22 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა ლადო ჩხეტიანმა გამოქყვენა პოსტი, რომელიც ისრაელში Covid-19 ვაქცინაციის გვერდით მოვლენებს შეეხება. ჩხეტიანის თქმით, ისრაელის სახალხო კომიტეტმა (IPC), სამოქალაქო ორგანიზაციამ, რომელიც ისრაელის ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტებისგან შედგება, ფაიზერის ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ 2021 წლის აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ჩხეტიანი წერს, ანგარიშის თანახმად, ფაიზერის ვაქცინამ 288 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2021 წლის იანვარ-თებერვალში, მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის პიკზე, წინა წელთან შედარებით ისრაელში სიკვდილიანობა 22%-ითაა გაიზარდილი.
პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საგამოძიებო კომიტეტში ინფორმაცია 2066 გვერდითი მოვლენის შესახებ დაგროვდა და მონაცემები ადამიანის სხეულის თითქმის ყველა სისტემის, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაზე მიუთითებს. ჩხეტიანი წყაროდ greatgameindia.com უთითებსს.
აღნიშნული პოსტი მანიპულაციურია, რადგან 1) ისრაელის სახალხო კომიტეტი ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი არ არის. ის დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ხოლო მათი ანგარიში არ შეიცავს რაიმე სამედიცინო რეკომენდაციას; 2) 2020 და 2021 წლების იანვარი-თებერვლის გარდაცვალების სტატისტიკის შედარება არარელევანტურია, იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს აღნიშნულ პერიოდში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
-
ისრაელის სახალხო კომიტეტი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც წერს, რომ ღია წყაროებს ეყრდნობა. ორგანიზაცია ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტებისგან არ შედგება.
ე.წ ისრაელის სახალხო კომიტეტის ანგარიში 2021 წლის მაისში გავრცელდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კონსპირაციული გვერდებისა თუ ჯგუფების ყურადღება მალევე მიიპყრო. ანგარიშის 6 გვერდიანი დოკუმენტი ონალინ სივრცეში ახლაც ხელმისაწვდომია. ანგარიშში საუბარია იმ მონაცემებზე, რაც ლადო ჩხეტიანის ფეისბუქ პოსტშია მოცემული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების წყაროები მითითებული არ არის. დოკუმენტის პირველივე აბზაცში მოცემულია ანგარიშის ავტორების მიმართვა, რომ ისრაელის სახალხო კომიტეტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ოფიციალურ პუბლიკაციებს და სოციალურ ქსელებში საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეყრდნობა. ანგარიშის თანახმადვე: “ანგარიში არ უნდა იქნას გამოყენებული სამედიცინო ან სხვა მიზნებისათვის და ის, რა თქმა უნდა, არ შეიცავს რაიმე სამედიცინო რეკომენდაციას.”
ამასთან, ისრაელის სახალხო კომიტეტის წევრები არა ისრაელის ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტები, არამედ სხვადასხვა პროფესიის მქონე მოქალაქეები არიან. მათივე ვებ-გვერდის თანახმად, ისრაელის სახალხო კომიტეტი არის ჯგუფი, რომელიც ისრაელის მოქალაქეების მიერ შეიქმნა და ჯგუფის მიზანია ხალხის წახალისება, რათა მათ ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და განაცხადონ სამოქალაქო უფლებების დარღვევების, არსებული კრიზისის შედეგად გამოწვეული ზიანის, დისკრიმინაციის, ეთიკის ნორმების დარღვევების, საეჭვო სამთავრობო და ინსტიტუციური დანაშაულის შესახებ. ჯგუფში ექიმები, ადვოკატები, კრიმინოლოგები, ეპიდემიოლოგები და აკადემიური მკვლევარებიც არიან.
Whois lookup-ის მონაცემებით, საიტი 2021 წლის 18 მარტს არის შექმნილი და მისი IP მისამართი აშშ-ში, ვირჯინიაშია.
ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ ოფიციალური მოხსენება ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოაქვეყნა. მაგალითად, 2021 წლის ივნისში, Reuters-მა დაწერა მსგავსი ანგარიშის შესახებ, რომელიც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემების თანახმად, ვაქცინის მიმღებთა შორის სავარაუდო გვერდითი მოვლენები მხოლოდ მცირე ჯგუფს დაუფიქსირდა და ვაქცინაციასა და ამ სამედიცინო მდგომარეობებს შორის კავშირი ჯერ დადასტურებული არ არის.
საუბარია, მიოკარდიტის შემთხვევების მცირე რაოდენობაზე ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებმაც Pfizer ვაქცინა მიიღეს. ვაქცინასა და მიოკარდიტის შემთხვევებს შორის კავშირის შესახებ კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ:
-
ისრაელის 2020 და 2021 წლების იანვარი-თებერვლის სიკვდილიანობის მაჩვენებლის ერთმანეთთან შედარება არარელევანტურია, რადგან კოვიდ19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 2020 წლის მარტში დაფიქსირდა
2020 და 2021 წლების გარდაცვალებათა სტატისტიკის პირველი 8 კვირის მონაცემების გაანალიზებამ აჩვენა, რომ 2020 წლის პირველ 8 კვირაში ისრაელში დაღუპულთა რაოდენობამ 8090 ადამიანი შეადგინა, 2021 წლის პირველ 8 კვირაში კი – 9549 ადამიანი, 2021 წლის მონაცემები გასული წლის მონაცემებს 1459-ით აღემატება, რაც გვაძლევს 18 %-იან ზრდას, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 და 2021 წლის იანვარი-თებერვლის გარდაცვალების მონაცემების ერთმანეთთან შედარება არარელევანტურია, რადგან COVID-19-ის პირველი შემთხვევა ისრაელში 2020 წლის 21 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი იმავე წლის 21 მარტს.
2021 წლის თებერვლის მდგომარეობით ისრაელის მოსახლეობის დაახლეობით 38% იყო აცრილი (მინიმუმ ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული), და იმავე პერიოდში COVID-19 თან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევების 97% არავაქცინირებული ადამიანები იყვნენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.