ვინ მონაწილეობს კრემლის ორგანიზებულ თბილისის მედია ფორუმში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2311874799
1.5k
VIEWS

2108 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Vere Palace-ში “საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი” გაიმართება. წლევანდელი მედია ფორუმის თემაა “მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში”. მედია ფორუმის ორგანიზატორები არიან რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი-სახმრეთი” (Север-Юг), პრეს-კლუბი “თანამეგობრობა” (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”. ღონისძიება რუსეთის “საპრეზიდენტო ფონდის” მხარდაჭერით იმართება.

ვინ მონაწილეობს მედიაფორუმში?

მედია ფორუმში რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტები, ასევე აკადემიკოსები მონაწილეობენ.

ალან კასაევი

ალან კასაევი გაზეთ “ჩრდილოეთ ოსეთის” მთავარი რედაქტორია. 2011 წელს კასაევი ოკუპირებულ ცხინვალში ესწრებოდა ტრენინგს “სამხრეთ ოსეთი რუსულ და სამხრეთ ოსურ მედიაში”, რომლის ორგანიზატორიც მედია ცენტრი IRI იყო. IRI-ს 2011 წელს კოკოითის ე.წ. “მთავრობის” ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ირინა გაგლოევა ხელმძღვანელობდა. ტრენინგზე ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ ცხინვალელი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ამაღლების საქმეში დახმარება სწორედ ალან კასაევს სთხოვა. თუ 2011 წელს კასაევი ცხინვალში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა, 4 სექტემბერს საქართველოში ჩამოსვლით, ის ოკუპაციის შესახებ კანონს დაარღვევს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შესვლას კრძალავს. კასაევი თბილისში კონფერენციაზე  მონაწილეობის მიღების მიზნით 2009 წელსაც იმყოფებოდა. მას თან ახლდა Известия-ს მთავარი რდაქტორი ვლადიმირ მამონტოვი და ОРТ-ს წამყვანი მაქსიმ შევჩენკო, თუმცა ისინი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.

დმიტრი კოსირევი

კოსირევი ფორუმის საპატიო სტუმარია. ის РИА Новости-სა და Россия Сегодня-ს პოლიტიკური მიმომხილველი და ისეთი პროპაგანდისტული ტელევიზიების ხშირი სტუმარია, როგორიცაა ОРТ, Царьград TV.

РИА Новости 2013 წლამდე РИА რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო იყო. 2013 წლის 9 დეკემბერს ვლადიმირ პუტინის ბრძნებით, РИА გაუქმდა და მის ადგილას შეიქმნა Russia Today, ხოლო Россия-1-ის წამყვანი დმიტრი კისილიოვი Russia Today-ს ხელმძღვანელი გახდა. РИА რუსეთის შიგნით რუსულ ენაზე ფუნქციონირებს.
Россия Сегодня ტელეკომპანიის დღის წესრიგი ანტიდასავლურია და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს კრემლის პერსპექტივიდან აშუქებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, RT-მ საქართველო “გენოციდში” დაადანაშაულა, ხოლო რუსეთის მშვიდობისმყოფელად წარმოჩენას ცდილობდა. ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მიზნით, RT ეთერს უთმობს ულტრა-მემარცხენე ანტი-გლობალისტებს, ასევე სვადასხვა რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფებს.
Царьград TV ტელეარხის მფლობელი რუსი კონსერვატორი ბიზნესმენი კონსტანტინ მალოფეევია. მალოფეევი მხარს უჭერს რუსეთის იმპერიის და მონარქიის აღდგენის იდეას. კონსტანტინ მალოფეევი აფინანსებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესს, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა სანქცირებული ინდივიდების სიაში შეიყვანეს. 2015-2016 წლებში, ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა ალექსანდრე დუგინი – ევრაზიული იდეის და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი.

ვიქტორ ლიტოვკინი

ვიქტორ ლიტოვკინი გადამდგარი პოლკოვნიკი და ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველია. ლიტოვკინი NATO-სა და საქართველოს ატლანტიკური კურსის შესახებ რუსეთის ხელისუფლების პოზიციებს ახმოვანებს. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ცნობით, ლიტოვკინი “ანტიმაიდანის” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს NATO-სკენ გეზს სტაფილოს გამოკიდებულ ვირს ადარებს. ТАСС-ი რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოა, რომლის სახელიც საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც მას საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტო (Tелеграфное агентство Советского Союза) ეწოდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს მას რუსეთის საინფორმაციო სატელგრაფო სააგენტო (ITAR-TASS) ეწოდა, ხოლო 1994 წელს კვლავ ძველი საბჭოთა სახელწოდება აღიდგინა. ТАСС-ი დღესდღეობით კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტული პლატფორმაა.

ალექსეი ტოკარევი

ალექსეი ტოკარევი მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (МГИМО) გლობალური პრობლემების ცენტრის თანამშრომელია. 2016 წელს ტოკარევმა პუბლიკაცია “დონბასის მომავალი: სეცესიის პრობლემებისადმი რუსეთის, საქართველოს და მოლდოვას გამოცდილების შედარებითი ანალიზი” გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში რუსულ ოკუპაციაზე საუბარი არ არის, მეტიც, რუსს სამხედროებს ავტორი მშვიდომისმყოფელებად მოიხსენიებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ ყოფნას სტაბილურობის მთავარ წინაპირობად განიხილავს. თავად ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთსა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ტოკარევი დამოუკიდებელ “ქვეყნებს” უწოდებს.

ფორუმის ორგანიზატორები

პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი-სახმრეთი” (Север-Юг)

როგორც ცენტრის ვებ-გვერდზეა მითითებული, ცენტრი 2011 წელს შეიქმნა და მისი მთავარი საქმიანობა “პოსტსაბჭოთა სივრცეში ექსპერტული და ახალგაზრდული კომუნიკაციების გაფართოებაა.” ცენტრის ორგანიზებით საქართველოში მსგავსი ტიპის მედია ფორუმი არაერთხელ ჩატარდა.

საქართველო და მსოფლიო

ალექსანდრე ჭაჭია მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგია, რომლის ინტერვიუები რეგულარულად ქვეყნდება ქართულენოვან კრემლისტური ონლაინ-პორტალებზე “საქინფორმი” და “საქართველო და მსოფლიო” (Geworld.ge). ამავე დროს, ჭაჭია შპს “ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა, რომელიც “საქართველო და მსოფლიო”-ს გამოსცემს. 2014 წლის 13 თებერვალს, ალექსანდრე ჭაჭია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ბრძანების ტექსტში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ჭაჭია სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“-ს თავმჯდომარეა და გამოსცემს ჟურნალს „ისტორიული მემკვიდრეობა“, ასევე გაზეთებს „ილორი“ და „საქართველო და მსოფლიო“. ალექსანდრე ჭაჭია და „საქართველო და მსოფლიო“ ხშირად ფიგურირებენ მედიის განვითარების ფონდის კვლევებში, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის წყარო.

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist