ვის მიემართება გორდონის მუქარა – საქართველოს თუ რუსეთს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

154
VIEWS

16 მარტიდან ფეისბუქ მომხმარებლები უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ავრცელებდნენ ინფორმაციას. მომხმარებლების ნაწილი ავრცელებდა გორდონის ვიდეოს (1,2,3,4), რომელშიც ჟურნალისტი სვამს შეკითხვას, როგორ არიან ქართველები გულგრილები იმის მიმართ, რომ საქართველო, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგად ტერიტორიები დაკარგა, შერცხვენილი იბრუნებს პირს უკრაინული ტრაგედიისგან. ამის შემდეგ ვიდეოში ისმის მიმართვა: “თქვენ ისტორია უკრაინელების ხელით დაგსჯით და ეს იქნება ისტორიის სასჯელი, თქვენ არ გაქვთ სახელმწიფოდ არსებობის უფლება, მე თქვენი არსებობის უფლებზე უარს გეუბნებით…”. ზოგიერთი პოსტის აღწერაში აღნიშნული იყო, რომ გორდონი საქართველოს ემუქრება.

ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი, (1,2,3) ვიდეოს გარეშე, ავრცელებდა გორდონის შემდეგ ფრაზას: “თქვენ დასჯილი იქნებით უკრაინელების მიერ, თქვენ არ გაქვთ უფლება გქონდეთ სახელმწიფო, თქვენ მაიმუნები ხართ!” და ამტკიცებდა, რომ ის საქართველოს მიემართება. 

Screenshot 7 6 ვის მიემართება გორდონის მუქარა - საქართველოს თუ რუსეთს?

დიმიტრი გორდონის ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული, ხოლო ფრაზა მანიპულაციურად ვრცელდება. გავრცელებული ფრაზა და ვიდეოს ის მონაკვეთი, სადაც გორდონი სახელმწიფოს ქონის უფლებაზე საუბრობს, რუსეთს მიემართება და არა საქართველოს. საქართველოს შესახებ გორდონი ამბობს, რომ არ ესმის, როგორ შეუძლიათ ქართველებს უყურონ, როგორ კლავენ მათ პრეზიდენტს ციხეში და როგორ არიან ისინი გულგრილები იმის მიმართ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად ტერიტორიებდაკარგული საქართველო უკრაინის ტრაგედიისგან შერცხვენილი იბრუნებს პირს. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო დიმიტრი გორდონის 21 თებერვლის იუთუბის პირდაპირი ეთერიდანაა ამოჭრილი. აღნიშნული ეთერის ძირითადი განსახილველი თემა ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი იყო, თუმცა, გორდონმა სხვა არაერთი თემაც განიხილა. 

საუბრის პარალელურად გორდონი მაყურებლის შეკითხვებსაც პასუხობდა. ეთერის 30-ე წუთზე გორდონს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ქართველების შესახებ და უნდა გავმიჯნოთ თუ არა ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან. 

შეკითხვის პასუხად გორდონმა განაცხადა, რომ ქართველები ძალიან უყვარს, თუმცა, ვერ იტანს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლება პრორუსულადაა განწყობილი და მიხეილ სააკაშვილი უსამართლოდ ჰყავს დაკავებული: 

დიმიტრი გორდონი: მე ძალიან მიყვარს ქართველები, მე ვაფასებ ქართველ ერს, მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. მე ვერ ვიტან საქართველოს ხელისუფლებას, ვერ ვიტან, გარეწრები, ისინი რუსეთის დაკრულზე ცეკვავენ. ისინი, ესაა ბიძინა ივანიშვილი – პუტინის მეგობარი, გაზპრომის რუსი ოლიგარქი, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია განახორციელა და ყველგან თავისი ხალხი დანიშნა. დღეს საქართველოს მართავს პრორუსული რეჟიმი. სწორედ ამ პრორუსულმა რეჟიმმა ჩააგდო გისოსებს მიღმა საქართველოს დიდებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც წამლავენ და კლავენ მთელი მსოფლიოს თვალწინ. და უკრაინის გამარჯვება ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის მიხეილ სააკაშვილს ციხიდან მყისიერად გამოსვლის საშუალებას მისცემს.

ამას გარდა, გორდონმა ქართველების მიმამართითაც გააჟღერა მოწოდება და თქვა, რომ ქართველებს ბოლო დროს ვერ ცნობს, რის მიზეზადაც მან სააკაშვილის მდგომარეობისა და უკრაინის ტრაგედიის მიმართ გულგრილობა დაასახელა

დიმიტრი გორდონი: მინდა მივმართო ქართველებს, მე ბოლო დროს თქვენ ვერ გცნობთ, თქვენ დიადი, ამაყი ერი ხართ, თქვენ მთის შვილები ხართ, როგორ შეგიძლიათ შეეგუოთ იმას, რომ თქვენი პრეზიდენტი, რომელმაც ათი წლის მანძილზე სიღარიბეში მყოფი საქართველოსთვის ამდენი გააკეთა, როგორ შეგიძლიათ უყუროთ, როგორ კლავენ თქვენს პრეზიდენტს ციხეში? როგორ შეგიძლიათ დარჩეთ გულგრილები იმის მიმართ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად ტერიტორიებდაკარგული საქართველო, ოფიციალური საქართველო, ყოველ შემთხვევაში, დღეს შერცხვენილი იბრუნებს პირს უკრაინის ტრაგედიისგან. აი, ამის გაგება არ შემიძლია. ამას ისე ვამბობ, როგორცაა. მე ასე ვფიქრობ, მაქვს უფლება ვთქვა, რასაც ვფიქრობ და მე ყოველთვის ვიყენებ ამ უფლებას. 

გორდონის იუთუბ არხზე განთავსებული ვიდეოს შემდეგი ნაწილი სარეკლამო ჩართვას ეთმობა. ვიდეოს 34-ე წუთიდან კი გორდონი მაყურებლის შეკითხვებს უბრუნდება და ამბობს, რომ რუსები მას კომენტარებში უწერენ, რომ ის რუსეთზე გამარჯვებას ვერ იზეიმებს. სწორედ ამის საპასუხოდ აჟღერებს უკრაინელი ჟურნალისტი ფრაზებს, რომელიც ფეისბუქზე ვრცელდებოდა. გორდონი რუსებს ისტორიის მიერ უკრაინის ხელით დასჯას ჰპირდება: 

დიმიტრი გორდონი: “როგორ გიპასუხოთ კულტურულად, რომ ჩვენი სტრიმი არ დაბლოკონ? მარტივად გეტყვით: თქვენ ისტორია უკრაინელების ხელით დაგსჯით, თქვენ უკრაინელების ხელით დაისჯებით და ეს ისტორიის სასჯელი იქნება. თქვენ არ გაქვთ უფლება, საერთოდ რუსეთს არ აქვს სახელმწიფოდ არსებობის უფლება, მე თქვენი არსებობის უფლებაზე უარს გეუბნებით, თქვენ ხართ მაიმუნი ყუმბარით, რადგან ბირთვული იარაღი გაქვთ, გგონიათ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, შეგიძლიათ სხვა ერების უფლებები ფეხქვეშ გათელოთ, შეგიძლიათ თავს დაესხათ სხვა ერებს, შეგიძლიათ დაემუქროთ სხვა ერებს…”

დამატებით, დიმიტრი გორდონი აღნიშნავს, რომ რუსებს გადააზრება, დემილიტარიზაცია, დენუკლეარიზაცია და დენაციფიკაცია ელით

შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და გორდონის პირდაპირი ეთერის ორ სხვადასხვა მონაკვეთს აერთიანებს. ამ ორი მონაკვეთის გაერთიანებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გორდონი ქართველებს უწოდებს მაიმუნებს და მათ ემუქრებათ დასჯით. ასევე, გავრცელებული ფრაზა ნამდვილად გორდონს ეკუთვნის, თუმცა ის არა საქართველოს, არამედ რუსეთს მიემართებოდა. 

წყაროს შესახებ: 

აღნიშნული ვიდეო და ფრაზა ძირითადად იმ ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს, რომლებიც ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციულ მტკიცებებს რეგულარულად ავრცელებენ. ანგარიშების წიქარა კოლხი, ფანტ ინა, Irakli Zakareishvili და Davit Jebashvili მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ იკვლია. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist