24 იანვარს “ტვ პირველმა” მეტროში პოლიციელების მიერ შშმ არასრულწლოვნის ცემის კადრები გაავრცელა, რასაც საზოგადოების ნეგატიური რექცია მოჰყვა. მომხდარის გამო 2 პოლიციელი დააკავეს, თუმცა რამდენიმე ანგარიშის მხრიდან გამოიკვეთა მცდელობა 1) პოლიციელის ძალადობა შშმ პირის პროვოცირებით გაემართლებინა; 2) პოლიციის წინააღმდეგ პროტესტის დისკრედიტაცია მოეხდინა.
ორივე შემთხვევა სახელისუფლებო აქტორებს და მათთან დაკავშირებულ ანგარიშებს უკავშირდებოდა.
-
დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია: პოლიციელის პროვოცირება შშმ პირმა მოახდინა
ინციდენტის მომდევნო დღეს, სოციალურ ქსელში ამ პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით მეტროში გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ესკალატორზე მდგომი ახალგაზრდა ჩანს. ფეისბუქ ანგარიში სპარტაკ პოლეიანი ამტკიცებდა, რომ ეს პირი სწორედ ის არასრულწლოვანი იყო, რომელსაც მოგვიანებით პოლიციამ სცემა და ის ცემამდე პოლიციის პროვოცირებას ცდილობდა. “მითების დეტექტორმა” ვიზუალური მასალის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ რეალურად, ფოტო 2013 წელს შვედეთში გადაიღეს და ის საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებას ასახავდა.
2013 წელს შვედეთში გადაღებული ვიდეოს კადრები ფეისბუქ მომხმარებელმა სპარტაკი პოლეიანმა 25 იანვარს გამოაქვეყნა. თუმცა აღნიშნული პოსტი მალევე წაშალა და ის ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.
იდენტური ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის მიერ ნაცემი შშმ არასრულწლოვანი მეტროში ვანდალურად იქცეოდა, 26 ნოემბერს ონლაინ გამოცემამ Infopostalioni სახელისუფლებო ექსპერტის ედიშერ გვენეტაძის პოსტზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. “მითების დეტექტორის” მიერ მასალის დეზინფორმაციად მონიშვნის შემდეგ გამოცემამ ინფორმაცია შეასწორა და მიუთითა, რომ გავრცელებული ფოტო შვედეთში მომხდარ ინციდენტს ასახავდა.
გვენეტაძის თქმით, პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე და მის თანმხლები პირი ესკალატორზე ხტებოდნენ, რაც ვანდალიზმია. პოლიციელები ძალის გადამეტებისთვის უნდა დასჯილიყვნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რეაგირება მოზარდების ასეთ ქმედებაზე არ უნდა ჰქონოდათ. გვენეტაძის ანგარიშზე აღნიშნული ფოტო და პოსტი ამჟამად აღარ იძებნება, მოგვიანებით, მან infopostalioni.ge-ის მასალა გააზიარა, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოცემამ ინფორმაცია ჩაასწორა, ედიშერ გვენეტაძემ გაზიარებული პოსტი წაშალა.
მასალის ჩასწორებამდე Infopostalioni-ის ინფორმაცია ფეისბუქ გვერდმა “Kavkazexress დაიჯესტი” გააზირა, ხოლო მომხმარებელმა Viola Mikanadze პოსტი ჯგუფში “ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა” გააზიარა.
წყაროების შესახებ
სპარტაკ პოლეიანის პარტია “ქართული ოცნების” წევრია.
ის “ქართული ოცნების” დეპუტატ დიტო სამხარაძესთან გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
2013 წელს შვედეთში გადაღებული ვიდეოს არასწორი აღწერით გამოქვეყნებამდე, სპარტაკ პოლეიანი პოლიციელების მიერ შშმ პირის ცემის ფაქტს ოპოზიციის პროვოკაციას უწოდებდა, ხოლო დამნაშავე პოლიციელს – “მამალ ნაცს.”
რაც შეეხება ედიშერ გვენეტაძეს, ის მმართველი პარტიის მხარდამჭერია. ისტორიკოსისა და ანალიტიკოსის სტატუსით ის პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების Post TV-სა და “იმედის” ეთერში ხშირად მონაწილეობს.
პოლიციელების მიერ შშმ პირის ცემის შესახებ ედიშერ გვენეტაძემ თავის ერთ-ერთ პოსტში აღნიშნა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ცემის ფაქტმა აღაშფოთა, უნდა დაინტერესებულიყვნენ, თუ რატომ დაიჭირეს არასრულწლოვანი და მისი თანმხლები პირი.
-
პოლიციის წინააღმდეგ პროტექსტის დისკრედიტაცია: გაყალბებული განცხადება მეგის ქარდავას სახელით
25 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “„ეროვნული ამბები – National News“ პოსტი გამოაქვეყნა. “ეროვნული ამბების” მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ტვ პირველზე პოლიციის მიერ არასრუწლოვანი შშმ პირის ცემის შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და ეს ფაქტი დაგმო. თავად ქარდავა ძალადობრივი დანაშაულებისთვის, მათ შორის წამებისა და წამების ორგანიზებისთვის ბრალდებულადაა ცნობილი. “მითების დეტექტორმა” დაადგინა, რომ განცხადება გაყალბებული იყო და რეალურად, ქარდავას ამ ფაქტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
“ეროვნული ამბების” იდენტური ქარდი ფეისბუქ გვერდმა “ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5,” ასევე ანგარიშებმა სპარტაკი პოლეიანი და Oboladze Gia გამოაქვეყნეს.
მას შემდეგ რაც “მითების დეტექტორმა” პოსტი ყალბად მონიშნა ფეისბუქ გვერდებმა “ეროვნული ამბები,” “ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5” და ანგარიშმა სპარტაკი პოლეიანიმ პოსტები წაშალეს.
ფსიქიატრიული ოთახი 5.2.50-ის შესახებ
ფეისბუქ გვერდი “ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5” 2018 წლის 10 ნოემბერს შეიქმნა და თავდაპირველად “ტონი” ერქვა. გვერდმა სახელი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის 28 სექტემბერს შეიცვალა. გვერდი 7 ადმინისტრატორის მიერ საქართველოდან იმართება.
გვერდი ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციისკენ მიმართული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. გვერდის სამიზნე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, გამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია და “მთავარი არხის” ჟურნალისტები ხდებიან.
არქივი – https://archive.ph/ugM71