კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკა”, რომლის შესახებაც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, წინასაარჩევნო პერიოდშიც ყველაზე დიდ დროს იმ მედია საშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის გამოცემები კი მარეგულირებლის ობიექტივში სიმბოლურად ექცეოდნენ, ხოლო ანტიდასავლური და კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის პლატფორმები მის დღის წესრიგში საერთოდ არც ფიგურირებდნენ.
“მითების დეტეტქორმა” mediacritic.ge-ს ვებ-გვერდზე 2020 წლის 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნებული 90 სტატია გაანალიზა, საიდანაც 81 სტატია კონკრეტული მედია საშუალებების ან ოპოზიციური მედიის კრიტიკას ეთმობა. 81 სტატიიდან 76 შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი შემდეგი არხები არიან:
- “მთავარი არხი” (62 სტატია),
- “ტვ პირველი” (27 სტატია),
- ფორმულა (11 სტატია).
”რუსთავი 2”-ის მიმართ კრიტიკული 2 სტატიიდან ერთი ძირითადად 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს, სანამ ტელეკომპანიის შემადგენლობა და გენერალური დირექტორი შეიცვლებოდა და მას ამჟამინდელი “მთავარი არხის” მენეჯმენტი მართავდა.
მონიტორინგის პერიოდში “იმედი” მედიაკრიტიკის მასალებში 5-ჯერ არის ნახსენები, მათ შორის მხოლოდ ერთია უშუალოდ ტელეკომპანიის მასალის კრიტიკა, დანარჩენ სტატიებში კი “იმედი” სხვა ტელეკომპანიებთან ერთად არის მოხსენიებული, “იმედის” შესახებ გამოქვეყნებული 2 სტატია (1,2) “იმედისა” და “მთავარიარხის ” /სხვა კრიტიკული მედიის შეპირისპირებას ეძღვნება.
გარდა ამისა, 3 მასალა კონკრეტული მედიასაშუალების დასახელების გარეშე “კრიტიკულ მედიას” ეხება, ხოლო, 2 მასალაში, რომლებიც მედიის წარმომადგენლების მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფასა და “კომენტარებისთვის დევნას” შეეხება, კონკრეტული მედიები დასახელებული არ არის, თუმცა კადრები “ტვ პირველის” გადაცემებიდან არის გამოყენებული.
ერთადერთ ონლაინ მედია, რომელიც მედიაკრიტიკის კრიტიკის ობიექტი გახდა “რადიო თავისუფლებაა”.
წინა მონიტორინგის პერიოდთან შედარებით, რომელიც “მითების დეტექტორმა” 2019 წლის 5 ნოემბრიდან 2020 წლის 7 ივლისის პერიოდში განახორციელა, ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი მედიების კრიტიკის წილი გაზრდილია, ასევე, შემცირებული სახელისუფლებო მედიის, “იმედის” მიმართ კრიტიკული მასალები. წინა მონიტორინგის პერიოდში “იმედი” 10 შემთხვევაში იყო გაკრიტიკებული, რაც 2 -ჯერ მეტია ახლნდელ მონაცემებთან შედარებით.
კრიტიკის მიღმა
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პერიოდში არც ერთი მასალა არ გამოქვეყნებულა ტვ “ობიექტივის” შესახებ, რომელიც კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული მედია საშუალებაა და რომლის სარედაქციო პოლიტიკა ხშირად ამ პარტიის პოზიციის იდენტურია.
მაგალითად, მონიტორინგის პერიოდში ტვ “ობიექტივმა” გამოაქვეყნა კონსპირაციული ფილმი, სათაურით ,,უკრაინული თაღლითობა, იმპიჩმენტი, ბაიდენის ნაღდი ფული, მასობრივი მკვლელობა” (“The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder”).
ფილმი, რომელიც ერთდროულალ პატრიოტთა ალიანსის პარტიულმა და ამ პარტიასთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა tinp.ge-დღეს პოლიტიკაში გააზიარეს, უკრაინაში მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ კრემლის ცნობილ კონსპირაციას ავითარებს, რომლის შესახებაც EUvs Disinfo არაერთგზის წერდა.
“მითების დეტექტორის” მიერ გავრცელებული ვიდეოს გადამოწმების შემდეგ ფეისბუკზე ტვ “ობიექტივის” მასალა ყალბად არის მონიშნული.
მედიაკრიტიკის “ობიექტივში” არც სხვა ანტიდასავლური და ქსენოფობიური მედია ექცევა, მაგალითად, გაზეთი “ასავალ-დასავალი”, რომლის ერთ-ერთი ავტორი ამავდროულად ულტრანაციონალისტური პოლიტიკური გაერთიანება “ქართული მარშის” სახელით 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობდა და რომელიც როგორც ქვემოთ მოცემულ მაგალითში ჩანს, უფლებრივ საკითხებს და შესაბამისს კანონმდებლობას ხშირად დასავლეთის მიერ თავსმოხვეულად და ჰომოსექსუალობის “ლეგიტიმაციად” განიხილავს.
ასავალ-დასავალი, 3-9 აგვისტო
გიორგი გიგაური, ქართული მარში საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი: „ჰოდა, სწორედ ამათი [დასავლეთის] დირექტივებითა და ხელმძღვანელობით მიაღებინეს საქართველოს პარლამენტს ეს ბავშვთა კოდექსი, რომელიც იმ ავადსახსენებელი ანტიდისკრიმინაციული კანონის ლოგიკური გაგრძელებაა, ქართულ კანონმდებლობაში „სექსუალური უმცირესობა“ რომ დააკანონა!
დიახ, ეს ბავშვთა კოდექსი იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონია, მთელი ერისა და ბერის პროტესტის მიუხედავად, მაინც მოგვახვიეს თავზე ამ სოროსის მონებმა!
ბავშვთა კოდექსში ჩადებული ტერმინი „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“ იგივეა, რაც „სექსუალური უმცირეობა“ და „გენდერული იდენტობა“ – ანტიდისკრიმინაციულ კანონში!“
არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა ცხადყოფს, რომ როგორც ტვ “ობიექტივი”, ასევე გაზეთი “ასავალ-დასავალი” თურქოფობიის, ჰომოფობიის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობენ ხელს.
კრიტიკა ანტიდასავლური დისკურსის კრიტიკის გამო
მედიაკრიტიკა თავის პლატფორმას ასევე უთმობს სახელისუფლებო ექსპერტებს, რომლებიც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებზე მედიის განვითარების ფონდის კვლევას მაკარტიზმს ადარებენ:
ზაალ ანჯაფარიძე:” ერთი მხრივ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და დასავლეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, MDF-ის მიერ მედიაში ანტიდასავლური ნარატივების კრიტიკა თითქოს კარგად ერგება იმ კონიუნქტურას, რასაც რუსული დეზინფორმაციისა და „რბილი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. მაგრამ რეალური საფრთხე ზოგჯერ, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტებისა თუ მთელი სოციალური ჯგუფების დისკრედიტაციისა და დელეგიტიმაციისთვის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მათი განდევნის მიზნით. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, MDF-ის ძალისხმევა სულ უფრო მეტად ემსგავსება 1950-იანი წლების აშშ-ში განვითარებულსა და დღეს „მაკარტიზმის“ სახელით ცნობილ მოვლენებს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან მომდინარე ხიფათთან ბრძოლის პროცესში თავად გადაიქცა საფრთხედ დემოკრატიული საზოგადოებისთვის”.
დაფინანსებული კრიტიკა
წინა მონიტორინგის მსგავსად, მედიაკრიტიკის პოსტები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ არხებს ეხება, ხშირად დასპონსორებულია. დასპონსორებული 18 პოსტიდან ყველა მათგანი “მთავარი არხის” “ტვ პირველის” ან “ფორმულას” კრიტიკა ეხება. აქედან ერთი მასალა “ლარის გამყარების რეცეპტი” დარეკლამებული იყო ორჯერ. 17-დან 14 სტატიაში გაკრიტიკებულია მთავარი არხი, 5-ში TV-პირველი, 1-ში ფორმულა და 1-ში იმედი მთავარ არხთან ერთად.
ფეისბუკის მონაცემებით, 5 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე მედიაკრიტიკას ფეისუკში $507 დოლარი აქვს დახარჯული.