“გლობალური კვლევების ცენტრის” დეზინფორმაცია “ალიაში” ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

onishenkoo
912
VIEWS

გაზეთ “ალიას” 2016 წლის 1-7 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა “გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ მომზადებული სტატია “ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: რისკები და შესაძლებლობები”, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს. სტატია ფასიანია, რაც გაზეთის რედაქციაშიც დაგვიდასტურეს.

იდენტური შინაარსის მასალა გლობალური კვლევების ცენტრმა 2016 წლის 28-29 ივლისს

“საქართველოსა და მსოფლიოს” და “საქინფორმის” ვებ-გვერდებზე განათავსა, ხოლო რუსულ ენაზე გამოქვეყნდა “Sputnik საქართველოს” და “Кавказское сотрудничество”– ს ვებ-გვერდებზეც.

“გლობალური კვლევების ცენტრი” 2013 წელს იოსებ არჩვაძემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა და მაია ჩუბინაშვილმა დააფუძნეს. IDFI-ს პროექტის, დამოუკიდებლობა.com-ის კვლევის “რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე” მიხედვით, ორგანიზაცია ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს და მეტწილად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” მოსაზრებებისა და ანალიზის ტირაჟირებას ახდენს. ამასთანავე დამოუკიდებლობა.com-ის კვლევის თანახმად, “გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ძირითადად დასავლეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ექსპერტები თუ მკლევრები მონაწილეობენ. მედიის განვითარების ფონდის კვლევაში “ანტიდასავლური პროპაგანდა” ცენტრის დამფუძნებელი ნანა დევდარიანი ხშირად ფიგურირებს, როგორც ანტიდასავლური განწყობების ერთ-ერთი წყარო.

ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ სტატია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს ეყრდნობა. პატრუშევი 2015 წელს ამბობდა, რომ დსთ-ს ქვეყნებში ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებს აშშ მართავდა. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ “ლაბორატორიის ჭერქვეშ აშშ-ის სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი „ჩაეწერა”. ამას გარდა, საუბარია, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, აშშ-ის დაფინანსებით, საეჭვო და მოსახლეობისთვის საშიშ კვლევებს ატარებს, ხოლო 2011-2012 წლებში თხევადი ჰეროინის შესაძლო წარმოებაში სდებს ბრალს.

დეზინფორმაციას რიჩარდ ლუგარის სახელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ რუსული მედია და პოლიტიკოსები ლაბორატორიის დაარსების დღიდან ავრცელებენ. მათი თქმით, აშშ რუსეთის გარშემო სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელს ქმნის, ხოლო რუსული გამოცემა regnum.ru რუსეთის ტერიტორიაზე H1N1 ვირუსის გავრცელებაში ბრალს სწორედ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას სდებდა. დეზინფორმაციის გავრცელებაში განსაკუთრებით აქტიურობს რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო, რომლის მტკიცებითაც ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოები ლუგარის ლაბორატორიაში გამოჰყავთ. ლაბორატორიის შესახებ რუსული პროპაგანდა სისტემატურად იჩენს თავს ქართულ მედიაში. 2015 წელს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ტელეკომპანია МИР-ისРоссия 24-ის, 31 КАНАЛ-ისა და RBK TV-ის რუსულენოვანი სიუჟეტები გავიდა, რომლებშიც ლაბორატორიას მოსახლეობაზე ცდების ჩატარებაში ადანაშაულებდნენ.

რეალური ფაქტები ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ

სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორიის მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის ჯამურმა ინვესტიციამ 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა აიღებს.

ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებია განთავსებული. მე-3 დონის ზონა ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიებს, ასევე ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავს მოიცავს. ლუგარის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, მთელ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე აქვს.

მე-2 დონის ზონაში მოთავსებულია ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სამი ლაბორატორია: გრიპის, რომელშიც ხდება ადამიანისა და ფრინველის გრიპის დიაგნოზირება, პოლიემიელიტის, რომელიც საქართველოსთან ერთად სომხეთსაც ემსახურება და წითელასა და წითურას ლაბორატორიები.

ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სურსათის უვნებლობაა. ამ მხრივ ცენტრი სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, რადგანაც სურსათის უვნებლობისთვის საჭიროა როგორც ქიმიური, ასევე ბიოლოგიური კვლევები. ლუგარის ცენტრში კი მხოლოდ ბიოლოგიური კვლევა ტარდება. საკვები პროდუქტების ექსპერტიზა ძირითადად სოფლის მეურნეობის ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის ლაბორატორიაში ხდება, თუმცა განსაკუთრებით საშიში დაავადების შემთხვევაში ლაბორატორია ლუგარის ცენტრის ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიას მიმართავს. სურსათის უვნებლობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელის არსებობა მნიშნველოვანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გატანისთვისაც.

აქედან გამომდინარე, ქართულ მედიაში გავრცელებული მოსაზრებები ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების შესახებ უსაფუძვლოა და წარმოადგენს რუსული მესიჯბოქსის ნაწილს.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

წყარო

ალია
ალია-ჰოლდინგი

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist