 წლის უკრაინის არმიის საიმიჯო ვიდეოდან, რომელიც თურქულმა კომპანიამ მოამზადა. 

დეზინფორმაცია N1: უკრაინელი სამხედროები დონბასის ფრონტის ხაზს ტოვებენ, რადგან საკმარისი სამხედრო რესურსი არ აქვთ.

რეალური ფაქტი N1: უკრაინელი სამხედროები მინსკის შეთანხმებით დაკსირებულ ვალდებულებას ასრულებენ და დონბასს ამის გამო ტოვებენ

"

Russia Today-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია ივან ფილიპონენკოს, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლიციის სპიკერის განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინული სამხედრო ნაწილების უკან დახევის მიზეზი მწირი რესურსები და ჯარის მორალურ-ფსიქოლოგიური დესტაბილიზაცია გახდა.

რეალურად, უკრაინა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტს ასრულებს, რომლის მიხედვითაც დაპირისპირებულმა მხარეებმა კონფლიქტის ტერიტორიის საზღვრებიდან ჯარები უნდაა გაიყვანონ.

2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ კონფლიქტი გავრცელდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებშიც, კერძოდ დონეცკსა და ლუგანსკშიც. მინსკში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მოწინააღდეგე მხარეებს უნდა გაეყვანათ თავიანთი შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზიდან, რათა ეუთოს აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგის შესაძლებლობა ჰქონოდა. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ბოგდან ბონდარი აცხადებს, 26 ივნისს Stanytsia Luhanska-დან სამხედრო შენაერთების გაყვანა იყო სწორედ მინსკის ხელშეკრულების პირობის შესრულება, რაც თავის მხრივ აიძულებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ძალებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია და საშუალება მისცენ ეუთოს სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიას შეასრულონ თავიანთი საქმე.

დეზინფორმაცია N2: აშშ და ნატო მზად არიან დონაბსში საკუთარი ოფიცრები დახოცონ და მათი ლიკვიდაცია რუსეთს დააბრალონ

რეალური ფაქტი N2: აშშ-ის და ნატოს ოფიცრების მკვლელობა და მათი რუსეთზე დაბრალება, კონსპირაციის თეორიაა. რუსულ მხარეს არ გააჩნია მტკიცებულებები და კონტრბრალდების მეთოდს იყენებს.

"

რუსულ პორტალ “News Front”-ზე ვრცელდება РенTV-ის ბლოგის ავტორის,

ალექსეი სელივანოვის კონსპირაცია, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები და ნატო აპირებენ საკუთარი მაღალჩინოსნების დახოცვით და შემდეგ რუსეთზე გადაბრალებით მოაწყონ სკანდალი და წამოიწყონ ახალი ომი.

აღნიშნულ ინფორმაციასშესაბამისი მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი საინფორმაციო ომში ხშირად იყენებს კონტრბრალდებების მეთოდს; მაგალითისთვის, ასადის რეჟიმის მიერ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ Russia Today-ს ჟურნალისტმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხა “არ გეშინიათ, რომ ამ გაფრთხილების გამო ოპოზიციამ გამოიყენოს ქიმიური იარაღი და ასადს დააბრალოს?” ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს ზემოთგანხილულ კონსპირაციის თეორიას, თითქოს დასავლეთი საკუთარ ოფიცრებს მოკლავს და ამისთვის რუსეთს დააკისრებს პასუხისმგებლობას.

ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის უსაფრთხოების სტრატეგიაში, ნათლადაა გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ და შეფასებულია როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსადმი განხორციელებული არასამართლებრივი ქმედება. შეერთებული შტატებიც და ნატოც გამოთქმავენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ უკრაინის სუვერენიტეტის დაცვასა და უსაფრთხოების კუთხით დახმარებას. იან სტოლტენბერგმა 4 ივნისს ზელინსკისთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინა, როგორც მნიშვნელოვანი მოკავშირე ნატოსთვის, რომელიც მონაწილეობადა კოსოვოსა და ავღანეთის მისიებში, მიიღებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

დეზინფორმაცია N3: სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული უკრაინელი ჯარისკაცები დონბასს ნაღმავენ

რეალური ფაქტი N3: სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული უკრაინელი ჯარისკაცების მიერ დონბასის დანაღვმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ არ დასტურდება. მოცემული კადრი 2015 წლის უკრაინის არმიის საიმიჯო ვიდეოდანაა. 

"

აღნიშნულ ინფორმაციას აქვეყნებს ქართული ვებ-გვერდი tvalsazrisi.ge, რომელიც Московский комсомолец-ზე დაყრდნობით წერს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული უკრაინელი სამხედროები დონბასის ტერიტორიის დანაღვმის დროს შენიშნეს სასაღვრო ზოლთან. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა ლუგანსკის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურის ოფიცერმა, ივან ფილიპონენკოვმა.

Московский комсомолец-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ნაღმების განთავსება ეუთომაც დააფიქსირა და მაგალითად მოყვანილია კადრი ვიდეოდან, რომელიც რეალურად ფოტომანიპულაციაა.

"

აღნიშნული ფოტოკადრი ამოჭრილია 2015 წელს ატვირთული ვიდეოდან, რომელიც თურქულმა კომპანიამ Haci Productions-მა უკრაინული არმიისათვის საპასუხოდ გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა თურქული ავიაციისათვის საიმიჯო ვიდეო შექმნეს.

"

დონბასში ვითარებას აკონტროლებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია და მუდმივად აქვეყნებს შეტყობინებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით. Tvalsazrisi.ge-ის და Московский комсомолец-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეუთოს მონიტორინგი ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ადასტურებს.

მსგავსი ნარატივის დეზინფორმაციებს კრემლი უკვე დიდი ხანია ავრცელებს. უკრაინელი სამხედროების მიერ ტერიტორიების დანაღვმის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია 2018 წელსაც ვრცელდებოდა.

"

"

"

აღსანიშნავია ისიც, რომ ეუთოს მონიტორინგით უკრაინის ფეთქებადსაშიშ ზონებში მიმდინარეობს განაღვმის პროცესი. 2018 წელს უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში აღმოაჩინეს და გაანადგურეს ნაღმები, რომელთა გამოყენებაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს. მსგავსი ტიპის ნაღმები (PMN-2) შექმნილია 1987 წელს და არასდროს ყოფილა უკრაინის სამხედრო ძალების შეიარაღებაში.

რუსეთის საინფორმაციო ომი უკრაინის წინააღმდეგ ხელახლა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებული ოლქების ფრონტის ხაზიდან გასვლა დაიწყეს. ეს ნაბიჯი უკავშირდება 2016 წლის მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნას დეესკალაციასთან დაკავშირებით, რაც ასევე აიძულებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, დატოვონ უკრაინის ტერიტორია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist