ვის ეშინია NATO-სი და ამერიკული ბაზების საქართველოში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

WFW
309
VIEWS

2019 წლის 24 დეკემბერს Heritage Foundation-ის ანალიტიკოსტმა ლუკ კოფიმ ტვიტერზე აშშ-ის ჯარების საქართველოში განლაგების შესახებ დაწერა. კოფის წინადადების თანახმად, აშშ-ის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლოა, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს “ჰორიზონტს მიღმა” ძალა, რომელიც ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” სწრაფად უპასუხებს. კოფის თქმით, აშშ-ის ახალქალაქში არსებული ძველი რუსული ბაზის გამოყენება შეუძლია. კოფიმ იქვე აღნიშნა, რომ ამ წინადადებას ამერიკის მთავრობა არ განიხილავს.

ლუკ კოფის ინიციატივას საქართველოში კრემლის აქტორების და მისი სატელიტების მხრიდან NATO-სა და აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ხელახალი ტალღა მოჰყვა. დასავლელი პარტნიორების მიმართ სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის დანერგვის მცდელობასთან ერთად კონსპირაციები და ყალბი ინფორმაციაც გავრცელდა, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეებში შიშების გაღვივება და ეთნიკურ ნიადაგაზე შუღლის გაღვივება იყო.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ ალიანსის და აშშ-ის შესახებ გავრცელებულ მთავარ გზავნილებს და მათ წყაროებს.

ლუკ კოფი სომხური ლობის იდეებს აჟღერებს, ჯავახეთში სირიელ სომხებს ჩაასახლებენ

ეს კონსპირაცია კრემლისტური გაცემა News Front-ის ქართულენოვან ვებგვერდზე კოფის პოსტიდან მომდევნო დღეს, 25 ოქტომბერს, გამოქვეყნდა. News Front-ის თანახმად ლუკ კოფი სომხური ლობის იდეებს აჟღერებს და რეალურად, ჯავახეთში სირიელი სომხების ჩასახლება იგეგმება. News Front-ი არ ასახელლებს ინფორმაციის წყაროს. კონსპირაციის სადუძვლად კი ის ფაქტია წარმოჩენილი, რომ Vital Connect-ის ხელმძღვანელი ნერსი ნაზარი Heritage Foundation-თან დაკავშირებული ტიპია. News Front-ი მხოლოდ ვარაუდობს, რომ თითქოს სწორედ ნაზარმა “ჩააწვეთა” კოფის მიერ მიერ გაჟღერებული იდეა, რითაც მკითხველს დაუსაბუთებელ კონსპირაციას აწვდის და ხელოვნურ შიშებსა და ქსენოფობიას აღვივებს. იგივე კონსპირაცია “ობიექტივის” ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი მაღლაკელიძემაც გაავრცელა.

News Front: “კოფიმ სომხური ლობის იდეა გააჟღერა — სომხების შესაძლო ჩასახლება ჯავახეთში ამერიკული ბაზის საფარს ქვეშ უნდა მოხდეს — თუკი ახალქალაქში ამერიკული ბაზა გაიხსნება, ამ ბაზას მოჰყვება «დამხმარე სამოქალაქო პერსონალი», რომელიც სწორედ სომხური ეროვნების ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.”

News Front-ის აღნიშნული სტატია ფეისბუკში სხვადასხა გვერდმა გაავრცელა, მათ შორის “ქართულმა იდეამ”, ასევე გაზიარდა თბილისის მერ კახი კალაძის მხარდამჭერ ჯგუფში. News Front-ის კონსპირაციას მომხმარებლების მხრიდან ქსენოფობიური კომენტარები მოჰყვა.

""

გიგი მაღლაკელიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: “თუ კი ესეთი ბაზა სამხედრო ბაზა განთავსდება სამცხე-ჯავახეთში, ერთ-ერთ ვერსიად ვიძახი, შეიძლება ეს იყოს გარკვეული პლაცდარმი და იქ იცით თქვენ, მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რო ძალიან დიდი რაოდენობა სომხები ცხოვრობენ ამ სირიაში, არიან იქ რამოდენიმე 100 ათასობით თუ არ ვცდები ნახევარ მილიონზე მეტი ანუ თუ მათ შეექმნებათ გარკვეულწილად გარანტია, გარკვეულწილად შეიქმნება პლაცდარმი ამერიკული დროშის ან სამხედრო დროშის ან სამხედრო ჯარის ფო(?) ქვეშ…”

თურქეთი აჭარას გააკონტროლებს, აჭარა ქართველებისგან გათავისუფლდება

კოფის წინადადების შემდეგ კვლავ გააქტიურდა ძველი გზავნილი, რომ NATO-სკენ სწრაფვის შემთხვევაში თურქეთი რუსეთთან ერთად აჭარას გააკონტროლებს. საქინფორმის 25 ოქტომბრის სტატიაში თურქეთის მიერ აჭარის გაკონტროლება საქინფორმის რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილა თურქეთის მიერ სადემარკაციო ხაზის ქურთებისგან გათავისუფლებას შეადარა, თითქოს, აჭარა ქართველებისგან მსგამსადვე გათავისუფლდება.

საქინფორმი: “იმის ნაცვლად, რომ რუსეთს დახმარებისთვის მიმართონ – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენი ხელისუფლება, მოჯადოებულივით იმეორებს – ჩვენ გვჭირდება ნატო! მაშინ ნუ გაუკვირდებათ, როდესაც რუსეთი, თურქეთთან ერთად, გააკონტროლებს აჭარას, როგორც გუშინ დაიწყეს ქართველებისგან, ბოდიში – ქურთებისგან გათავისუფლებული 30-კილომეტრიანი სადემარკაციო ზოლის ერთობლივი პატრულირება, თურქეთ-სირიის საზღვრის სამხრეთით.”

სკეპტიციზმის გაღვივება: NATO-ში მაინც არ მიგვიღებენ/ ამერიკული ბაზა მაინც არ განთავსდება/ ამერიკელ ანალიტიკოსებს მაინც არავი უსმენს

NATO-სა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ სკეპტიციზმს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, News Front-ი, საქინფორმი და სახელისუფლებო ექსპერტი გია აბაშიძე აღვივებდნენ. ირმა ინაშვილის თქმით, კოფის წინადადება “თავშივე აბსურდია”. ინაშვილმა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს შეადარა და აღნიშნა, რომ აშშ-მ სტრატეგიული მოკავშირე ქურთებიც კი ვერ დაიცვეს.

News Front-მა საქართველოს NATO-ში მისწრაფებებს რუსული ვიდეო მიუძღვნა, რომლის თანახმადაც საქართველოს კეთილდღეობა აშშ-ის ინტერესებში საერთოდ არ შედის და მეტიც, თითქოს რასმუსენმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანება აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა. რასმუსენის განცხადება, რომელსაც შემდეგ მანიპულაციური ინტერპრეტაცია მოჰყვა, შეაფასა ასევე გია აბაშიძემაც, რომლის თქმითაც, ამ “გამრუდებულ რეალობას” ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები ქმნიან. იმ ანალიტკოსებს კი რომლებიც NATO-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობენ “პენსიაზე გასული მაღალჩინოსნები” უწოდა. საქინფორმმა ამერიკული ბაზის საკითხი ახალქალაქში მცხოვრები სომხების პოზიციას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამერიკული ბაზის განთავსებას არ დაუშვებს, რადგან ის რუსულ ბაზას “დღემდე მისტირის”.

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ამერიკელებმა, ყველა ხედავს ამას, ქურთები ვერ დაიცვეს, რომლებიც მათთვის სტრატეგიული მოკავშირეები და პარტნიორები იყვნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბძოლაში. ძალიან მამაცი და თავდადებუი ხალხი და მსოფლიო მშვიდობაში სერიოზული წვლილი აქვთ შეტანილი, ხო?! რა ახალქალაქი, რომელი საჯარისო ნა(…)? ეს ყველაფერი არის არასერიოზული.“

საქინფორმი: “ნუთუ სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ახალქალაქში, სადაც დღემდე ნანობენ რუსეთის სამხედრო ბაზის წასვლას, რომლის წყალობითაც მთელი სამცხე-ჯავახეთი დასაქმებული იყო, სომხეთის საზღვართან და გიუმრიში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზიდან 90 კილომეტრში ნამდვილად განათავსებენ სირიიდან გამოყვანილ ამერიკულ კონტინგენტს, როგორც ამას ამერიკელი ექსპერტი ლუკ კოფი წერს Twitter- ის საკუთარ გვერდზე?!”

გია აბაშიძე, ექსპერტი: „რასმუსენს არ გაუბედავს უკრაინაში თქმა, რომ მოდით, აი ესეთი რაღაცის, კონფიგურაცია, მეხუთე მუხლის თამაშით ყირიმისა და დონბასის და ლუგანსკის გარეშე… ეს ცრუ რეალობა, გამრუდებული რეალობა, რასაც ქმნის ნაც მოძრაობა და მისი სატელიტები, რომ  აი, თითქოს იმან თქვა, ამერიკელებმა თქვეს, უკაცრავად, რომელმა ამერიკელმა ხო? ყოფილმა ამერიკელმა, პენსიაზე გასულმა თუ მოქმედმა მაღალჩინოსანმა ხო?! და ვიცით ეხლა, ლობისტობა მე მგონი ქართულ, ჩვენს მეტყველებაში შემოვიდა დასავლეთიდან შემოვიდა, ჩვენ არ მოგვიგონია ეს ინსტიტუტი, რა არის ლობისტობა და ა.შ“.

შიშების დანერგვა: NATO-სთან დაახლოება სერიოზული საფრთხის შემცველია და რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს

NATO-საქართველოს ურთიერთობები კვლავ განხილული იყო რუსეთის პოლიტიკის ჭრილში, რომ საქართველოს მისწრაფება NATO-სკენ ან საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის თუ NATO-ს ბაზების განთავსება სერიოზული საფრთხის შემცველია. “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გიორგი მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის წითელი ხაზია. იგივე განაცხადა რამაზ საყვარელიძემაც და აღნიშნა, რომ საქართველო-ს NATO-ში წევრობა ქვეყანას საბოლოოდ დააზარალებს.

გიგი მაღლაკელიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: “საერთოდ დიპლომატიაში არსებობს სერიოზული წითელი ხაზები, რომელიც მსჯელობას არ ექვემდებარება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის ფედერაციას, მათ გააჩნიათ ესეთი ხედვა, რო ნატოს გაფართოება, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის და განსაკუთრებით ეს აშშ იქნება თუ ნატოს ბაზების  გაკეთება ან იქ გაწევრიანება, პირდაპირ მათ უსაფრთხოებას უკავშირდება, ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი, ჩვენ მომავალი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, საზღვრების ურღვეობასთან დაკავშირებით, ამიტომ ასეთ განცხადებას იმ პოლიტიკოსები ასე რო აიტაცებენ, ამისი ატაცება ესე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ძალიან სახიფათოა.”

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: „საქართველოს (დასავლეთის მხრიდან) არ აკლია შეთავაზებები. მაგრამ მაპ-ის მოცემა ან შემდეგი რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ა.შ. შეიცვავს გარკვეულ საფრტხეებს საქართველოსთვისაც. ძალთა დღევანდელი გადანაწილების პირობებში სხვა შანსი ნატო-ს წვერობისა არ არის, გარდა იმისა, რომ საქართველო საბოლოოდ დაზარალდება.”

NATO ებრძვის იდენტობას და ღირებულებებს

ამავე პერიოდში გზავნილებთან ერთად NATO-ს შესახებ ყალბი ინფორმაციაც გავრცელდა. ქადაგების ვიდეოში, რომელიც 24 ოქტომბერს მარშალპრესმა გამოაქვეყნა, დეკანოზი დავით ქვლივიძე აღნიშნავს, თითქოს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების წინაპირობად “მამათმავლობის” დაკანონება მოსთხოვა. დავით ქვლივიძის განცხადება დეზინფორმაციაა. NATO-ს გენერალურ მდივანს მსგავსი შინაარსის მოთხოვნა საქართველოსთვის არ წამოუყენებია.


გზავნილი წყაროები
ლუკ კოფი სომხური ლობის იდეებს აჟღერებს, ჯავახეთში სირიელ სომხებს ჩაასახლებენ News Front, პატრიოტთა ალიანსი
თურქეთი აჭარას გააკონტროლებს, აჭარა ქართველებისგან გათავისუფლდება საქინფორმი
სკეპტიციზმის გაღვივება: NATO-ში მაინც არ მიგვიღებენ/ ამერიკული ბაზა მაინც არ განთავსდება/ ამერიკელ ანალიტიკოსებს მაინც არავი უსმენს პატრიოტთა ალიანსი, News Front, საქინფორმი, გია აბაშიძე
NATO-სთან დაახლოება სერიოზული საფრთხის შემცველია და რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს პატრიოტთა ალიანსი, რამაზ საყვარელიძე
NATO ებრძვის იდენტობას და ღირებულებებს დეკანოზი დავით ქვლივიძე

 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist