ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაავადებების გავრცელებაში კვლავ ლუგარის ლაბორატორიას ადანაშაულებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

untitled-5c-20i_37446075 (2)
373
VIEWS

6 აგვისტოს Sputnik Ossetia-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სამსახურის ხელმძღვანელ ალან მარგიევთან სათაურით “სამხრეთ ოსეთი ახალი დაავადებების გაჩენას საქართველოში ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებს.” ინტერვიუში მარგიევი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აფრიკული ჭირის, ნოდულარული დერმატიტისა და აზიური ფაროსანას გამოჩენის მიზეზად  რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საქმიანობას ასახელებს.

ალან მარგიევი, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სამსახურის უფროსი: “ლაბორატორიამ მუშაობა 2011 წელს დაიწყო და ზუსტად ამ დროიდან რესპუბლიკაში აღინიშნა აფრიკული შავი ჭირის აფეთქება, რომლის წინააღმდეგ დღეს ვაქცინაც არ არსებობს. შარშან ნოდულარული დერმატიტის აფეთქება იყო ჩვენთან. ეს მსხვილი, რქოსანი პირუტყვის დაავდებაა, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირველად დაფიქსირდა.  სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც ძალიან დაზარალდა ფაროსანას [მარმარილოს ხოჭო] შემოსევით, რომელსაც გენმოდიფიცირების ნიშნები აქვს…. ჩვენ არ ვიცით, რით არიან ისინი დაკავებულნი, იქ [ლუგარის ლაბორატორიაში] არავის უშვებენ, მაგრამ ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულნი. ვგრძნობთ, რომ ისინი ჩვენ რაღაც საფრთხეს გვიქმნიან. არსებობს ციფრები, რომლებიც მეტყველებს, რომ მანამდე, სანამ ეს ლაბორატორია აშენდებოდა, ჩვენში ეს დაავადებები არ იყო.”

მტკიცება იმის შესახებ რომ დაავადებები და პარაზიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა, მცდარია. იმისათვის, რომ დასახელებული დაავადებები ლუგარის ლაბორატორიიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გავრცელებულიყო, ჯერ ამ დაავადებების შემთხვევები თბილისში უნდა დაფიქსირებულიყო, ლაბორატორიის ფუნქციონირების არეალში.

რეალურად აფრიკული ჭირის პირველი შემთხვევა საქართველოში ლაბორატორიის ამუშავებამდე რამდენიმე წლით ადრე, 2007 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება ნოდულარული დერმატიტს, 2016 წელს მთლიანად მოიცვა აღმოსავლეთ ევროპა, საქართველოში კი მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ფაროსანას სამშობლო კი  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საიდანაც ის ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მოხვდა.

  • ნოდულარული დერმატიტი

ნოდულარული დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი. იგი  ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს პირუტყვისთვის. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, დაავადება აქტიურად გავრცელდა აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთსა და რუსეთში 2016 წელს. სწორედ 2016 წლის ნოემბერში ისტორიაში პირველად საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ მხოლოდ რაჭაში, დაფიქსირდა 4 შემთხვევა. უცნობია, რამ გამოიწვია დაავადების ფართო არეალზე გავრცელება, თუმცა უნდა აღინოშნოს, რომ წინა წლებში შემთხვევები რეგისტრირებული იყო საქართველოს მეზობელ და არამეზობელ სახელმწიფოებში: ისრაელში (2012 წელს), თურქეთში (2013წ), აზერბაიჯანში (2014 წლის ივლისში), რუსეთში (2015 წლის ივლისში) და საბერძნეთში (2015 წლის აგვისტოში).  აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში გავრცელებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2016 წლის 15 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, რუსეთის რეგიონებში (ჩეჩნეთი, ყალმუხეთი, კრასნოდარის მხარე, ასტრახანი, ვოლგოგრადი, სტავროპოლის მხარე), დაფიქსირდა ნოდულარული დერმატიტის  57 ახალი ზონა.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარდა სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება და 2016 წლის შემდეგ ნოდულარული დერმატიტის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

  • ღორის აფრიკული ჭირი

ლუგარის ლაბორატორიას არც შავი ჭირის გავრცელებაში მიუძღვის ბრალი. ღორის აფრიკული ჭირი მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც პირველად 1921 წელს კენიაში აღწერეს. ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  მონაცემებით, საქართველოში პირველი შემთხვევა რეგისტრირებული იყო ჯერ კიდევ 2007 წელს (მარტი–აპრილი) და  მალევე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდა. ღორის აფრიკული ჭირის აღმძვრელი შემოვიდა სამხრეთ–აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან (მოზამბიკი, მადაგასკარი, ზამბია), სავარაუდოდ, დაავადება გავრცელდა დაინფიცირებული ხორცისა და ხორცპროდუქტების  გადამზიდავ საზღვაო ხომალდზე მოპოვებული საკვები ნარჩენების არასწორად გამოყენების შედეგად.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირი აღარ დაფიქსირებულა.

აზიური ფაროსანა

რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მწერის გამრავლებაში ბრალს ლუგარის ლაბორატორიას სდებდნენ. სინამდვილეში მწერის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ბოლო წლებში იგი დააფიქსირეს იტალიაში, სადაც 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო ინვენტარის ნაწილი შეიძინეს. სწორედ ამ გზით, აფხაზეთის გავლით, 2015 წელს შემოვიდა პარაზიტი საქართველოს დანარჩენ ნაწილში.

"
ფაროსანას წარმოშობა და გავრცელება

  • ლაბორატორიის შესახებ

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული კვლევითი ლაბორატორიაა, რომელმაც ფუნქციონიერება 2013 წელს დაიწყო.

ცენტრის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, კერძოდ:

  • სურსათის უვნებლობა – ლაბორატორია თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან საკვები პროდუქტების ბიოლოგიური კვლევების მიმართულებით;
  • საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან – აღმოჩენილი ან გავრცელებული ეპიდემიების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეშვეობით როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში;
  • ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება – რითაც წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებაში;
  • სამეცნიერო -კვლევითი მიმართულება – ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist