მითები, თითქოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგი ნულოვანია და საქართველოს ეკონომიკას რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის გარეშე პერსპექტივა არა აქვს, უსაფუძვლოა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

valeri-xaburdznia
118
VIEWS

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა ანუ საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 31%. იმავე პერიოდში რუსეთის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 7.1% იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაორმაგდა და მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 413 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 98 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 50%-ით ნაკლებია.

2013 წლის 27 ივნისს საქართელოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). DCFTA-ის წინ უძღოდა პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი (GSP+), რომლის საფუძველზე ქართველ მეწარმეებს შეეძლოთ 7,200 დასახელების პროდუქციის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო განაკვეთით. GSP+ გახდა ევროკავშირის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 2014 წლის სექტემბერში, DCFTA-ის ძალაში შესვლისთანავე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საბაჟო ტარიფები სრულად გაუქმდა. DCFTA ქართველ ექსპორტიორებს ხარჯების დამატებითი შემცირების და ევროპულ ბაზარზე ფეხის მოკიდების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ქართული ღვინის ევროკავშირში გატანისას, მეწარმეები ერთ ჰექტოლიტრზე 32 ევროს ზოგავენ.

DCFTA-ის ამოქმედებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა ევროკავშირში 12%-ით გაიზარდა. ზოგიერთი პროდუქტის, მათ შორის, თხილის, ხილის წვენების და სპილენძის მადნების, ექსპორტი გაორმაგდა ან გასამმაგდა. 6%-ით იმატა ღვინის ექსპორტმაც. ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, რამაც მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელება და მთლიანი ექსპორტის 24%-იანი შემცირება გამოიწვია, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა (1%).

1

ევროკავშირის ბაზარზე სრული დაშვების მისაღებად, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ვაჭრობის არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, DCFTA-ის საფუძველზე, საქართველოში ევროპული სტანდარტების სურსათის უვნებლობის კონტროლისა და სამრეწველო პროდუქციაზე ზედამხედველობის სისტემა იქმნება. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოში დამზადებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას და ევროკავშირის ბაზარზე მათი დაშვების გამარტივების მიზნით აღიარებას ემსახურება.

ევროსკეპტიციზმის დანერგვას ის მითებიც უწყობს ხელს, რომლებიც რუსული ეკონომიკური სივრცის უპირატესობას და ევროპულის უპერსპექტივობას ამკვიდრებს.

2010 წელს რუსეთის ინიციატივით რუსეთი-ბელარუსი-ყაზახეთის საბაჟო კავშირი შეიქმნა. 2015 წლის 1 იანვარს საბაჟო კავშირი ოფიციალურად გარდაიქმნა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად (EAEU), რომელშიც სომხეთი და ყირგიზეთიც გაერთიანდნენ. EAEU-ს გაცხადებული მიზანია ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა და ვაჭრობის ხელშეწყობა. თუმცა, EAEU უფრო პოლიტიკური ხასიათის პროექტია, ვიდრე ეკონომიკური, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოსკოვის გავლენის გაძლიერებას და სხვა პოტენციური პარტნიორებისგან, როგორიცაა ევროკავშირი და ჩინეთი, მათ იზოლირებას ემსახურება. იმავდროულად, ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივას საეჭვოს ხდის EAEU-ში გაწევრიანებულ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური სისტემებიც: ყველა მათგანი გამოირჩევა ავტორიტარული მმართველობით, სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციით და სისტემური კორუფციით.

EAEU ევროკავშირის მოდელზეა აგებული და მხარეებს შორის ვაჭრობის სატარიფო და ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. თუმცა, კავშირის წევრებს შორის ურთიერთობის გამოცდილება აჩვენებს, რომ ევროკავშირთან ნებისმიერი მსგავსება ილუზორულია. პოლიტიკური მოსაზრებების გამო EAEU-ს და მისი წინამორბედი საბაჟო კავშირის წესების იგნორირება ან ბოროტად გამოყენება არაერთხელ მომხდარა. მაგალითად, როდესაც უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო რუსეთის მიერ დასავლური წარმოშობის პროდუქციაზე დაწესებულ კონტრსანქციებს ბელარუსი და ყაზახეთი არ შეუერთდნენ, მოსკოვმა ნამდვილი სავაჭრო ომის დაწყებით უპასუხა.

2014 წლის ბოლოს აიკრძალა რუსეთში ბელარუსული ხორცის და რძის პროდუქტების იმპორტი იმ მოტივით, რომ ისინი აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავდნენ. იმავდროულად, ბელარუსიდან ყაზახეთში რუსეთის გავლით სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელება შეიზღუდა. მოსკოვის მტკიცებით, ეს გადაზიდვები სინამდვილეში კონტრსანქციებს დაქვემდებარებული დასავლური საქონლის რუსეთში რეექსპორტისთვის გამოიყენებოდა. საპასუხოდ, ბელარუსმა არაოფიციალურად გაამკაცრა საბაჟო კონტროლი რუსეთიდან შემომავალ სატვირთო ავტომანქანებზე. დაპირისპირება 2015 წელსაც გაგრძელდა. ამა წლის თებერვალში როსსელხოზნადზორმა აკრძალული ნივთიერება ამჯერად ბელარუსულ ორაგულში აღმოაჩინა და რუსეთში მისი იმპორტიც აკრძალა.

EAEU-მ საბაჟო კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღო ერთიანი საგარეო სატარიფო რეჟიმი, რომელსაც საფუძვლად რუსეთის სხვებთან შედარებით მაღალი სატარიფო განაკვეთები დაედო. ამ მხრივ, განსაკუთრებით ყაზახეთმა იზარალა, რადგან EAEU-ს ფარგლებს გარედან საქონლის იმპორტზე საშუალო საბაჟო ტარიფის 80%-ით გაზრდა მოუწია. ამრიგად, EAEU-ს წევრი ყველა სხვა ქვეყნისთვის დანარჩენ სამყაროსთან ვაჭრობის ხარჯები რუსეთის გარდა ყველასთვის გაიზარდა. შედეგად, EAEU-ში ევროკავშირის წევრიდა სხვა განვითარებული ქვეყნებიდან იმპორტირებული მაღალტექნოლოგიური საქონლის ადგილს თანდათანობით რუსული პროდუქცია იკავებს. მაგალითად, ყაზახეთში რუსული წარმოების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი უფრო ხარისხიანი გერმანული და იაპონური მანქანების ხარჯზე მკვეთრად გაიზარდა.

2

EAEU-ს წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობის არასატარიფო (ტექნიკური) ბარიერების აღმოფხვრა შეფერხებით მიმდინარეობს. EAEU-ს ფარგლებში ვაჭრობის ლიბერალიზაცია შეუსრულებელ ამოცანად დარჩება ქვეყნების მიერ ერთმანეთის სამრეწველო და ფიტოსანიტარული სტანდარტების აღიარების პროცესის დასრულებამდე. ვითარებას ისიც ართულებს, რომ რუსეთი საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის სერთიფიკატებს არ ცნობს და რუსული სტანდარტებით ითხოვს ყველა საიმპორტო პროდუქციის სერთიფიცირებას, რაც EAEU-ს სხვა წევრებს არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, ერთიანი ეკონომიკური სივრცით ჯერ მხოლოდ რუსული კომპანიები ხეირობენ. EAEU-ს სხვა წევრი ქვეყნების ექსპორტიორებისთვის რუსეთის ბაზარზე წვდომა კვლავ შეზღუდულია.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ისიც აჩვენა, რომ EAEU-ს წევრებს მოუწევთ რუსეთის მილიტარისტული საგარეო პოლიტიკით და არადივერსიფიცირებული, ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკით განპირობებული პრობლემების გაზიარება. დასავლეთის მიერ რუსეთზე დაკისრებულმა სანქციებმა და ნავთობზე ფასების მკვეთრად შემცირებამ რუსეთში ეკონომიკური კრიზისი და რუბლის 90%-იანი გაუფასურება გამოიწვია. ეკონომიკური აქტივობის შემცირების და ეროვნული ვალურის გაუფასურების ტალღა EAEU-ს ყველა სხვა წევრზე გავრცელდა. შედეგად, ბოლო ორი წელია EAEU-ს და მისი წინამორბედი საბაჟო კავშირის წევრებს შორის ვაჭრობა, დაპირებული ზრდის ნაცვლად, მცირდება. მხოლოდ 2015 წლის პირველ 3 თვეში სავაჭრო ბრუნვამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით იკლო.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებები EAEU-ს წევრი ქვეყნების მიერ, ასევე, აღიქმება სერიოზულ საფრთხედ მათი ეროვნული სუვერენიტეტისთვის და შესაძლოა კავშირის დეზინტეგრაციის მიზეზი გახდეს. ბელარუსის და ყაზახეთის ლიდერები აღარ ერიდებიან რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვას. ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გააქტიურა პრო-ევროპული რიტორიკა და EAEU-ს დატოვებით არაერთხელ დაიმუქრა. რუსეთის ოპოზიციური ტელეკომპანია „ДОЖДЬ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ყველას შეებრძოლებოდა, ვინც ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფას შეეცდებოდა, მათ შორის, ვლადიმერ პუტინს. ანალოგიურად, სატელევიზიო ინტერვიუში ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა გამოთქვა EAEU-ს დატოვების მზადყოფნა, თუ ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრებოდა.

