Facebook-მა კრემლის საინფორმაციო (news) და სამხრეთის (south) ფრონტი წაშალა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

გეე
296
VIEWS

30 აპრილს Facebook-მა კრემლის დღის წესრიგის გამავრცელებელი ორი გამოცემის, News Front-ისა და South Front-ის ფეისბუქ გვერდები გააუქმა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება Facebook-მა 5 მაისს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ News Front-თან და South Front-თან დაკავშირებული ჯამში 49 გვერდი, 91 პროფილი, 2 ჯგუფი და 1 ინსტაგრამის ანგარიში წაიშალა. Facebook-ის განმარტებით, ეს სქემა რეგიონში არაავთენტურ საქმიანობას ეწეოდა.

''

News Front-ის დამფუძნებლის, კონსტანტინ კნირიკის თქმით, ფეისბუქი პოლიტიკური გავრლენების ინსტრუმენტია. South Front-მა კი ფეისბუქი ობიექტური მედია წყაროების წინააღმდეგ წმენდაში  დაადანაშაულა. South Front-ის ფეისბუქ გვერდთან ერთად, მომდევნო დღეს, 1 მაისს, გამოცემის Youtube არხიც წაიშალა.

რა ვიცით News Front-ის შესახებ? და South Front-ის შესახებ?

”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front-ი ინფორმაციას 8 ენაზე – რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად – აქვეყნებდა. ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების – დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის –  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.

'

'

News Front-ის სათაო ოფისის რედაქციაა ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლშია განთავსებული, ხოლო მის ქართულ რედაქციას News Front Georgia-ს მოსკოვში მცხოვრები შოთა აფხაიძე მართავს.

"

შოთა აფხაიძე “ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტის გამო იხდიდა.

ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა. 30 აპრილს გვერდის გაუქმებამდე News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძე იყო, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. პარალელურად, News Front-ის ფეისბუკ გვერდი მართავდა საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა.

30 აპრილს News Front Georgia-ს გვერდთან ერთად აღნიშნული ჯგუფიც წაიშალა. News Front-ის ჯგუფს სხვა ადმინისტრატორებთან ერთად პლატფორმა “პოლიტიკანოს” დამფუძნებელი გიორგი მდივანიც მართავდა, რომელსაც ამავდროულად ევგენი პრიმაკოვის ფონდათან აქვს კავშირები.

'

  • ვინ არის News Front-ის სამიზნე საქართველოში?

“მითების დეტექტორს” News Front Georgia-ს მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაცია გამოუაშკარავებია. საქართველოში News Front-ის სამიზნეები არიან:

  • ვაჟა გაფრინდაშვილი: 2019 წლის ნოემბერში News Front Georgia ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკატორს და ჯიუტს უწოდებდა და საოკუპაციო რეჟიმის ან კრემლის ნაცვლად ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებაში თავად ვაჟა გაფრინდაშვილს ადანაშაულებდა.
  • ლუგარის ლაბორატორია:   News Front Georgia ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანიაშიც არის ჩართული. კორონავირუსის გავრცელებლად ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა წარმოაჩინა, თუმცა News Front-ი მკითხველს არწმუნებდა, რომ ლაბორატორიის როლი გადაჭარბებული იყო და კორონავირუსის დიაგნოსტირებას ნებისმიერი სხვა ლაბორატორიაციაც შეძლებდა. News Front-მა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს Gilead-ის წარმოებული Sovaldi, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით საქართველო C ჰეპატიტის სამკურნალოდ იყენებს, საშიში პრეპარატი იყო. ამავდროულად, Sovaldi რუსეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაშია შეყვანილი.
  • აშშ, დასავლეთი, NATO: აშშ-ის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დემონიზება კრემლის ერთ-ერთი წამყვანი ნარატივია, რასაც News Front Georgia-ც მიყვება. News Front Georgia-ს საიტზე არაერთი დეზინფორმაცია იძებნება, რომელიც დასავლეთის დაკნინებას და რუსეთის განდიდებას ცდილობს, მათ შორის ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისითაც. News Front Georgia ავრცელებდა კონსპირაციებს აშშ-ის წინააღმდეგ, თითქოს ახალი კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ ჩაიტანეს.
  • ეთნიკური უმცირესობები: News Front-ის სამიზნე საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობებიც არიან. სირიული “სომხური ლობის” ჩამოსახლების შემდეგ დაუსაბუთებელი კონსპირაციების გავრცელებით, News Front-ი ხელოვნურ შიშებსა და ქსენოფობიას აღვივებდა.
  • სამოქალაქო აქტივისტები: News Front Georgia ყალბ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებდა. მაგალითად, News Front-მა გაიმეორა სახელისუფლებო მედიის Pos TV-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, თითქოს აქტივისტებმა სასწრაფოს გზა გადაუკეტეს, რის შედეგადაც მოქალაქე გარდაიცვალა.
  • თურქეთი: თურქეთი, რომელიც საქართველოს სტრატგიული პარტნიორია, კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამ დღის წესრიგს News Front-იც მიყვება. მაგალითად, 4 თებერვალს News Front-მა ძველი მითი გააცოცხლა, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის წლებში 20 000 თურქეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ამით აჭარაზე თურქეთის გავლენის გაზრდას შეუწყო ხელი.
  • ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა: News Front-ი და მისი რედაქორი შოთა აფხაიძე ასევე ავრცელებდნენ ძველ კონსპირაციებს მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის შესახებ.

News Front Georgia-ს მიერ გავრცელებული სხვა დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მთების დეტექტორის” პუბლიკაციები.

რა ვიცით South Front-ის შესახებ?

South Front-ი News Front-ის მსგავსად კრემლის პროექტია და ინფორმაციას ასევე რამდენიმე ენაზე აქვეყნებს. საიტი რუსეთიდან იმართება და სამხედრო თემატიკისა და დაზვერვის შესახებ კონსპირაციებს ხშირად ავრცელებს.  South Front-ი ჩართულია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის კამპანიაში. საიტი კრემლთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ “გამოძიებებს” აქვეყნებს.

EUvs. Disinfo-ს South Front-ის რუსეთთან კავშირებზე ვრცელი გამოძიება აქვს გამოქვეყნებული. South Front-ის საიტზე ხელმისაწვდომი იყო ბანერი, რომელიც საიტისთვის თანხის დონაციისთვის იყო გათვლილი. დონაციის Paypal-ის ანგარიში კი რუსული მეილით იყო დარეგისტრირებული. EUvs.Disinfo-მ მეტა მონაცემების ანალიზით ასევე გაარკვია საიტზე ვიდეო მასალების ადმინისტრატორების სახელი – Анастасия.

"
"
"
წყარო: Euvs.Disinfo

South Front-ი ასევე დაკავშირებულია კიდევ რამდენიმე კრემლის დღის წესრიგის გამავრცელებ საიტებთან: ZeroHedge, Veterans Today, New Eastern Outlook და Strategic Culture Foundation, იგივე Фонд стратегической культуры. New Easter Outlook (Новое восточное обозрение) ჟურნალია, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი გამოსცემს. აღსანიშნავია ისიც, რომ Veterans Today-ს ერთ-ერთი ავტორი საქართველოში მცხოვრები ჯეფრი სილვერმანია, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კონსპირაციების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. აღნიშნული საიტები კრემლის დღის წესრიგის მულტიპლიკაციას ერთმანეთის პუბლიკაციების გამოქვეყნებით ახდენენ, რითაც მკითხველამდე კონკრეტული გზავნილი სხვადასხვა ვებგვერდის მეშვეობით მიდის.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist