26 მაისს ფეისბუქ გვერდმა “iNews • აინიუსი” გამოაქვეყნა ჯორჯ სოროსის ფოტო შარჟი, რომელსაც თან დაურთო ონლაინ ტელევიზიის PKTV-ს ვიდეო, სადაც ერთ-ერთი რესპონდენტი სოროსის და მისგან მომავალი საფრთხეების შესახებ საუბრობს. “მთავარია ბრალი დასდოთ, რომც გამართლდნენ, არაფერია, რადგან ვინც თავს იმართლებს, უკვე ნახევრად დამნაშავეა” – ამ ციტატას iNews ჯორჯ სოროსის “თავისუფლების ინსტიტუტისა” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მიმართვას მიაწერს. პოსტის ბოლოს სრულად უკონტექსტოდ და ხელოვნურად სოროსის თემას ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის საკითხი ებმის, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს. iNews-ის ინტერპრეტაციით, მსოფლიო მედია ბასილაშვილს “მოძალადედ” წარმოაჩენს.
ნაწყვეტი სოროსზე მიძღვნილი გადაცემიდან, რომელსაც iNews ავრცელებს, ტელეკომპანია ტელეკომპანია PKTV-ს ეთერში 2017 წელს გავიდა. გადაცემაში ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, რომელიც ამ ტელეკომპანიის დამფუძნებელია, კითხულობს ასევე თავისი რედაქტორობით გამოცემული ჟურნალი “პრეს-პრემიერის” 2004 წლის სტატიას, რომელშიც მისი მტკიცებით, თავისუფლების ინსტიტუტისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი სოროსის მიმართვაა დაბეჭდილი. დოკუმენტის პირველწყარო, რომელიც ქეთი სესიაშვილის თქმით, სხვადასხვა პუნქტებისგან შედგება, არსად იძებნება და მისი გადამოწმება გაზეთ “პრეს-პრემიერის” ქართულ ვერსიაზე დაყრდნობით შეუძლებელია. სესიაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი პრეს-პრემიერის რედაქციაში ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიტანა. გაურკვეველია, რომელ ენაზეა დაწერილი დოკუმენტი, რომელიც ანანომურმა წყარომ რედაქციას მიაწოდა. სწორედ ამ ერთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ქეთი სესიაშვილმა ბიზნესმენი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსის “მიმართვა” ჯერ თავისივე ჟურნალში, ხოლო შემდეგ წაიკითხა ტელეეთერით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც iNews ქეთევან სესიაშვილის გადაცემიდან ამ კონკრეტულ კონსპირაციულ ვიდეოს აქვეყნებს. ფეისბუქ გვერდმა აღნიშნული ვიდეო სათაურით “ჯორჯ სოროსის მიმართვა თავისუფლების ინსტიტუტის და მისი მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობისადმი” 2018 წლის 5 მაისს გამოაქვეყნა და ეს პოსტი 2020 წლის 11 მაისსაც გააზიარა.
წყაროს შესახებ
Facebook გვერდი iNews – აინიუსი 2015 წლის 26 ოქტომბერს შეიქმნა. გვერდს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ინფორმაცია მითითებული არ აქვს, თუმცა 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მისი “დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი” ლაშა ლოლაძეა. 2018 წელს CRRC საქართველომ აინიუსი 65 Facebook გვერდის სიაში შეიყვანა, რომელიც დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს. ამასთან, აინიუსი პერიოდულად აქვეყნებს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ, პრორუსულ, რასისტულ და ჰომოფობიურ პოსტებს.
2019 წელს პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების შედეგად განვითარებულ მოვლენებზე iNews შუღლის გამაღვივებელ გზავნილებს ავრცელებდა. iNews-ს გამოქვეყნებული ჰქონდა ვიდეო და პოსტის აღწერაში უთითებდა, რომ პანკისელები “ალაჰ აკბარს” გაიძახოდნენ. სხვა პოსტების ქვეშ კი ვხდებოდით ტროლების კომენტარებს, რომ ქისტებს “სხვა ღმერთი” ჰყავთ, რაც მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებასა და საქართველოს მოქალაქე ქისტების დისტანცირებასა და გაუცხოებას ისახავდა მიზნად. ამ თემასთან დაკავშირებით ანგარიში “მითების დეტექტორმა” 2019 წლის 25 აპრილს გამოაქვეყნა და 15 სახელისუფლებო ტროლი გამოავლინა.