ვინ ხარჯავს “ფეიქების ქარხანაზე” ფულს, დასავლეთი თუ კრემლი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

259
VIEWS

17 მარტს რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადეს, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ყალბ ინფორმაციას ქმნის და ავრცელებს. სიუჟეტის მიხედვით, დასავლეთში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. “ფეიკების ქარხანა” ფუნქციონირებს, რომელშიც რუსეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის შესაქმენალად უკვე 2 მილიონამდე დოლარი დაიხარჯა. სიუჟეტში ამ მიზნით შექმნილი ვიდეოს ერთ-ერთ მაგალითად პარიზის დაბომბვის სიმულაციურ კადრებს აჩვენებენ, ხოლო ვიდეოს ბოლოს უკრაინის ცის დახურვის მოთხოვნა ჩანს. სიუჟეტში ნათქვამია ისიც, რომ თეთრი სახლი ამერიკელ ტიკ-ტოკერებს შეხვდა და მათ ინსტრუქცია მიაწოდა, რათა ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულონ. 

  • მტკიცება, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ “ფეიქების ქარხანას” ამუშავებს, დეზინფორმაციაულია, ხოლო ამ ბრალდების საილუსტრაციოდ რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ნაჩვენები ვიდეო – მანიპულაციური. რეალურად, ვიდეო საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა და რომელშიც ნატოს უკრაინის ცის დაკეტვისკენ მოუწოდებენ. 
  • თეთრი სახლი ამერიკელ ტიკ-ტოკერებს მას შემდეგ შეხვდა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსულენოვანი ტიკ-ტოკერები კრემლისტური ნარატივების გაჟღერებისთვის ანაზღაურებას იღებენ. თეთრმა სახლმა ტიკ-ტოკერებს ომის შესახებ საკუთარი პერსპექტივა წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. 

ვიდეო, რომელსაც სიუჟეტში რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი ყალბი სიახლეებისა და დასავლური პროპაგანდის მაგალითად იყენებენ, რეალურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 12 მარტს ტვიტერზე გამოაქვეყნა. ვიდეოს თან ახლავს ჰეშთეგი #ifwefallyoufall (თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით). ტვიტში უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ნატოს უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. ვიდეო არ ამტკიცებს, რომ ეიფელის კოშკის აფეთქება რეალური მოვლენაა, ის მხოლოდ ჰიპოთეტურ მომავალზე აკეთებს აქცენტს.

რუსეთის პირველი არხის მიხედვით,  თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ ბრიფინგზე ცნობილ ამერიკელ ტიკ-ტოკერებს უთხრეს, რომ მსოფლიოში მიმდინარე ყველა პრობლემაში რუსეთი უნდა დაედანაშაულებინათ. რეალურად, თეთრმა სახლმა 30-მდე ცნობილი ამერიკელი ტიკ-ტოკერისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც პრესმდივანი ჯენ ფსაკი იმ ტიკ-ტოკერებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს მისი დაწყების დღიდან აშუქებდნენ. 

CNN-ს ბრიფინგის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანი ესაუბრა. მისი განცხადებით, ტიკ-ტოკერებმა მიმდინარე ომის შესახებ მიმოხილვა და აშშ-ის პერსპექტივა მოისმინეს და საკუთარი და მათი გამომწერების შეკითხვები დასვეს.  მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ ტიპის შეხვედრა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის მთავრობამ ტიკ-ტოკერებისთვის კრემლისტური პროპაგანდის გაშუქებისთვის ანაზღაურების გაცემა დაიწყო. 

ხაზგასასმელია, რომ გამოცემა VICE-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსი ტიკ-ტოკერები ანაზღაურების სანაცვლოდ თავიანთ პლატფორმებზე კრემლისტურ ნარატივებს აჟღერებდენ. ამ ტიპის კამპანიის დაორგანიზება კი ტელეგრამის არხის საშუალებით ხდებოდა. არხში VICE-ის გამომძიებელი ჟურნალისტი ფარულად გაწევრიანდა. მისი ინფორმაციით, არხი 2021 წლის ბოლოს შეიქმნა და მასში გაწევრიანება იმ რუს ტიკ-ტოკერებს შეუძლიათ, რომლებიც კონკრეტულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მაგალითად, მიმდევრებისა და ნახვების განსაზღვრულ მინიმალურ რაოდენობას. არხის ანონიმური ადმინისტრატორი კი მათ აწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის ვიდეო რა დროს უნდა გამოექვეყნებინათ და სანაცვლოდ რამხელა ანაზღაურებას მიიღებდენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეგრამის ეს არხი 9 მარტს მას შემდეგ წაშალეს, რაც Vice News ადმინისტრატორს დაუკავშირდა. 

საინტერესოა, რომ რუსულენოვანი ტიკ-ტოკის ინფლუენსერების კოორდინირებული ქმედება თავდაპირველად უკრაინელმა ფოტოგრაფმა ქრისტინა მაგონოვამ შეამჩნია და ამის შესახებ ვიდეო საკუთარ ინსტაგრამ არხზე 2 მარტს გამოაქვეყნა

ვიდეოში ჩანს, რომ ათამდე ახალგაზრდა საკუთარი მაყურებლებისთვის იდენტურ ტექსტს იმერეობს, მათი მტკიცებით, უკრაინა დონბასში რუსულ ენაზე მოსაუბრე ადამიანების გენოციდს წლების განმავლობაში აწყობდა.  

რუსეთის პეტერბურგის ქარხანა და Whataboutism-ი

კონტრბრალდებების იგივე Whataboutism-ის ტექნიკას კრემლის პროპაგანდა ოპონენტების წინააღმდეგ წლებია იყენებს, რაც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებების წაყენებას ან აქცენტის სხვა საკითხზე გადატანას გულისხმობს.  აღნიშნული ტექნიკა არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით, კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს. 

Whataboutism-ის ტექნიკის გამოყენების მაგალითია დასავლეთის დადანაშაულება “ფეიქების ქარხნის” შექმნაში იმ დროს, როცა რუსეთში პეტერბურგის ტროლების ქარხნის არსებობა თავად რუსმა ჟურნალისტებმა ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად გამოიკვლიეს. პეტერბურგის ტროლების ქარხანას “პუტინის მზარეულად” წოდებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი მართავს, რომელიც  აშშ-ის საგანგებო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა რობერტ მიულერმა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის სახელი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია Wagner Group-ის სირიასა და აფრიკაში ჩატარებულ ოპერაციებსაც უკავშირდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროპა, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist