დეზინფორმაცია: ევროკავშირს მართავს ხალხი, რომელიც არავის აურჩევია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

24
91
VIEWS

16 იანვარს, ტვ “ობიექტივის” ეთერში გლობალური კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბიუროკრატიული სისტემაა, რომელიც არავის აურჩევია და ევროკავშირი მის წევრ და თუნდაც არაწევრ სახელმწიფოებს საკუთარ ნებას ახვევს თავს.

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევის ცენტრი: ძალიან დიდი უკმაყოფილებაა არა მარტო შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც, იმიტომ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია არავის აურჩევია, ხალხო! ეს ხალხი არ არის ხალხის მანდატით მოსული და გამოდის, რომ ისინი სახელმწიფოებზე ზემოთ დგანან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ხშირად არაწევრ, მაგრამ მოსურნე ქვეყნებსაც თავს ახვევენ საკუთარ ნებას”.

16 იანვარი, ობიექტივი

აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა, შემდეგი ფაქტების გამო:

1. გადაწყვეტილების მიღების სისტემა. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდი მოქმედებს.

  • ევროპარლამენტი – პირდაპირი წესით არჩეული ერთადერთი ორგანოა ევროკავშირში და წარმოადგენს ევროკავშირის 500 მილიონიან მოსახლეობას 751 ევროპარლამენტარის მეშვეობით. ის საკვანძო როლს თამაშობს ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევის დროს. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსთან ერთად საბიუჯეტო და საკანონმდებლო ძალაუფლებას ინაწილებს.
  • ევროკომისია – ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ევროკომისია მონიტორინგს უწევს შეთანხმებებს და ევროკავშირის ყოველდღიურ საქმიანობას.
  • ევროკავშირის საბჭო – შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისაგან, რომლებიც ინაწილებენ საბიუჯეტო და საკანონმდებლო ძალაუფლებას ევროპარლამენტთან.
  • ევროპული საბჭო – წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან შემდგარი სტრატეგიული ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას.

ევროკავშირის ინსტიტუტების შესახებ იხ. ინფოგრაფიკა.

1

2. ევროპარლამენტი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც პირდაპირი  საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულები – ევროპარლამენტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის  საკანონმდებლო ორგანოს 5 წელიწადში ერთხელ, პირდაპირი წესით ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის  მოქალაქეების მიერ, მათი ინტერესების გასატარებლად აირჩევა.

არჩევნების სისტემა ყველა სახელმწიფოში განსხვავებულია, თუმცა დროის ერთ მონაკვეთში ტარდება და  შედეგებიც ერთდროულად ქვეყნდება. ხმის მიცემა პროპორციული წესით ხდება და ეს მეთოდი  განსაკუთრებულია იმით, რომ მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მცირე პარტიების უფლებები.  ქვეყნებისთვის ადგილების რაოდენობის განსაზღვრა თითეული წევრი სახელმწიფოს მოსახლეობის  რაოდენობის შესაბამისად ხდება.

 3. ევროპარლამენტის უფლებამოსილება – ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ არჩეულ  პარლამენტს შემდეგი ძირითადი ფუნქციები გააჩნია:

  • ევროკავშირის საბჭოსთან ერთად კანონების განხილვა და დამტკიცება.
  • ევროკავშირის საბჭოსთან ერთად ბიუჯეტის განხილვა, დამტკიცება და ბიუჯეტის ხარჯვაზე მონიტორინგის განხორციელება.
  • ევროპული საბჭოსთან ერთად ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცება.
  • იმის დადგენა, თუ რამდენად დემოკრატიულად მუშაობენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები, განსაკუთრებით კი კომისია, მათი საქმიანობის შემოწმება.
  • ევროპარლამენტს ასევე უფლება აქვს დაითხოვოს ევროკომისიის სრული შემადგენლობა პრეზიდენტის ჩათვლით.

4. ლისაბონის ხელშეკრულება აძლიერებს ეროვნულ პარლამენტებს და ევროკავშირში მიმდინარე პროცესების კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

ევროკავშირის შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის თანახმად, ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისთვის და საბჭოსთვის წარდგენილი კანონპროექტი ეროვნულ პარლამენტებსაც უნდა გაეგზავნოს. უთანხმოების შემთხვევაში, ადრეული გაფრთხილების პრინციპის მეშვეობით, ეროვნულ პარლამენტს შეუძლია გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტთან მიმართებაში. ამგვარი მოწყობა ეროვნულ, რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეზე პრობლემატური საკითხების უკეთ გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.

ლისაბონის ხელშეკრულება სწორედ წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებით, ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების დაახლოებას მოიაზრებს. მონაწილეობითი დემოკრატიის გაზრდის ნათელი მაგალითია ევროკავშირის ხელშეკრულების 11.4 მუხლი მოქალაქეთა ინიციატივის შესახებ, რაც გულისხმობს მილიონი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ევროკომისიის მიერ შესაბამისი კანონპროექტის წარდგენის შესაძლებლობას.

ნანა დევდარიანის შესახებ. 2013 წელს , ნანა დევდარიანმა იოსებ არჩვაძესა და მაია ჩუბინაშვილთან ერთად „გლობალური კვლევების ცენტრი” დააფუძნა. IDFI -ს პროექტის დამოუკიდებლობა.com – ის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია ხელს უწყობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და მეტწილად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის” მოსაზრებებისა და ანალიზის ტირაჟირებას ახდენს. მედიის განვითარების ფონდის კვლევაში „ანტიდასავლური პროპაგანდა”, ნანა დევდარიანი ხშირად ფიგურირებს, როგორც ანტიდასავლური განწყობების ერთ-ერთი წყარო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა დევდარიანი საარჩევნო ბლოკის „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” სიის პირველ ათეულში მეექვსე ნომრადაა დასახელებული.

2000-2003 წლებში ნანა დევდარიანი საქართველოს სახალხო დამცველი, 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist