ჟურნალისტებზე ძალადობის ორგანიზატორი “ალტ-ინფო” აცხადებს, რომ ჟურნალისტები მოძალადეების ამოცნობას ვერ ახერხებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

726
VIEWS

12 თებერვალს ტვ “ალტ-ინფოს” ეთერში, გადაცემაში “ალტ-ანალიტიკას” ერთ-ერთმა წამყვანმა, კონსერვატიული პარტიის წევრმა შოთა მარტინენკომ 5 ივლისს დაზარალებულ ჟურნალისტებზე ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლოს კადრების მიხედვით, მოწმეები და დაზარალებულები დამნაშავეთა ამოცნობას ვერ ახერხებენ:

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: „ყველა პროცესი გადავიღეთ და ყველა კადრი ამოვიღეთ, სადაც ეკითხებიან მოწმეს, აი, ნახე თუ არა რომელიმე და შეგიძლია თუ არა ვინმეს ხელი დაადო? აი, ეგ კადრები ყველა ვაჩვენეთ, მაგ კითხვაზე ყველა პასუხი. ერთი კადრი წამლად ვერ ვიპოვნეთ, რომ ვინმე ამბობდეს, რომ აი, ამან დამარტყა ხელი. ეგეთი არ არსებობს, ეხლაც, აი ეს ხალხი რომ იჯდა, არავინ, არც ერთი არ ცნობს მაგ ადამიანებს, ხო? ფაქტები არ არსებობს…“

მარტინენკოს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა იმისა, რომ კონკრეტული ინდივიდების მიერ 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის კადრები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც დაზარალებულთა უფლებების დამცველები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილმა თავდამსხმელების ამოცნობა შესძლო. შესაბამისად, მტკიცება, რომ დაკავებულთა ბრალელულობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, დეზინფორმაციულია.

5 ივლისს დაზარალებულთა უფლებებს რამდენიმე ორგანიზაცია იცავს, მათ შორის არიან “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) და საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია. “მითების დეტექტორი” დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მათ დაუკავშირდა.

  • “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას ინტერესებს იცავს, რომელსაც მის კოლეგასთან, “რადიო თავისუფლების” რეპორტიორ დავით ქორიძესთან ერთად 5 ივლისს თავს მრგვალ ბაღთან დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

წყარო: რადიო თავისუფლება

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული პირი, 1984 წელს დაბადებული გიორგი კახიანი 10 ივლისს დააკავეს.

როგორც ორგანიზაცია  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელმა, მარიამ კაპანაძემ “მითების დეტექტორს” განუცხადა, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებმა ამოიცნეს პირი, რომელიც თავს დაესხათ და მას 7 ბრალდებულს შორის სასამართლო პროცესის დროსაც დაადეს ხელი.

  • ჟურნალისტებზე სკუტერით თავდასხმის საქმე

აღსანიშნავია, რომ არსებობს არაერთი კადრი, რომლებშიც ჩანან კონკრეტული ინდივიდები და მათი თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ. 5 ივლისს გავრცელდა კადრები, რომელზეც ასახულია, თუ როგორც ცდილობდა ერთ-ერთი პირი ჟურნალისტებს მოპედით დაჯახებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირის დაკავების შესახებ განცხადება 6 ივლისს გააკეთა. დაკავებულმა, ზაზა ჭაავამ სასამართლოზე თქვა, რომ მოპედის მუხრუჭს დაზიანება ჰქონდა და ჟურნალისტებისათვის განზრახ დაჯახებას არ აპირებდა. “თუ ვინმე თვლის, რომ ვიძალადე, მე ვაგებ პასუხს” – თქვა მან. თუმცა, კადრებში ჩანს, რომ ჭაავა ჟურნალისტებისათვის მოპედის დაჯახებას არაერთხელ ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ჭაავას ქმედების გამართლება და ჟურნალისტის დადანაშაულება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სასულიერო პირმა, ანდრია გეწაძემ სცადა. მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ისე იყო რედაქტირებული, რომ მოვლენების განვითარების სრულ ვერსიას არ ასახავდა. “მითების დეტექტორის” მიერ ფეისბუკზე ვიდეოს მონიშვნის შემდეგ ის სასულიერო პირის გვერდზე აღარ იძებნება. ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:

კიდევ ერთ შემთხვევაში გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტის, მაკო ჯაბუას მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება მას ფიზიკურად დროშის ტარით ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ჟურნალისტი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს. “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ჯაბუამ განაცხადა, რომ ვინაიდან დაკავებულმა არ ისურვა, ამოცნობის პროცედურა პირისპირ მომხდარიყო, მან თავდამსხმელი ფოტოზე ამოიცნო.

  • საიას დაცვის ქვეშ მყოფთა საქმეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 20-მდე დაზარალებულის უფლებებს იცავს. საიას იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ “მითების დეტექტორთან” საუბარში თქვა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილმა ამოცნობის პროცედურების დროს დაკავებულთა შორის ის პირები ამოიცნო, ვინც მათზე იძალადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2021 წლის 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დაზარალებულებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მედიიდან ან კერძო პირთაგან გამოთხოვილი ვიდეომასალების შესახებ ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით არ მიეწოდათ. ასევე ორგანიზაციას არ გადაეცა სისხლის სამართლი საქმის ის ნაწილები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებს და იმ პირებს შეეხებოდათ, რომლებიც ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებებს აკეთებდნენ.

საიას ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოძიება ნაკლებად ინტერესდებოდა პოლიციელების გამოკითხვით. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევაში გამოძიებამ ყურადღება არ გაამახვილა დანაშაულის ადგილას მდგარი მანქანების ვიდეოჩანაწერების ამოღებაზე და ადგილზე მყოფი პოლიციელების გამოკითხვაზე და ინფორმაციის მიღებას მხოლოდ დაზარალებულისგან ცდილობდა.

  • ალტ-ინფოს წევრები თავად იყვნენ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები და ძალადობის  წამქეზებლები

აღსანიშნავია, რომ ალტ-ინფოს წარმომადგენლები თავად იყვნენ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები და ძალადობის წამქეზებლები. მაგალითისთვის, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ 5 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილებს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან გადანაცვლებისაკენ მოუწოდა და უთხრა, რომ იქ “თბილისი პრაიდის” წევრები იმყოფებოდნენ. სწორედ “სირცხვილიას” ოფისთან მოხდა თავდასხმა ტელეკომპანია პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელიც იქ სასტიკად სცემეს.

ძალადობისაკენ მოწოდების შეცველ გზავნილებს კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე 5 ივლისამდეც ავრცელებდნენ:

კონსტანტინე მორგოშია, ალტ-ინფოს დამფუძნებელი: „ალტერნატივა საქართველოსთვის“ და ალტ-ინფო თავისთავად, ცხადია, ხალხის მობილიზებას დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ვიქნებით და ეგენი ვერ ჩაივლიან კი არა, აზრადაც ვერ გაივლებენ, რომ იქ შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს. ვერავინ მათ ვერ დაიცავს პირდაპირ გეუბნებით!“

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან, დიახ, მე  ვარ მოძალადე! მე შემიძლია და ვაპირებ საკუთარი ღირებულებების, მათ შორის ძალით დაცვას.” “Ჩვენ არანაირ ძალადობას არ ვემიჯნებით, თუ ამ ძალადობით ჩვენი სამშობლო და ღირებულებებია დასაცავი.”

მიუხედავად ალტ-ინფოს წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ “გაბრაზებულ ხალხს” თავად ვერ აკონტროლებდნენ, არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ზურა მახარაძე მოლაპარაკებებს აწარმოებს საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძესთან და მას ეუბნება, რომ რომ ადგილზე სიტუაციის კონტროლს შეძლებს: “რამდენი დრო გინდა? მე გაძლევ პირობას, მითხარი რამდენი დრო გინდა, რომ მიხვიდე… მე გაძლევ პირობას 10 წუთი აქ არაფერი არ მოხდება…სანამ შენ მიხვალ და მოხვალ მე გაძლევ პირობას აქ არაფერი მოხდება.” – ამბობს მახარაძე.

16 ივლისს პოლიციამ კონსტანტინე მორგოშიას და ზურა მახარაძის სახლები გაჩხრიკა. ისინი გამოკითხვაზეც გადაიყვანეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებებს შედეგი არ მოჰყოლია.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის წინ გაჟღერებული გზავნილების და ძალადობისაკენ მოწოდებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” კვლევაში:

ალტ-ინფოს წარმომადგენლების ძალადობრივი რიტორიკის შესახებ ვრცლად გეცანით “მითების დეტექტორის” მასალას:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist