ვინ შეჰნატრის ბელარუსს და რუსეთის დაპირებულ “სტაბილურობას”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.6k
VIEWS

17 თებერვალს ალტ-ინფოს ფეისბუქ გვერდსა და იუთუბის არხზე გადაცემის “ალტერნატიული ხედვის” ფრაგმენტი გავრცელდა, რომელიც ბელორუსს შეეხებოდა. ვიდეოს დასაწყისში ალტ-ინფოს წამყვანის და კონსერვატიული მოძრაობის წევრის ზურა მახარაძის კომენტარია მოცემული, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ახალ კვირასთან” გააკეთა. მახარაძე  ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – დაასახელოს რუსეთის მოკავშირე ერთი განვითარებული ქვეყანა – აცხადებს, რომ ასეთი ბელარუსია და ის ბევრად უფრო კარგ მდგომრეობაშია, ვიდრე საქართველო. გადაცემაში ზურა მახარაძე ჩამოთვლის მიზეზებს, რის გამოც მიაჩნია, რომ ბელარუსი საქართველოზე კარგ მდგომარეობაშია. მათ შორის არის არგუმენტი, რომ ბელარუსს ჰყავს მოკავშირე რუსეთის სახით, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მის ტერიტორიაზე არავინ შეიჭრება.

ამავე გადაცემაში ალტ-ინფოს კიდევ ერთი წამყვანი და კონსერვატიული მოძრაობის წევრი შოთა მარტინენკო ამბობს, რომ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა “უტვინოა”, რადგან ისტორიული და გეოგრაფიული კონტექსტიდან მოგლეჯილია და რეალურად კითხვა უნდა იყოს საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი ქვეყნების შედარებაზე, რაზეც მახარაძე ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან მათ, ვინც რუსეთთან მოკავშირეობა არჩიეს მეტი უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ფსონი დასავლეთზე გააკეთა:

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “[საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრებიდან] ვინც [რუსეთის] მოკავშირეა, ბევრად უკეთ არის, ვიდრე ვინც მტერია”.

შოთა მარტინენკო ასევე აცხადებს, რომ ამერიკის მოკავშირე ქვეყნებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგიონში წარუმატებლობა განიცადეს, ხოლო ვინც არჩევანი რუსეთზე გააკეთა, დაცულიც არის და ეკონომიკურად სტაბილურიც:

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: “ამ რეგიონში, დამისახელეთ ამერიკის მოკავშირე ქვეყანა, რომელიც არის წარმატებული და რომელმაც კატასტროფული წარუმატებლობები არ განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში… არჩევანი ვინც გააკეთა რუსეთის მიმართულებით, დაცულიც არის და ეკონომიკური სტაბილურობაც მეტი აქვს, ვიდრე იმ ნაწილს, ვინც მის წინააღმდეგ გააკეთა [არჩევანი]”.

ალტ-ინფოს წამყვანების მტკიცება, რომ პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებში რუსეთის მოკავშირეები უფრო უსაფრთხოდ და ეკონომიკურად სტაბილურად არიან, ვიდრე დასავლეთის მოკავშირეები, მცდარია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პოდუქტის შედარება აჩვენებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთს და მის მოკავშირეებს სულ მცირე ორჯერ უსწრებენ. გარდა ამისა, მტკიცება, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, ბელარუსში და პოსტ საბჭოთა სივრცის სხვა მოკავშირე ქვეყნებში უსაფრთხოების გარანტორია, სიმართლეს არ შეესაბამება. მხოლოდ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არაერთი შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, განსხვავებით NATO-ს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნებისაგან.

  • პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსეთის და დასავლეთის მოკავშირეების ეკონომიკის შედარება

ალტ-ინფოს წამყვანების მტკიცებით, პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ისინი, ვინც რუსეთთან მოკავშირეობა არჩიეს ეკონომიკურად უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ წავიდნენ. მათივე თქმით, საკითხავია, არსებობს თუ არა რეგიონში აშშ-ს მოკავშირე ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში კატასტროფული წარუმატებლობა არ განიცადა. ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი სამი ქვეყანა, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის და ნატოს წევრები და, შესაბამისად, აშშ-ს მოკავშირეები არიან, ეკონომიკურად მნიშვნელოვნად უსწრებენ როგორც რუსეთის მოკავშირე ქვეყნებს, ასევე თავად რუსეთსაც. წლების განმავლობაში ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მონაცემები 1990-იანი წლების შემდეგ მკვეთრ ზრდას აჩვენებს. განვიხილოთ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზე ჩანს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2000-იან წლებამდე, როდესაც ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმები მიმდინარეობდა, ეს მაჩვენებელი 5 000 აშშ დოლარს არ აღემატებოდა. წარმატებული რეფორმების შედეგად კი 2018 წლისათვის 20 000 აშშ დოლარს მიაღწია.

Screenshot 4 14 ვინ შეჰნატრის ბელარუსს და რუსეთის დაპირებულ “სტაბილურობას”?

რაც შეეხება რუსეთს და მის მოკავშირე ქვეყნებს, ბელარუსს და ყაზახეთს, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით მათ ბევრად მეტი ბუნებრივი და ტერიტორიული რესურსი მოეპოვებათ, 2018 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით მათ მინიმუმ ორჯერ ჩამორჩებოდნენ. ბელარუსისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი იყო, ყაზახეთისა და რუსეთისთვის კი დაახლოებით 10 000 აშშ დოლარი.

Screenshot 5 11 ვინ შეჰნატრის ბელარუსს და რუსეთის დაპირებულ “სტაბილურობას”?

  • ვისი უსაფრთხოების გარანტორია რუსეთი – ბელარუსის თუ ლუკაშენკოს?

ალტ-ინფოს წამყვანი ზურა მახარაძე ამტკიცებს, რომ რუსეთი ბელარუსის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მის ტერიტორიაზე არავინ შეიჭრება. თუმცა ის არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთს საკუთარი სამხედრო ნაწილები ჰყავს განთავსებული, ხოლო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც მახარაძე საუბრობს, არა ბელარუსი ხალხის, არამედ ლუკაშენკოს რეჟიმის დასაცავადაა გამიზნული.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები კვირას, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავება მოიმიზეზა და ბელარუსში ამ დრომდე 30 000-მდე სამხედროს ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო დახმარება არა ბელარუსის მოსახლეობის, არამედ ლუკაშენკოს რეჟიმის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. 2020 წელს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს რეჟიმმა დემონსტრაციები სასტიკად არაერთხელ დაარბია. დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, დაშავდა 1 300-ზე მეტი, მათ შორის ბავშვები, დაკარგულად ითვლება 50, დააკავეს 32 000-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილი ციხეში ცემის და წამების მსხვერპლი გახდა. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” შეფასებით, რეჟიმის სამიზნეს განსაკუთრებით ჟურნალისტების წარმოადგენდნენ და 2020 წელს ბელარუსი მედიისათვის ევროპაში ყველაზე საშიშ ქვეყანად გამოცხადდა.

აღსანიშნავია ბელარუსის ხელისუფლების მიერ თვითმფრინავის გატაცების და ბორტზე მყოფი ბელარუსი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაკავების საქმე, როდესაც კრემლი და მასთან დაკავშირებული აქტორები, მათ შორის ალტ-ინფოს წარმომადგენლები ლუკაშენკოს ამგვარ ქმედებას ამართლებდნენ. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ბელარუსი დისიდენტების და უშიშროების სამსახურების ყოფილი ოფიცრების ჯგუფმა სახელწოდებით BYPOL გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკოს რეჟიმის ძალებმა პროტესტის ჩასახშობად რუსეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება გამოიყენეს, მათ შორის ლეტალური იარათი. პუტინი ლუკაშენკოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სპეციალური რეზერვის შექმნას და მის ბელარუსში მობილიზებასაც ჰპირდებოდა.

ლუკაშენკოს რეჟიმის ამგვარი დამოკიდებულება რუსეთზე ბელარუსს შესაძლოა სუვერენიტეტის ფასად დაუჯდეს. რუსულ მედიასთან საუბრაში ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთი და ბელარუსი ისე მუშაობენ, როგორც ერთი სახელმწიფო. მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ამგვარი ინტეგრაცია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ბელარუსის რუსეთში შესვლა, ფაქტია, რომ ლუკაშენკომ უკვე არაერთი პოზიცია შეცვალა კრემლის სასარგებლოდ, მაგალითად ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ცნო და განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასაც განიხილავს. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

 

  • დაცულია თუ არა პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსეთის მოკავშირეების უსაფრთხოება?

მტკიცება, რომ რუსეთი პოსტ საბჭოთა სივრცეში მისი მოკავშირე ქვეყნების დაცულობას უზრუნველყოფს, რაც მათ ტერიტორიაზე კონფლიქტის ალბათობას ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო ამცირებს, ხოლო დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებში უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, რეალობას არ შეესაბამება. მაგალითისათვის, მხოლოდ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, სომხეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ტერიტორიაზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი შეიარაღებულ დაპირისპირებას, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომელთა უსაფრთხოების გარანტორი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი, რუსეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist