20-21 მარტს სოციალურ ქსელში ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა თურქეთსა და სომხეთში გამართული დემონსტრაციების ვიდეოები გაავრცელეს, რომლებიც, მათი თქმით, ერთი მხრივ, რუსეთის მხარდამჭერ, მეორე მხრივ, კი ნატოს საწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა.
20 მარტს სომხეთში გამართული დემონსტრაციის ამსახველი ვიდეო ფეისბუქ პროფილმა “ქართული პოსტი” გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს სომეხ ხალხს და წერს, რომ ისინი მხარდაჭერას ‘რუს ფაშისტებს’ უცხადებენ. ხოლო 21 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Vato Nebu თურქეთში გამართული დემონსტრაციის ვიდეო გააზიარა. ავტორის მტკიცებით, ეს აქცია ნატოდან გამოსვლის მოთხოვნით გაიმართა და ნატოს თურქეთისთვის ნგრევისა და ნეგატივის გარდა არაფერი მოუტანია.
ორივე ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის არასწორ შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთის მხარდამჭერ და ნატოს საწინააღმდეგო აქციებს თურქეთსა და სომხეთში მასობრივი ხასიათი აქვს. აქციები სომხეთსა და თურქეთში ადგილობრივი კომუნისტური პარტიების ორგანიზებით გაიმართა. სომხეთში აღნიშნული აქციის საპასუხოდ უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო. დემონსტრაციები რუსეთის ქმედებებისა და ომის წინააღმდეგ თურქეთის დიდ ქალაქებშიც იმართება.
-
20 მარტს გამოქვეყნებული ვიდეო სომხეთის კომუნისტური პარტიის ორგანიზებულ დემონსტრაციას ასახავს
პოსტის ავტორი ვიდეოში ასახულ დემონსტრაციას მთლიანად სომეხი ერის პოზიციად ასაღებს და მათ მოღალატეებად (“ძმობას რომ გვეფიცება და ზურგში რომ დანას გიმიზნებს”) და რუსი ფაშისტების მხარდამჭერებად (“რუს ფაშისტებს უცხადებენ მხარდაჭერას”) მოიხსენიებს.
ვიდეოში ასახული დემონსტრაცია 19 მარტს ერევანში სომხეთის კომუნისტური პარტიის ორგანიზებით გაიმართა და ის სომხურ პრორუსულ მედია-საშუალებებში აქტიურად გაშუქდა. მასში მონაწილეობას რამდენიმე პატარა ოპოზიციური პარტიაც იღებდა.
სომხეთის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერა ქვეყანაში ძალიან მცირეა. 2003 წლიდან პარტია სომხეთის პარლამენტში მოხვედრას ვერ ახერხებს, ხოლო 2018 წლიდან არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
აღსანიშნავია, რომ 20 მარტს ამ დემონსტრაციის საპასუხოდ უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო, რომელშიც სომხეთის პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მონაწილეობდნენ. ეს იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამართული ყველაზე მასშტაბური ომის საწინააღმდეგო აქცია. 24 თებერვლის შემდეგ სომხეთში უკრაინის მხარდამჭერი თორმეტამდე აქცია გაიმართა.
-
21 მარტს გამოქვეყნებული ვიდეო თურქეთის კომუნისტური პარტიის ორგანიზებულ დემონსტრაციას ასახავს.
ვიდეოს ავტორის მტკიცებით, აქცია ნატოდან გამოსვლის მოთხოვნით გაიმართა და აღნიშნულმა ორგანიზაციამ თურქეთს მხოლოდ ნგრევა მოუტანა.
გავრცელებული ვიდეო ახალი ამბების სააგენტო Associated Press-ს ეკუთვნის და ის 2 მარტს სტამბოლში გამართულ აქციას ასახავს. აღნიშნული აქცია თურქეთის კომუნისტური პარტიის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც ანტი-დასავლური პოზიციონირებით გამოირჩევა და თურქეთის ნატოდან გასვლას ლობირებს.
ინფორმაცია აქციის შესახებ საკუთარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე თავად პარტიამაც გაავრცელა .
აღნიშნულ პარტიას თურქეთში დიდი მხარდაჭერა არ აქვს, მისი საუკეთესო შედეგი საპარლამენტო არჩევნებში 2007 წელს დაფიქსირდა (0.22%), რაც პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში თურქეთში უკრაინაში რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ რამდენიმე მასშტაბური აქცია გაიმართა, ამის შესახებ Anadolu Agency და Evrensel წერენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.