ბოლო თვეებია, რაც უკრაინიდან კოლუმბიამდე და ლიეტუვიდან ესპანეთამდე კრემლთან დაკავშირებული ვებგვერდები და სოციალური მედიის ანგარიშები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტ ზელენსკის ცოლი, მისი ფონდის მეშვეობით, ბავშვთა ტრეფიკინგშია ჩართული. ეს ოლენა ზელენსკას „პიცაგეიტია“ – შეთქმულების იმ თეორიის უკრაინული ვერსია, რომელმაც 28 წლის ამერიკელ ედგარ მედისონ უელჩს უბიძგა, რომ 2016 წლის 4 დეკემბერს ვაშინგტონში მდებარე Comet Ping Pong პიცერიაში შესულიყო და სროლა აეტეხა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ უელჩმა იქ ის ვერ იპოვა, რასაც ეძებდა – მსხვერპლი ბავშვები, რომლებითაც აშშ-ის იმდროინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფი ვაჭრობდა. ეს „პიცაგეიტის“ შეთქმულების თეორია იყო, რომლის მტკიცებულებაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. ძლიერი ქალები, ბავშვთა ტრეფიკინგი და დეზინფორმაცია.
წინამდებარე კვლევა მეორე ნაწილია პროექტისა, რომელსაც Maldita.es(ესპანეთი) უძღვება და რომელშიც StopFake (უკრაინა), Delfi (ლიეტუვა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო), Chequeado (არგენტინა), La Silla Vacía (კოლუმბია), Animal Político (მექსიკა) და EsPaja (ვენესუელა) მონაწილეობენ. უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) და ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიების შესასწავლად შეიქმნა ნოვატორული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რის შედეგადაც სისტემა ცენტრალიზებულია და ფუნქციონირებს როგორც ამ ქვეყნებში გამოვლენილი დეზინფორმაციის საცავი. საერთო მეთოდოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვავლინოთ ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები და ნარატივები, რომლებიც ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ერთდროულად ვრცელდება. |
ეს დეზინფორმაციული კამპანია კიდევ ერთი ცრუ ინფორმაციის პარალელურად გავრცელდა, თითქოს ზელენსკამ ნიუ-იორკში სამკაულებზე მილიონი დოლარი დახარჯა, იმავე სტრატეგიებისა და გავრცელების არხების გამოყენებით.
იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს, სხვადასხვა მტკიცებებით უკრაინას არასრულწლოვანი ან ორსული ქალების ფრონტზე გაგზავნაში ანდა იმავე მიზნით ბავშვების რეკრუტირებაში ადანაშაულებენ. შინაარსობრივი მსგავსების გარდა, ამ დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს სხვა საერთო მახასიათებლებიც აქვთ: დეზინფორმაციის მთავარი პერსონაჟები ქალები და ბავშვები არიან, რასაც დეზინფორმატორები ქვეყანაზე თავდასხმის ან ქვეყნის ლიდერების დელეგიტიმიზაციის საშუალებად იყენებენ.
ოლენა ზელენსკას სავარაუდო კავშირები ბავშვებით მოვაჭრეთა ჯგუფთან მისი ფონდის მეშვეობით: ძველი თეორიის განვრცობა, რომელიც ისევ ცირკულირებს
„ზელენსკის ცოლი, ოლენა ზელენსკა, თავისი ფონდის მეშვეობით, ბავშვთა ტრეფიკინგში მონაწილეობს“ – ასე იწყება ინტერნეტში გავრცელებული ზოგიერთი გზავნილი, რომელთა მეშვეობითაც ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს „კომპლექსური გამოძიებით გამოვლინდა, რომ უკრაინიდან ათობით ბავშვია გაყვანილი,“ რომელთაგან ბევრი პედოფილურ ქსელებში მოხვდა.
ეს სიცრუე ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს ვრცელდება – საქართველოდან ლიეტუვამდე, ასევე, უკრაინაში, ესპანეთში, არგენტინაში, ვენესუელაში, კოლუმბიასა და მექსიკაში. ამ შეთქმულების თეორიის ინსპირაცია რამდენიმე წლის წინ მთელ მსოფლიოში გავრცელებული სხვა შეთქმულების თეორიაა – „პიცაგეიტი,“ რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონს და მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერს ჯონ პოდესტას არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში ადანაშაულებდნენ.
შეთქმულების ეს თეორია მას შემდეგ გაჩნდა, რაც პოდესტამ მის ელექტრონულ წერილებში, რომლებიც WikiLeaks-მა ჰაკერულად მოიპოვა და გამოაქვეყნა, „ყველიანი პიცა“ ახსენა. მოგვიანებით, ეს დეტალი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, იმის სათქმელად გამოიყენეს, თითქოს „ყველიანი პიცა“ კოდური სიტყვა იყო და „ბავშვთა პორნოგრაფიას“ ნიშნავდა. შეთქმულების ამ თეორიის მიმდევრები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი და მისი გუნდი ბავშვებს იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ და ზოგჯერ სატანური რიტუალების მიხედვით კლავდნენ Comet Ping Pong პიცერიაში. როდესაც რესტორანში შესვლის და სროლის დაწყების შემდეგ, ედგარ მედისონ უელჩმა იქ გატაცებული ბავშვები ვერ აღმოაჩინა, ის პოლიციას ჩაბარდა. თუმცა დეზინფორმაცია ამ ინციდენტის შემდეგისევ ვრცელდებოდა.
ოლენა ზელენსკასა და მის ფონდზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიაში ნახსენები „კომპლექსური გამოძიების“ ავტორად დასახელებულია ფრანგი ჟურნალისტი რობერტ შმიდტი. დეზინფორმაციის გამავრცელებლების მტკიცებით, გამოძიებამ „დაადგინა,“ რომ ოლენას ფონდი პედოფილებს დასავლეთ ევროპაში უკრაინელ ბავშვებს უგზავნიდა. თუმცა ასეთი გამოძიების კვალი არსად ჩანს. ბულგარელმა ფაქტების გადამმოწმებლებმა Fact-Check.bg-დან დაადგინეს, რომ არსებობს ამ სახელისა და გვარის ჟურნალისტი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგშია დაბადებული, მაგრამ მას ოლენა ზელენსკას ფონდის შესახებ არაფერი გამოუქვეყნებია.
სავარაუდო მტკიცებულება, ვითომდა ფრანგი ჟურნალისტის, რობერტ შმიდტის სახელით, 2023 წლის 3 ნოემბერს YouTube არხზე გამოქვეყნდა. ეს იყო ერთადერთი ვიდეო, რომელიც ერთი თვით ადრე შექმნილ ამ ანგარიშზე აიტვირთა. ამ ვიდეოში, რომელიც შემდეგ YouTube პლატფორმიდან აიღეს, ნიღბიანი, ჰუდში გამოწყობილი კაცი ამბობს, რომ ოლენა ზელენსკას ფონდის ყოფილი თანამშრომელია.
იმავე დღეს, 3 ნოემბერს, ვებსაიტებზე გამოჩნდა პუბლიკაციები, ჯერ ფრანგულ და შემდეგ ინგლისურ ენაზე, რომლებიც კონტინენტიდან კონტინენტზე გადადიოდა.
ამ ვითომდა ექსკლუზიური ამბის გამოქვეყნებით დეზინფორმაციის ნიაღვარს გზა NetAfrique.net-მა გაუხსნა. ეს ვებგვერდი, მისივე აღწერილობით, „ზოგადი საინფორმაციო პორტალია, რომელიც აფრიკისა და მსოფლიოს ახალ ამბებს აქვეყნებს“ ფრანგულ ენაზე. აღნიშნული პუბლიკაციის თანახმად, „რობერტ შმიდტმა გამოიკვლია, რომ ოლენა ზელენსკას ფონდი, ომისგან ბავშვების გადარჩენის კეთილშობილური მისიის საფარქვეშ, ჩართულია ობოლი ბავშვების დანაშაულებრივი მიზნებით ევროპაში გადაყვანაში.“ ეს ვებგვერდი, რომელიც ძირითადად ბურკინა-ფასოს ამბებს აშუქებს, სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის (ISD) ანგარიშშიც მოხვდა. ამ ანგარიშში აღწერილია, რომ ვებგვერდმა, იდენტური სტრატეგიის გამოყენებით, გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსის ვაჟს, ალექსანდრე სოროსს, უკრაინის მთავრობამ 400 კმ მიწა გადასცა ტოქსიკური ნარჩენების განსათავსებლად.
რამდენიმე დღით ადრე იმავე ვებგვერდმა ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ცოლის შესახებ, თითქოს მან, 2023 წლის 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ყოფნისას, კარტიეს ფირმის სამკაულებზე ერთ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. სტრატეგია იდენტური იყო: მაღაზიის სავარაუდო თანამშრომელმა ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ ზელენსკამ აღნიშნული თანხა სამკაულებზე დახარჯა და ასევე, მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება; შემდეგ ეს ვიდეო YouTube არხზე აიტვირთა. მოგვიანებით NetAfrique.net-მა მტკიცებულება ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა: „მაღაზიის პერსონალის თქმით, ოლენა ზელენსკამ ნიუ-იორკში საყიდლებზე 1,000,000 აშშ დოლარი დახარჯა.“ თუმცა იმ დღეს უკრაინის პირველი ლედი ვერ იქნებოდა ნიუ-იორკში, რადგან ის და მისი ქმარი კანადის დედაქალაქ ოტავას სტუმრობდნენ, სადაც ოლენა ზელენსკა კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდა.
კიდევ ერთი საიტი, რომელმაც ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ შეთქმულების თეორია ასევე ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა, სენეგალის Senenews.com იყო.
მომდევნო დღეს ეს ამბავი ინგლისურად The DC Weekly-მ გამოაქვეყნა, რომელიც, The New York Times-ის თანახმად, იმ გაზეთების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდნენ და ცნობილი გაზეთების სახელების იმიტირებით ცდილობენ, სანდოობა მოიპოვონ მოსახლეობაში, თითქოს ისტორიულ ადგილობრივ მედიას წარმოადგენენ „და რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ.“
5 ნოემბერს რობერტ შმიდტის ეს ვითომდა სენსაციური ამბავი ინგლისურენოვანმა ვებგვერდებმა გამოაქვეყნეს, მაგალითად, The Intel Drop-მა, რომელსაც უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელ StopFake-ის თანახმად, „უკრაინის შესახებ დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები“ ადრეც გაუვრცელებია. პარალელურად ქართულმა „მითების დეტექტორმა“ იმავე საიტზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი სიცრუე გამოავლინა, რომლის თანახმადაც ზელენსკიმ ბერლინთან ახლოს ვილა იყიდა, რომელიც ადრე ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს ეკუთვნოდა.
ზელენსკას ფონდის შესახებ DC Weekly-ს სტატიის ავტორად ვინმე ჯესიკა დევლინია მითითებული, როგორც „გამორჩეული და ცნობილი ჟურნალისტი, რომლის კარიერამაც ის მსოფლიოს ზოგ ყველაზე კრიტიკულ და რთულ რეგიონში მიიყვანა,“ თუმცა არანაირი მტკიცებულება არ ადასტურებს ასეთი ჟურნალისტის არსებობას. ამას ისიც ემატება, რომ ვითომდა ჯესიკა დევლინის ფოტოზე, სინამდვილეში, კანადელი მწერალი ჯუდი ბატალიონია გამოსახული. ანუ, ზუსტად ისეა, როგორც ერთი თვის წინ ზელენსკას მიერ ნიუ-იორკში სამკაულებზე მილიონი დოლარის დახარჯვაზე დეზინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში მოხდა.
სხვა ადამიანების ფოტოების გამოყენება და საგამოძიებო სტატიების ავტორების ფოტოებად მათი გასაღება DC Weekly-ს ჩვეული პრაქტიკაა, დაწერა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) შაიან სარდარიზადემ, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ექსპერტმა BBC-ის ფაქტების გადამოწმების ჯგუფიდან (BBC Verify). მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში, ეს ვებგვერდი სტანდარტულ, ანუ ეგრეთ წოდებულ სტოკ ფოტოებს იყენებს.
7 ნოემბერს თამაშში ჩაერთო რუსეთის საელჩო სამხრეთ აფრიკაში, რომელმაც X-ზე (ყოფილი ტვიტერი) DC Weekly-ს სტატია შემდეგი ფრაზით გააზიარა: მედია: „წყარო ადასტურებს, რომ ოლენა ზელენსკას ორგანიზაციას ბავშვებით ვაჭრობის სკანდალში ადანაშაულებენ.“
მიუხედავად იმისა, რომ არც მტკიცებულება არსებობს და არც მოწმე, შეთქმულების თეორია ოლენა ზელენსკას შესახებ, რომელიც 2023 წლის 3 ნოემბერს YouTube-ზე „რობერტ შმიდტის“ ანგარიშმა გამოაქვეყნა, ინტერნეტში ცირკულირებას „პიცაგეიტის“ მსგავსად აგრძელებს. არა მარტო ეს, არამედ მასთან დაკავშირებული სხვა თეორიებიც ვრცელდება: ამ თვეების განმავლობაში რუსული საიტებზე ქვეყნდება მასალები, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ „გამოქვეყნდა რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის არაკომერციული ფონდის ანგარიში სახელწოდებით „ბავშვების გამტაცებლები: ოლენა ზელენსკას ფონდი უკრაინელ მშობლებს ბავშვებს ართმევს, რათა ისინი ბრიტანელ პედოფილებს მიჰყიდოს“.“ თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ დასახელების ფონდმა ასეთი ანგარიში გამოაქვეყნა, ხოლო ბმულს, რომელიც თითქოს ამ ფონდს ეკუთვნის, მორიგ რუსულ ვებგვერდზე გადავყავართ.
ოლენა ზელენსკა: ორი თითქმის ერთდროული კამპანია იდენტური სტრატეგიებისა და ვებგვერდების გამოყენებით
კონკრეტულ ქვეყანასა და ენაზე გავრცელებული მასალის სხვა ქვეყნებსა და ზოგჯერ, სხვა ენებზეც გასავრცელებლად გამოიყენება სტრატეგია, რომელიც ჩვენ უკვე გამოვავლინეთ სხვა დეზინფორმაციულ კამპანიებში, მაგალითად, ზემოთ ნახსენებ კამპანიაში, რომელშიც ზელენსკის და მის ცოლს დასავლეთიდან მიღებული ფულის ფუფუნების ნივთებზე დახარჯვაში ადანაშაულებენ.
- ნაბიჯი N1: ვიდეო ქვეყნდება YouTube-ზე ან სხვა სოციალური მედიის არხზე და მასში ფონდის ან ორგანიზაციის სავარაუდო თანამშრომლის აღიარებითი ჩვენებაა. არხი ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე იქმნება და, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ვიდეოს აქვეყნებს – იმას, რომელშიც სავარაუდო აღიარებითი ჩვენებაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი არხი სავარაუდო ჟურნალისტის, რობერტ შმიდტის, სახელით შეიქმნა, ხოლო აღიარებით ჩვენებას ფონდის სავარაუდო ყოფილი თანამშრომელი იძლევა. იდენტური სქემით გავრცელდა სიცრუე ზელენსკის მიერ გლოსტერში მეფე ჩარლზ III-ის სასახლის შეძენის შესახებ, როდესაც უძრავი ქონების აგენტის სავარაუდო აღიარებითი ჩვენება პირველად YouTube-ზე გამოქვეყნდა. ოლენა ზელენსკას მიერ ნიუ-იორკში ვითომდა 1.1 მილიონი აშშ დოლარის კარტიეს სამკაულების ყიდვის შესახებ ვიდეო პირველად Instagram-ზე გამოქვეყნდა. იქაც ადამიანი ამტკიცებდა, რომ კარტიეს მაღაზიის თანამშრომელი იყო.
- ნაბიჯი N2: ვებგვერდები, რომლებიც მედიაორგანიზაციებად წარმოაჩენენ თავს, აქვეყნებენ სტატიას და წყაროდ ვიდეოს უთითებენ. ზოგჯერ ის პირველად ფრანგულენოვან საიტებზე ქვეყნდება, რომელთა სამიზნეც ისეთი აფრიკული ქვეყნების აუდიტორიაა, როგორებიცაა ბურკინა-ფასო ან ნიგერია. ფრანგულენოვანი საიტი NetAfrique.net ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ბავშვთა ტრეფიკინგში ოლენა ზელენსკას მონაწილეობაზე შეთქმულების თეორიაც გამოაქვეყნა და ყალბი ინფორმაციაც მის მიერ ნიუ-იორკში სამკაულების ყიდვის შესახებ.
კლემსონის უნივერსიტეტის კვლევაში გაანალიზებულია, რომ „ასეთი ნარატივის მქონე ვიდეოების უმეტესობაში აფრიკული ან არაბული წარმომავლობის აქტორები გამოიყენება, რათა ამ ვიდეოებმა მეტი სანდოობა მოიპოვოს ამ საზოგადოებებში და ამ ფორმით მოხდეს რუსული არხებისგან დისტანცირება.“
- ნაბიჯი N3: სხვა საიტები, რომლებიც თავს მედიაორგანიზაციებად ასაღებენ, მასალებს სხვა ენებზე თარგმნიან კამპანიის მასშტაბის გასაფართოებლად. ამის მაგალითია The D.C. Weekly ან The London Crier – პირველი ისტორიულ გაზეთად ასაღებს თავს შეერთებულ შტატებში, ხოლო მეორე დიდ ბრიტანეთში, თუმცა ეს უკანასკნელი ზელენსკის მიერ ჩარლზ III-ის სასახლის ყიდვის შესახებ ტყუილის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა.
D.C. Weekly-ის მიერ გამოქვეყნებულ ორივე მასალას, რომლებშიც ოლენა ზელენსკა დადანაშაულებულია სამკაულების ყიდვასა და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში, ვინმე ჯესიკა დევლინი აწერს ხელს, რომლის ფოტოც, სინამდვილეში, კანადელი მწერლის ჯუდი ბატალიონის ფოტოა. D.C. Weekly აცხადებს, რომ ის ყოველკვირეული გაზეთია, რომელიც 20 წლის წინ დაარსდა. თუმცა კლემსონის უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, სამხრეთ კაროლინაში (აშშ) ასეთი გაზეთი არ არსებობდა, ხოლო დომენი dcweekly.org ვებსაიტებთან, სულ ცოტა, 2017 წლიდან იყო დაკავშირებული, მაგრამ 2018 წლის ბოლოდან 2021 წლამდე უმოქმედო იყო. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ხელახლა გააქტიურების შემდეგ „ეს დომენი ბევრი სხვა დომენთან საზიარო IP მისამართს უთითებდა, ხოლო ეს სხვა დომენები ყოფილ პოლიციელსა და შეთქმულების თეორეტიკოს ჯონ მარკ დუგანთან ასოცირდებოდა, რომელიც 2016 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.“
- და ბოლოს, მასალა სხვა ქვეყნებში, მაგალითად, სამხრეთ აფრიკასა ან გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი რუსეთის საელჩოების სოციალური მედიის ანგარიშებით ვრცელდება, ორივე შემთხვევაში ინგლისურ ენაზე. მასალას სოციალურ მედიაში ასევე აქტიურად აზიარებენ და ავრცელებენ ანგარიშები, რომლებსაც ბევრი მიმდევარი ჰყავთ.
როგორც ვხედავთ, დროის მოკლე მონაკვეთში ორი დეზინფორმაციული კამპანია ჩატარდა არა მარტო იდენტური სტრატეგიების, არამედ გავრცელების იმავე არხების გამოყენებით. თავის მხრივ, მასალის უფრო ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობდა მისი სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნება და სოციალურ ქსელებში იმ მომხმარებლების მიერ გაზიარება, რომლებსაც ბევრი მიმდევარი ჰყავთ.
„პიცაგეიტის“ კონსპირაციის თეორიის ინსპირაცია და ბაზისი
წიგნში, „სოციალური მედია და მსოფლიო წესრიგი პოსტსიმართლის ეპოქაში,“ მკვლევარი და ლიბანურ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ კოსენტინო განმარტავს, რომ „პროპაგანდისტულმა ვებგვერდებმა, რომლებიც რუსულ მანიპულაციებსა და ზემოქმედების ტაქტიკასთან არიან დაკავშირებული, გარკვეული როლი ითამაშეს „პიცაგეიტის“ გაძლიერებაში, რადგან იყენებდნენ ბოტების და მსგავსი ანგარიშების კომბინაციას, რათა ეს თემა ტრენდად ექციათ, რაც მას საკმარის ლეგიტიმაციას მიანიჭებდა მომხმარებელთა შორის და ამ უკანასკნელთ მის გავრცელებაში ჩართვისკენ უბიძგებდა.“
თემა, რომელსაც 2016 წლიდან ვაკვირდებით, ინტერნეტში დღესაც ცირკულირებს, თუმცა თუ ადრე ამ თეორიის გამოყენებით პედოფილების ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ჰილარი კლინტონი დაადანაშაულეს, ახლა მასში უკრაინის პირველ ლედი ფიგურირებს. 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო (Ukrinform) აღწერდა, თუ როგორ აზიარებდნენ „პროკრემლისტური მედიაორგანიზაციები და რუსული ტელეგრამ არხები“ ელექტრონული ვაჭრობის ამერიკული კომპანიის Etsy-ს ვებგვერდის სკრინშოტს, რომელზეც გოგონა ჩანდა 3,000 დოლარიანი პიცით; ისინი, „პიცაგეიტის“ შეთქმულების ამერიკელი თეორეტიკოსების მსგავსად, ამტკიცებენ, რომ „პედოფილების ენაზე პიცა ნიშნავს ბავშვს და ასეთი რეკლამის მეშვეობით უკრაინელი ბავშვები საზღვარგარეთ იყიდება.“
ამ ფოტოს აქტიურად ავრცელებდნენ სოციალური მედიის პლატფორმებზე, როგორიც TikTok-ია, და თან ასეთი შინაარსის კომენტარებს ურთავდნენ: „Etsy-ზე შემაშფოთებელი, ათასობით დოლარის ღირებულების პიცების ფოტოები იდება ბავშვების გამოსახულებების გვერდით, რომლებიც პიცას ჭამენ,“ ეწერა ერთ-ერთ პოსტში X-ზე (ყოფილი ტვიტერი). „ნუთუ Etsy-ზე ბავშვებით ვაჭრობენ?“
ვერ მიაგნეს რა პედოფილიის დამადასტურებელ ვერანაირ მტკიცებულებას, Factchqueado-ს და Associated Press-ის ფაქტების გადამმოწმებლები Etsy-ს დაუკავშირდნენ, რომელმაც გამოძიება ჩაატარა და ამ განცხადებების დამადასტურებელი „ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვა.“ ასევე, კომპანიამ წაშალა ბავშვების ფოტოები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო შექმნილი.
„Etsy-ს წარმომადგენლის თქმით, ჩატარდა გამოძიება, რომელმაც განცხადებების უსაფუძვლობა დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ბავშვის უსაფრთხოებისთვის არანაირი საფრთხე არ დაუდგენია, ეს ფოტოები ონლაინ სავაჭრო პლატფორმიდან წაიშალა, რადგან ისინი არ ტოვებდა ლეგიტიმურის შთაბეჭდილებას, ხოლო ფასები უკიდურესად მაღალი ჩანდა,“ განაცხადა Associated Press-ის ფაქტების გადამოწმების ჯგუფმა, რომელმაც, ამავე დროს, სოციალურ მედიაში ამერიკული „პიცაგეიტის“ თეორიის „გააქტიურება“ შენიშნა.
ბოლო თვეებში ამ თეორიის სხვა მიმართულებებიც გამოვლინდა. ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Newtral-ის თანახმად, ცოტა ხნის წინ, რუსეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში განთავსებულმა რამდენიმე ინტერნეტპორტალმა გამოაქვეყნა „გამოძიება,“ რომელმაც დაადგინა, რომ 85 უკრაინელი არასრულწლოვანი, რომლებიც ესპანეთმა შეიფარა, ბავშვთა ტრეფიკინგის და პედოფილიის არალეგალურ ქსელებში მოხვდა. საუბარია „85 ბავშვიან ჯგუფზე უკრაინული ბავშვთა სახლიდან, რომელთა უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობისაა, და 17 ზრდასრულზე, მათ შორის ბავშვთა სახლის დირექტორზე, რომლებიც, თითქოს, არასრულწლოვანებს მეურვეობდნენ.“ მათი განმარტებით, ამჟამად, „ბავშვებზე მეურვეობას კასტილია და ლეონის ავტონომიური გაერთიანების სოციალური სამსახურები ახორციელებენ და ეს ბავშვები, იმათი გამოკლებით, ვინც სრულწლოვანი გახდა, ვალიადოლიდის პროვინციაში სხვადასხვა ცენტრში არიან განთავსებულნი.“
Newtral-ის თქმით, ეს თეორია გამოაქვეყნა რუსულმა ფონდმა, რომელიც 2 წლის წინ ევგენი პრიგოჟინმა შექმნა. პრიგოჟინი უკრაინაში პრორუსი უკანონო სამხედრო ფორმირებების მხარდასაჭერად შექმნილი ორგანიზაცია ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და 2023 წლის აგვისტოში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. Newtral-ის თანახმად, იმავე საიტს სხვა მსგავსი ინფორმაციაც აქვს გამოქვეყნებული, მაგალითად, დეზინფორმაცია, თითქოს ევროპის მიერ შეფარებულ უკრაინელ ბავშვებს „ორგანოებით ვაჭრობისთვის“ იყენებენ.
მიზანი: ქალების დეზინფორმაციის მსხვერპლად გამოყენება საერთაშორისო ლიდერებზე თავდასხმისა ან მათი პოლიტიკური დებატებიდან განდევნისთვის
ეს არ არის პირველი სიცრუე, რომელიც ოლენა ზელენსკას ან მისი ქმრის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება. ასევე, არც პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის ცოლი ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე ხდება. ასეთი რამ ადრეც გვინახავს „ის კაცად დაიბადა“ შეთქმულების თეორიის სახით, რომელიც საფრანგეთის, ესპანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ცოლების ვითომდა ტრანსსექსუალობას ეხებოდა. ამ თეორიის სამიზნე საერთაშორისო პოლიტიკური სცენის არაერთი პირველი ლედია, მაგალითად ბრიჯიტ მაკრონი, ბეგონია გომეზი თუ მიშელ ობამა და ამტკიცებს, რომ ისინი კაცებად დაიბადნენ და აქედან გამომდინარე, სქესი აქვთ შეცვლილი.
შეთქმულების ეს თეორია ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც გამოიყენება. „იცნობ ამ კაცს? ის კამალი არუშია. ბენღაზიში დაიბადა. კამალი კამალა გახდა,“ ნათქვამია ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ვირუსულად მას შემდეგ გავრცელდა, რაც 21 ივლისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრიდა და დემოკრატიული პარტიიდან ამ პოზიციაზე ასარჩევ კანდიდატად ქვეყნის ახლანდელ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს საჯაროდ დაუჭირა მხარი. ეს არ არის ამ სიცრუის გავრცელების პირველი შემთხვევა; იგივე ტყუილი 2022 წელსაც ცირკულირებდა.
მსგავსი გამოსახულებების შექმნა მობილური აპლიკაციების, მაგალითად, FaceApp-ის გამოყენებით შეიძლება, რომელიც ფოტოზე ადამიანის ნაკვთების შეცვლის საშუალებას იძლევა. კამალა ჰარისის ამ გამოსახულების მისაღებად გამოყენებული იქნა 2017 წელს გადაღებული ოფიციალური ფოტო, როდესაც ჰარისი სენატორი იყო კალიფორნიიდან. 2024 წლის 21 ივლისის შემდეგ კამალა ჰარისის შესახებ სხვა მასალებიც ცირკულირებდა, მაგალითად, მანიპულირებული ფოტო, რომელზეც ის გამოსახულია ბრალდებულ მაგნატ ჯეფრი ეპშტეინთან ერთად, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის გაასამართლეს და 2019 წელს მის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. სინამდვილეში, ამ ფოტოზე კამალა ჰარისი და მისი ქმარი, დუგლას ემჰოფი, არიან გამოსახული 2015 წელს ლოს-ანჯელესში ბროუდის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ვახშამზე.
ქალების „არასანდო, უჭკუო, ზედმეტად ემოციურ ან სექსუალურ“ არსებებად წარმოჩენის ეს სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ ქალები ჩამოაცილოს ძალაუფლებას, შეზღუდოს მათი ცნობადობა, დაუკარგოს მათ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი, ანდა უბიძგოს მათ თვითცენზურისკენ ან გამოთიშოს ისინი პოლიტიკური დებატებიდან, განმარტავს ჯორჯტაუნის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, მელანი ვერვერი, ერთ-ერთ სტატიაში.
სხვა მაგალითებიც არსებობს. 2021 წლის დეკემბერში, YouTube-ზე განთავსებულ ვიდეოში, ორი ქალი, რომელთაგან ერთი დამოუკიდებელ ჟურნალისტად, ხოლო მეორე ექსტრასენსად ასაღებდა თავს, ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტ მაკრონი, სინამდვილეში, ბიჭად დაიბადა და მას ჟან-მიშელ ტრონიო ერქვა (ეს ბრიჯიტ მაკრონის ძმის სახელია). ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ მას არასდროს ჰყოლია პირველი ქმარი და არ ჰყავს სამი შვილი. 2023 წელს, პირველი ლედისა და მისი ძმის მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ, ლიზიოს სასამართლომ ორივე ქალი 2,000-2,000 ევროთი დააჯარიმა.
მსგავსი რამ მოხდა ესპანეთში: „აი, პრეზიდენტის ‘ცოლი.’ ახლანდელი ფოტო და ძველი ფოტო,“ ნათქვამი იყო ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც სოციალურ მედიაში 2021 წელს გავრცელდა და ესპანეთის პირველი ლედის ბეგონია გომეზის ფოტოს კაცის ფოტოს ადარებდა, რომელიც ფოტომონტაჟს წარმოადგენდა. ეს მასალა ესპანურმა ორგანიზაციამ Maldita.es გადაამოწმა და დაადგინა, რომ ფოტო, რომელზეც თითქოს ბეგონია გომეზი იყო გამოსახული, ესპანეთის ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გადაღებული ორიგინალი ფოტოს მონტაჟს წარმოადგენდა და FaceApp-ის გამოყენებით შეიქმნა.
ერთ დეზინფორმაციიდან მეორემდე ამ ნარატივს სხვადასხვა მასალა კვებავდა, მაგალითად, დეზინფორმაცია, თითქოს ბეგონია გომეზმა „პროსტატის არეში ტკივილების გამო სამდღიანი შვებულება აიღო.“ ეს ტექსტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მინისტრთა საბჭომ „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ პროექტი დაამტკიცა, რომელიც მტკივნეული მენსტრუაციის შემთხვევაში ანაზღაურებად შვებულებას ითვალისწინებდა. ეს კიდევ ერთი დეზინფორმაცია იყო, რომელშიც Trendings-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი პუბლიკაცია დამახინჯდა, რადგან მასში „პროსტატის არეში ტკივილები“ კი არა, ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ის მეშვეობით პოლიტიკოსებზე თვალთვალი და მიყურადება იყო ნახსენები.
ყველა ეს სიცრუე გენდერული დეზინფორმაციის სახელით ცნობილი მოვლენის ნაწილია. მისი სამიზნე ქალები არიან, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მიზნების მისაღწევად გენდერულ სტერეოტიპებს იარაღად იყენებს და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება: სოციალურ ქსელებში პოსტების სახით, სექსუალური ხასიათის ფაბრიკაციებით და შეთქმულების თეორიების სხვა ფორმებით.
უკრაინა ბავშვებს და ორსულ ქალებს ფრონტზე აგზავნის: სხვა დეზინფორმაციული მტკიცებები, რომელიც ამ ნარატივს კვებავს
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ბავშვები და ქალებიც გახდნენ სხვადასხვა დეზინფორმაციული ნარატივის ობიექტები. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მარიანა ვიშემირსკი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა რა მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას, სადაც ორსულობის ბოლო ფაზაში იწვა, მსახიობობასა და საკუთარი განცდების ინსცენირებაში დაადანაშაულეს. ეს არის ომის უარყოფა: ნარატივი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყებიდანვე ფართოდ გამოიყენება, რათა მსხვერპლთა და რუსეთის მხრიდან თავდასხმების ამსახველი მასალის ნამდვილობის უარყოფა მოხდეს.
მართალია, ბავშვებსა და ქალებზე ბოლო დროს გამოვლენილი ზოგი დეზინფორმაცია ისე ვირუსულად არ გავრცელებულა ესპანურენოვან ქვეყნებში, როგორც შეთქმულების თეორია ოლენა ზელენსკას ბავშვთა ტრეფიკინგში ჩართულობის შესახებ, ეს დეზინფორმაცია სხვადასხვა ვარიაციით მუდმივად ვრცელდება.
მიმდინარე წლის აპრილში ლიეტუვაში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ხარკოვის რეგიონის ქალაქ ლოზოვაში ცოლებმა თავიანთი ქმრები სამხედრო კომისარიატებს „ჩააბარეს“ და ასეთი ქცევისთვის ჯილდო მიიღეს. ეს დეზინფორმაცია ლიეტუვის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Delfi-მ უარყო.
ამ ტიპის ინფორმაციას „მეზობლებისთვის განკუთვნილი დეზინფორმაცია“ უწოდა მირა მილოშევიჩ-ხუარისტიმ, ელკანოს სამეფო ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა რუსეთის, ევრაზიისა და ბალკანეთის საკითხებში, 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რადგან „მისი სამიზნე პოსტ-საბჭოთა სივრცის რუსული და არარუსული წარმომავლობის მოქალაქეები არიან.“
სხვა დეზინფორმაცია, რომელიც მეზობელი ქვეყნების მიღმა ვრცელდება, ეხება ბავშვებისა და ქალების იძულებით მობილიზაციასა და მათ იძულებას, ფრონტზე წავიდნენ. ესპანეთში, არგენტინასა და კოლუმბიაში ვირუსულად გავრცელდა სავარაუდოდ 17 წლის გოგონების ფოტო, რომლებიც ახლახან „გაიწვიეს ზელენსკის ჯარში.“ თუმცა ორი ლათინური ქვეყნის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა, Chequeado-მ და La Silla Vacía-მ დაადგინეს, რომ ფოტოზე რეკრუტირებული თინეიჯერები არ იყვნენ გამოსახული; ფოტო 11 ივნისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სამხედრო ინსტიტუტის დაღუპული კურსდამთავრებულების მოხსენიების ცერემონიალზე იყო გადაღებული.
2023 წლის დეკემბერში სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტი, თითქოს ორსულ ქალებს უკრაინაში ფრონტის ხაზზე უშვებდნენ, რამდენიმე ენაზე გავრცელდა. ლიეტუვის Delfi-მ გადაამოწმა ეს ინფორმაცია და დაადგინა, რომ ეს ყალბი ამბავი იყო; მან ისიც გაარკვია, რომ უკრაინაში ქალთა სავალდებულო მობილიზაცია არ არსებობს, თუმცა ქალებს შეუძლიათ უკრაინულ არმიას ნებაყოფლობით შეუერთდნენ. ორსულობის შემთხვევაში ქალები საბრძოლო მოქმედებების არეალიდან გამოჰყავთ და ისინი „მსახურებას არასაბრძოლო პოზიციებზე 7 თვის ორსულობამდე აგრძელებენ, რის შემდეგაც სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან.“ ზემოაღნიშნული მასალა მანიპულაციური იყო და გავრცელდა Business Insider-ის სტატიის, „ორსული უკრაინელი ქალები ჯარისკაცის სპეციალურ ფორმებს ითხოვენ, რომლებიც მათ მზარდ მუცელს მოერგება და ამავე დროს, 7 თვის ორსულობამდე მსახურებას აგრძელებენ,“ გამოქვეყნების შემდეგ. თუმცა ამ სტატიაში დაზუსტებულია, რომ „ჯარისკაცს, რომელიც აღმოაჩენს, რომ ორსულადაა, მაშინვე მოუხსნიან ნებისმიერ საბრძოლო ფუნქციას.“
2024 წლის აპრილში კიდევ ერთ ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს ასეთი კომენტარები ახლდა: „უკრაინაში 16 წლის ბავშვები, 70 წლის მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ომში მიჰყავთ.“ ეს ინფორმაციაც ყალბი აღმოჩნდა. ის „მითების დეტექტორმა“ გადაამოწმა: „ამ საკითხს უკრაინის რამდენიმე კანონი არეგულირებს. კანონების მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ქვედა ზღვარი 18 წელია, გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფალი არიან,“ განმარტა მითების დეტექტორმა.
ჯარში იძულებითი გაწვევის შესახებ ნარატივის გარდა, უკრაინელი ქალები ისეთი მასალის მთავარი პერსონაჟებიც არიან, რომელიც მათ სექსუალიზაციას ახდენს. წიგნში Credible Threat: Attacks on Women Online and the Future of Democracy („რეალური საფრთხე: ონლაინ თავდასხმები ქალებზე და დემოკრატიის მომავალი“) სერა სობერაჩი ამტკიცებს, რომ ამ თავდასხმების „მიზანი ისეთი გენდერული სისტემის დაცვა და გაძლიერებაა, სადაც ქალები, უპირველეს ყოვლისა, კაცების შესაფასებელ და მათთვის სიამოვნების მიმნიჭებელ სხეულებს წარმოადგენენ.“ ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველაზე უხეში ფორმით შეურაცხყოფის სუბიექტი მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ქალები არიან, ისინი, ვინც მამაკაცებით დომინირებულ სფეროებში არიან ჩართული, როგორებიცაა პოლიტიკა, სპორტი, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა და კიბერუსაფრთხოება, ასევე ის ქალები, რომლებიც „ფემინისტებად აღიქმებიან ანდა ტრადიციულ გენდერულ როლებს არ შეესაბამებიან.“
ეს კარგად ჩანს დეზინფორმაციაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ „შეიარაღებულ ძალებში ქალებს აღჭურვილობას არ აძლევენ და ინტიმური სურათების გაყიდვით ფულის შეგროვებას აიძულებენ,“ რომელიც StopFake-მა გადაამოწმა. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია უფრო ფართო ნარატივში, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე ვნახეთ, მაგრამ წინა ტყუილების მსგავსად, ეს დეზინფორმაციაც აგრძელებს გავრცელებას.
წინამდებარე კვლევა ჩატარდა მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს რისკის სიდიდეების სკალას, რითაც განისაზღვრება, წარმოადგენს თუ არა მასალა დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დეზინფორმაციის გავრცელების არხები; ქვეყნები, რომლებშიც ერთი და იგივე დეზინფორმაცია ვრცელდება; პლატფორმები, რომლებზეც ის ზიარდება; და იდენტიფიცირებული ნარატივები.
ვინ მონაწილეობს ამ პროექტში?
დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy, NED) მიერ დაფინანსებული ამ ერთობლივი პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ტექნოლოგიური შესაძლებლობები დეზინფორმაციის აღმოჩენის, გაანალიზებისა და კლასიფიკაციის საქმეში. Maldita.es Foundation (ესპანეთი) ხელმძღვანელობით მიმდინარე ამ პროექტში მონაწილეობენ: StopFake (უკრაინა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო) და Delfi (ლიეტუვა); ამავე დროს, დეზინფორმაციის ცირკულირების შესასწავლად, უზრუნველყოს კავშირი ლათინური ამერიკის სხვა ორგანიზაციებთან: Chequeado (არგენტინა), La Silla Vacía (კოლუმბია); EsPaja (ვენესუელა) და Animal Político (მექსიკა).
საიდან ვიცით, რომ დეზინფორმაცია რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ვრცელდება?
Maldita.es Foundation-მა შეიმუშავა ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც საცავის ფუნქციას ასრულებს და რომლის მეშვეობითაც, Maldita.es-ის გარდა, უკრაინის, საქართველოს და ლიეტუვის ფაქტების გადამმოწმებლები აგზავნიან თავიანთი შესაბამისი ჩატ-ბოტებიდან მიღებულ ან ინტერნეტში აღმოჩენილ მასალებს, ამ პროექტისთვის დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. თუ მასალა ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდება, დანარჩენ ქვეყნებს ეგზავნება გაფრთხილება, რომ მათაც გადაამოწმონ, ხომ არ ვრცელდება ეს დეზინფორმაცია მათ ქვეყნებშიც და თუ ვრცელდება, ისინი ამას ამ საერთო სისტემაში უთითებენ. დეზინფორმაციის რომელიმე ერთ ქვეყანაში აღმოჩენა აუცილებლად არ გულისხმობს მისი უარყოფის გამოქვეყნებას ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის მიერ, რადგან ეს დეზინფორმაცია, შესაძლოა, არ იყოს ვირუსულად გავრცელებული.