4 მაისს ფეისბუქ პროფილმა “ტერენტი გლდანელი”, ფეისბუქ გვერდმა “კონსერვატიული ფლანგი” და პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გია ყრუაშვილმა გაავრცელეს ხანდაზმული მამაკაცის ფოტო, რომელსაც ხელში ტრანსპარანტი უჭირავს წარწერით “ქართველი სტუდენტები ვითხოვთ მიშას განთავისუფლებას!” ფოტო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზეა გადაღებული.
გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და მასზე განსხვავებული წარწერაა დატანილი. რეალურად ტრანსპარანტზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოსთან ერთად დატანილი იყო წარწერა “სიცოცხლისთვის”.
4 მაისს საქართველოს ორბელიანების სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ. მხარდამჭერი აქციის სახელწოდება იყო “სიცოცხლისთვის” და ტრანსპარანტების ნაწილზეც სწორედ ეს წარწერა იყო გაკეთებული. მამაკაცის ავთენტურ ფოტოს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. აქციის მონაწილეს ტრანსპარანტი ამობრუნებულად უჭირავს, მის მეორე გვერდზე კი ვკითხულობთ წარწერას “სალომე სამგლე!”
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.