ბელარუსი და ყაზახეთი აღარ ჩქარობენ რუსეთთან შემდგომ ინტეგრაციას და სანაცვლოდ, ცდილობენ გააღრმავონ ურთიერთობა ალტერნატიულ პარტნიორებთან. მიმდინარე წლის დასაწყისში ყაზახეთმა ევროკავშირთან გააფორმა შეთანხმება თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების შესახებ, ხოლო ბელარუსმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაახლა. ვლადიმერ პუტინის მოწოდებებმა საერთო ვალუტის და პასპორტების შემოღების შესახებ EAEU-ს სხვა წევრების მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ასეთ ვითარებაში საქართველოს მიერ DCFTA-ის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის უპირატესობა აშკარაა. EAEU-ში გაწევრიანებით ქართველ მეწარმეებს თეორიულად უკეთესი წვდომა ექნებათ 180 მილიონი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე, რომლის მოცულობა დაახლოებით 2.2 ტრილიონი აშშ დოლარია. თუმცა, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლა რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას ნიშნავს, რადგან EAEU-ში სწორედ ეს უკანასკნელი დომინირებს. მოსკოვს დამატებითი ბერკეტი გაუჩნდება თბილისზე პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად, ხოლო საქართველოს ეკონომიკა უფრო მოწყვლადი გახდება რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური და სავალუტო რყევების მიმართ.

საქართველოს მოუწევს საბაჟო ტარიფების გადახედვა და EAEU-ს გაცილებით მაღალ ტარიფებთან მათი მისადაგება. გაზრდილი საბაჟო ტარიფები კი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის შემცირებას, სამომხმარებლო ფასების ზრდას და საინვესტიციო გარემოს გაუარესებას გამოიწვევს. საქართველო, ასევე, ვეღარ შეძლებს დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკის წარმოებას. იმპორტისა და ექსპორტის მოსაკრებლის მართვის, ისევე როგორც საბაჟო შემოსავლების განაწილების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება EAEU-ს მმართველ ორგანოს უნდა გადაეცეს. შედეგად, საქართველო დამოუკიდებლად ვერც სხვა ქვეყნებთან შეთანხმდება თავისუფალ ვაჭრობზე და არსებულ შეთანხმებებზე, მათ შორის DCFTA-ზე, უარის თქმაც მოუწევს.

ამის საპირისპიროდ, DCFTA-ის საფუძველზე ქართული წარმოშობის პროდუქცია უკვე საბაჟო მოსაკრებლის გარეშე შედის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 18 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება. DCFTA არ გულისხმობს შეზღუდვებს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. პირიქით, წარმოებისა და უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დანერგვის შემდეგ საქართველოს გაუადვილდება, სხვა განვითარებულ ბაზრებთან შეთანხმდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე. გარდა ამისა, EAEU-სგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ქართველ მეწარმეებს სტაბილურ, კორუფციისგან თავისუფალ და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დამყარებულ გარემოში აქვთ ბიზნესის კეთების შესაძლებლობა.

მითების წყარო:

რეზონანსი: სათაური: “ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგი ნულოვანი”.

6 ოქტომბერი, 2015

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=3&id_artc=26546

ვალერი ხაბურძანია,უშიშროების ყოფილი მინისტრი: „მართალია, „შალახოს” ფონზე ევროპასთან დავდეთ ასოცირების ხელშეკრულება, მაგრამ შედეგებს ვერ ვხედავთ და ვერც დავინახავთ! ევროპულ ბაზარზე ყველაზე კონკურენტუნარიანმა პროდუქტმა – „ბორჯომმაც” კი ვერ მოიკიდა ფეხი. ქართულ ეკონომიკას რუსული ეკონომიკური სივცრის გარდა, განვითარების შანსი არა აქვს!” , გვერდი 12; ვალერი ხაბურძანია: „უნდა მოიძებნოს გზები, რის საფუძველზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგება!”, ასავალ-დასავალი 3-9 აგვისტო, 2015

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist