ვის უკავშირდება 5 დღიანი სამუშაო კვირა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

4.2k
VIEWS

2021 წლის 3 ნოემბერს Facebook გვერდმა Politicano • პოლიტიკანომ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც შაბათ-კვირის, როგორც დასვენების დღეების იდეის განხორციელებას შეეხებოდა. პოსტის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება მემარცხენე იდეას წარმოადგენდა და მის და 8 საათიანი სამუშაო დღის დაკანონების განხორციელებას უისკონსინში 1886 წელს 7 პროფკავშირის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიტიკანო: “შაბათ-კვირას დასვენებაც გიჟური მემარცხენე იდეა იყო. 1886 წელს, უისკონსინში 7 პროფკავშირის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა კვირაში 5 დღიანი, 8 საათიანი სამუშაო დღისთვის ბრძოლას”.

"
“პოლიტიკანოს” პოსტი ნაწილობრივ მცდარია. მართალია, უისკონსინში პროფკავშირის 7 წევრი 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნას მართლაც ემსხვერპლა, თუმცა მოთხოვნებს შორის 5 დღიანი სამუშაო კვირა არ ყოფილა. შაბათ-კვირის იდეა პირველად დამსაქმებელთა და დასაქმებულებს შორის დიდ ბრიტანეთში ნებაყოფლობით განხორციელდა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი პირველი აქტიური გამოყენება ამერიკელ ბიზნესმენ ჰენრი ფორდს ეკუთვნის. 

  • ბეივიუს ტრაგედია, 1886 წ.

ბეივიუს ტრაგედია 1886 წლის 5 მაისს აშშ-ში, უისკონსინის შტატში, მოხდა. ამ დღეს მუშები რკინა-ფოლადის საწარმოს მიმართულებით დაიძრნენ და ამავდროულად 8 საათიან სამუშაო დღეს ითხოვდნენ. მარშზე მთლიანი მილვაუკიდან  დაახლოებით 1500-მდე გაფიცული შეიკრიბა. ამ პერიოდში მუშებს დაახლოებით 6 დღიანი სამუშაო კვირა ჰქონდათ და ისინი 10-12 საათს მუშაობდნენ. საგულისხმოა, რომ მუშები საათების შემცირების ხარჯზე ანაზღაურების შემცირებას არ თანხდებოდნენ, რაც ბევრი დამსაქმებლისთვის მიუღებელი იყო.

"
ბეივიუს რკინა-ფოლადის საწარმო

აღსანიშნავია, რომ იმ დღეს საწარმოს სამხედრო მილიცია იცავდა და ისინი მის შესასვლელთან შემაღლებულ ადგილას იყვნენ გამაგრებულები. შეირაღებულმა ძალებმა მარშის მონაწილეები იქამდე გააფრთხილეს, სანამ ისინი საწარმოს მიუახლოვდებოდნენ, თუმცა, რადგანაც მსვლელობა არ შეწყდა, მილიციამ შეიარაღება გამოიყენა და მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა.

"
მილვაუკის ჟურნალის პირველი გვერდი, 1986 წლის 5 მაისი

მილიციის ქმედებას მომიტინგეების დაშლა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია და მათი იდეა სამუშაო საათებთან დაკავშირებით მხოლოდ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ დაკანონდა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მომიტინგეები 5 დღიან სამუშაო კვირას  არ ითხოვდნენ. მათი ძირითადი ყურადღება დღიურ სამუშაო საათებზე იყო მიმართული.

"
უისკონსინის შტატის მილიცია ბეივიუს რკინა-ფოლადის საწარმოსთან

  • შაბათი & კვირა – დასვენების დღეების ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ 5 დღიანი სამუშაო კვირა ამერიკაში დიდი დეპრესიის პერიოდში 1932 წელს დაკანონდა, მანამდე აღნიშნული იდეის განხორციელების მრავალი პრედენტენტი არსებობდა.

კვირაში ერთი დღე, ძირითად შემთხვევებში კვირა დასავლურ სამყაროში დასვენების დღედ თითქმის ყოველთვის მოიაზრებოდა და, რა თქმა უნდა, ამას რელიგიური მიზეზები გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კვირა დღეს დასვენება ებრაელებს საშუალებას არ აძლევდა, რომ თავიანთი რელიგიური წესების მიხედვით ეცხოვრათ და კვირის ნაცვლად მათთვის შაბათი ყოფილიყო უქმე.

პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცვლილება 1908 წელს მოხდა, როცა ახალი ინგლისის ტერიტორიაზე დამსაქმებელმა დასაქმებულებს 2 დღიანი დასვენება შესთავაზა, რათა ებრაელებს რელიგიური წესების დაცვა შესძლებოდათ. ამ მხრივ ასევე გამორჩეულია ამერიკელი ბიზნესმენი და მანქანების მწარმოებელი ჰენრი ფორდი, რომელმაც საკუთარ დასაქმებულებს არა თუ მხოლოდ 5 დღიანი სამუშაო დღე, არამედ 40 საათიანი სამუშაო კვირა შესთავაზა და ამ მხრივ შაბათ-კვირის უქმეების ტრადიციის დაფუძნებაში მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.

"
ჰენრი ფორდი, ამერიკელი ბიზნესმენი, ფორდის ავტოკომპანიის დამფუძნებელი

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ფორდის იდეას სხვებმაც მიბაძეს, რადგან ისინი ხვდებოდნენ, რატომ იყო მნიშვნელოვანი მათი დასაქმებულებისთვის 5 დღიანი სამუშაო კვირა. აღნიშნული იდეით ბიზნესმენები დასაქმებულების ენერგიის შენარჩუნებას ცდილობდნენ, რათა საწარმოებს მუდმივად აქტიურად ეფუნქციონირათ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში შაბათ-კვირის უქმეების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც ამაზე ჩრდილოეთ ბრიტანეთში დასაქმებულები და დამსაქმებლები შეთანხმდნენ. ამ პერიოდში გამოცემული ერთ-ერთ ჟურნალში ნახსენები იყო სიტყვა “weekend” და აღწერილი იყო, თუ რას ნიშნავდა ეს ტერმინი:

“Notes and Queries”: „თუ ადამიანი შაბათს ნაშუადღევს ტოვებს სახლს კვირის სამუშაოს ბოლოს, რათა შაბათის საღამო და მომდევნო კვირა მეგობრებთან ერთად გაატაროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყენებს შაბათ-კვირის უქმეს (weekend)…”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist